Thursday, March 13, 2014

ადამიანის ბუნება...

— პიანინოების ამწყობი ვარ. დაკვრა არ ვიცი, სმენა კი, იცოცხლე, სამი კაცისა მაქვს. სხვათა შორის, ძალიან დაუფასებელი პროფესიაა; გულმოდგინედ უკრავენ ტაშს შემსრულებელს და იმას კი არავინ გაიფიქრებს, ნეტავ ვინ მადლიანმა ააწყო ეს ინსტრუმენტიო. ეჰ, მე კი არა, ხანდახან კომპოზიტორიც კი არ ახსოვთ, იმის
ნაწარმოების შემსრულებელს კი მიხაკებს ესვრიან. ასეა, ვისაც თვალნათლივ ხედავენ, იმას აფასებენ, წინაპირობა კი — ესე იგი, კომპოზიტორი და სუულ ცოტათი მე — არავის ახსოვს... ეეჰ, არც ღირს სალაპარაკოდ. ახლა, თუ გინდა, პირდაპირობის პრობლემაც გადავსიჯნოთ, — შეცვალა თემა გრიშამ, — ზოგიერთი არაა პირდაირი, ესე იგი უშუალო, და სახეს განგებ ჭმუხნის — ვითომ მაგარია.
სხვათა შორის, ხშირად უმართლებთ კიდეც, ესაა გასაოცარი. აი, ვთქვათ, არსებობს ორი ადამიანი — ბე და ცე.
— ა და ბე რომ გეთქვა, ხომ არ აჯობებდა? — შეეკითხა დათა, ისიც კი ხანდახან უძალიანდებოდა გრიშას.
— ნუ მასწავლი, თუ შეიძლებოდეს, — აიმრიზა გრიშა, — ა ამ შემთხვევაში დამკვირვებელია, ესე იგი, მე.
— აა, — თქვა დათამ.
— ხოდა, იმას ვამბობდი, ძალიან ცუდი კანონი აღმოვაჩინე. თუ არსებობს ორი ადამიანი ერთნაირი ცოდნითა და განათლებით, მაგრამ, დავუშვათ, რომ ბე უჟმურია და ცე კი გულღია და ალალი, იცი, ვის აფასებენ უფრო მეტად?
— ვის?
— ბე-ს.
— რატომ?
— რატომ და ხალხს ასე ჰგონია, თუ ადამიანი სიტყვას დაგამადლის და ამპარტავნად მოგექცევა, მაგარიაო. ექიმია ერთი, მაგალითად; იმდენი არაფერი, მაგრამ ისე აქვს გართულებული ავადმყოფების მიღება და ისე ცივად ექცევა... რა ქვიათ?.. პაციენტები! ისე ცივად ექცევა პაციენტებს, რომ მთელი ქალაქი მიაწყდა — მაგარიაო... ეს ხომ ცუდია, დათა?
— ნამდვილად ცუდია.
— პირდაპირობის პრობლემა, არ დაგავიწყდეს, ერთ-ერთი ძნელთაგანია.
თუ გინდა, უფრო დაწვრილებით გადავსინჯოთ. მეშვიდე კლასში ვიყავი და ერთი ეპიზოდი შემემთხვა, დღესავით მახსოვს; ახლა ხომ ზღვაზე ვარ, ვისვენებ, ვცურაობ, აქეთ-იქით დავდივარ, ერთი, მეორე, თან რამდენი წელი გავიდა, — იო მოდო, იო მოდო ლა კაზა, — მაგრამ მაინც მახსოვს. მოგიყვები დალაგებულად: მეშვიდე კლასში რომ ვიყავი, ანატომიის მასწავლებელი მემტერებოდა, ამომიჩემა რაღაც. რომ მოვიდა გამოცდა, გამომიძახა და ბილეთზე, ჰა, ჰა, გაჭირვებულ სამიანზე ვუპასუხე. სხვას კი დაუწერდა ნიშანს, მაგრამ ჩემზე გადაკიდებული იყო და მითხრა: მაშინ, აბა, კეჟერაძე, ერთ დამატებით კითხვას მოგცემო. რა უნდა მექნა, მივაჩერდი სახეში... გადმოიღო თაროდან ერთი სქელი წიგნი, გადაშალა შუაზე და მითხრა: აბა, კარგად დააკვირდი და მითხარი, ქალია თუ კაციო, მოსაფიქრებლად ორ წუთს გაძლევო — და წარწერას ხელი დააფარა.
ვუყურებ სურათს — ვიღაცაა დახატული, წვერები აქვს გულამდე, თავი აქვს მოტიტვლებული, სათვალეშია. დავფიქრდი... ვფიქრობ ახლა, კაცი რომ იყოს, ამას რა გამოცნობა უნდა და თანაც ჩაჯინებულია ჩემზე მასწავლებელი და ასეთ ადვილ კითხვას არ დამისვამდა და... ქალია-მეთქი. რა გაეხარდა! — შე სულელოო, მითხრა, სად გაგიგია ქალი და ამხელა წვერ-ულვაშიო — და კალმისტარს წაატანა ხელი. აბა, ესაა — პირდაპირობა რომ გამომეჩინა, ხომ ავცდებოდი მაშინ საშემოდგომოს? ახლა კი მეცინება ამ ამბავზე, მაგრამ საფუძველი მაინც ჭკუის სასწავლებელია — პირდაპირი უნდა იყო. არაა ასე, დათა?
— როგორ არაა, — დაეთანხმა დათა.

"იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი"

Monday, January 13, 2014

https://www.youtube.com/watch?v=gT8m3C6asw0&feature=youtube_gdata_player