Thursday, August 8, 2013

ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე


წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

უმეცრება
ძნელი არაა, ასწავლო ცხოველს, ძნელი არაა, ასწავლო უბრალო ადამიანს, მაგრამ რა ძნელია, ასწავლო უვიცს, რომელიც უკვე მასწავლებელი გახდა!

სისუსტე
დანაშაული ყოველთვის სისუსტეა. დამნაშავე მხდალია და არა გმირი; ამიტომ მას, ვინც გაწყენინებს, უყურე ისე, როგორც შენზე სუსტს; როგორც პატარა ბავშვს სამაგიეროს არ გადაუხდი, ასევე ნურავის მიაგებ სანაცვლოს; რამეთე იგი ბოროტებისგან კი არა, სისუსტისაგან იბადება. ასე შეინარჩუნებ ძალას და მიემსგავსები წყნარ ზღვას, რომელიც არასოდეს გადმოვა ნაპირებიდან, რათა დაახრჩოს უგუნური, რომელიც მას ქვებს ესვრის.

პატივმოყვარეობა

რამდენადაც ჭკვიანად წარმოაჩენ საკუთარ თავს ადამიანების წინაშე, იმდენად უგუნური ხდები საკუთარი თავის წინაშე. რაც მეტად ამაყობ შენი მოჩვენებითი ღირსებებით სხვების წინაშე, მით მეტად ჩანს შენი უმწეობა და ნაკლოვანება.
ერთი ჯარისკაცი უამბობდა მეგობარს, რომ ყოველთვის, როცა იგი თავის ქებით აღწერდა თავის საბრძოლო გამარჯვებებს და საკუთარ გმირობებს, მის წარმიდგენაში მეყსეულად ცოცხლდებოდა ყველა მისი დამარცხების სურათი და სიმხდალის გამოვლინების ყველა შემთხვევა.

ბუნების სიმშვენიერე
სამყაროს მთელი მშვენიერება უზენაესი საიდუმლოებიდან ამოდის. ამის გარეშე ბუნება წამითაც ვერ შეინარჩუნებდა იმ მშვიდ, უბიწო მშვენიერებას, რომელსაც იგი ასხივებს.
ქმნილი ბუნება ღრუბელია, რომელიც ფარავს ღვთაებრივი ცეცხლის დამაბრმავებელ ბრწყინვალებას. ამ ღრუბლის გამჭვირვალეობა ანდა შეუღწევადობა ჩვენს სულიერ ხედვაზეა დამოკიდებული; ნატიფი და მაღალი სულისათვის იგი დახვეწილი და გამჭვირვალეა, უხეშისათვის კი - ბნელი და შეუღწევადი.

უმწეობა
ზოგჯერ ადამიანი თავის უძლურებას ფარავს მათგან, ვისაც იგი უყვარს, რათა მათ არ ითაკილონ. ფარავს მათგანაც, ვინც მას აქებს, რათა მათ არ აძაგონ იგი.
იგი ორგზის ცდება: ჯერ ერთი, არ ესმის, რომ, თუკი თვითონ გაამხელს საკუთარ სისუსტეებს, მათ ნაკლებად არ ეყვარებათ და ნაკლებად არ შეაქებენ. როდესაც სხვა ადამიანები მის სისუსტეებს აღმოაჩენენ, მაშინ აუცილებლად ითაკილებენ და აძაგებენ მას. მეორეც, მას ავიწყდება, რომ არსებობს თვალი, რომელმაც მის შესახებ ყველაფერი იცის და ყველაფერს ხედავს.
ამიტომ უკეთესია, ნაკლოვანებები მანამდე გავამხილოთ, სანამ ისინი ჩვენზე სრულ ძალაუფლებას მოიპოვებენ და სხვებისთვისაც შესამჩნევნი ხდებიან. რამეთუ ახალგაზრდობაში ძაგების გადატანა უფრო ადვილია, ვიდრე სიბერეში.

თანასწორობა
ღმერთი სიყვარულია, მაგრამ ეს თანასწორობას როდი ნიშნავს; თანასწორობა განდევნიდა სამართლიანობასაც, სიყვარულსაც და ზნეობასაც.
არის თუ არა ცოლქმრული სიყვარული თანასწორი?
არის თუ არა დედაშვილური სიყვარული თანასწორი?
განა მეგობრების სიყვარული თანასწორია?
ღვთისა და ადამიანის სიყვარულის თანასწორობის არარსებობა სამართლიანობის საფუძველია და სიყვარულის გამაღვივებელი.
სანამ სიყვარული არსებობს, თანასწორობაზე არავინ ფიქრობს.
სანამ სამართლიანობა მეფობს, თანასწორობა არავის ახსოვს.
როდესაც სიყვარული ქრება, ადამიანები საუბრობენ სამართლიანობაზე და თანასწორობას გულისხმობენ.
როდესაც სიყვარულთან ერთად თანასწორობაც ქრება, იწყებენ თანასწორობაზე საუბარს და უზნეობას გულისხმობენ, ანუ განდევნილ ზნეობას ბიწიერებას უნაცვლებენ.
სიყვარულის საფლავზე სამართლიანობა ამოიზრდება, სამართლიანობის საფლავზე კი - თანასწორობა.

ნუ ენდობი ბედნიერებას
თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას.
თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.
როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა, ღირსეულად გადაიტანო ძაგება.
და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს.


No comments:

Post a Comment