Sunday, January 7, 2018

ტიმ ო'ბრაიენი "რასაც თან დაათრევდნენ"


ქვეითებს სხაგვარად „მაწანწალებსაც“ ეძახდნენ.
თან რაღაცის თრევა მუდამ საკუთარი ზურგით უხდებოდათ, როგორც მაგალითად, ლეიტენანტ ჯიმი ქროსს - მართასადმი თავისი სიყვარული რომ ქცეოდა სათრევად უღრანსა თუ ჭაობში. პირდაპირი მნიშვნელობით, რამის თრევა ტვირთით გადაადგილებას ნიშნავს, ოღონდ თავად ტვირთის სიმძიმე მის წონას არ გულისხმობს.
ლეიტენანტი ქროსი გვირაბს მისჩერებოდა, მაგრამ თითქოს იქ არც იყო: თვითონ და მართა თეთრ ქვიშაში ჩამარხულიყვნენ ჯერსის სანაპოროზე. ერთმანეთს მიჰკვროდნენ სხეულებით. კენჭი გოგოს ენად ეჩვენებოდა. ეღიმებოდა. ბუნდოვნად შეიგრძნობდა დილის სიმშვიდეს, ბრინჯის გაყუჩებულ მინდვრებს და ვერაფრით ეიძულებინა თავი, რამით მაინც შეშფოთებულიყო. ეს მის ძალას აღემატებოდა. ერთი უბრალო, შეყვარებული ბიჭი გახლდათ, მისდა უნებურად ომში მოხვედრილი. რა ექნა, მხოლოდ ოცდაოთხი წელი ეცხოვრა ამქვეყნად.
ზოგ-ზოგი რამის თრევა მაინც ერთობლივად უწევდათ: რიგ-რიგობით ეზიდებოდნენ PRC-77 ტიპის  გადამცემს, რომელიც აკუმლატორთან ერთად 30 გირვანქას იწონიდა.  საერთო გახლდათ მხოლოდ მათი მოგონების ტვირთი. ზოგი იმას ეზიდებოდა, რის თრევის თავი სხვებს აღარ ჰქონდათ. ზოგჯერ კი ერთმანეთსაც დაათრევდნენ - დაჭრილებსა თუ არაქათგამოცლილებს. თან დაატარებდნენ სხვადასხვა ინფექციასაც...
რცხვენოდა საკუთარი თავის, ეზიზღებოდა კიდეც. იმიტომ, რომ თავის ხელქვეითზე მეტად მართა უყვარდა, ამის შედეგად კი ერთი ჯარისკაცი დაკარგა და ახლა ამ მძიმე ტვირთი თრევაც მოუწევდა მთელი დარჩენილი ომის მანძილზე.... სანგარში მიიყუჟა და ატირდა. დიდხანს ტიროდა. ნაწილობრივ, ტედ ლავენდერს გლოვობდა, მაგრამ ეს მაინც უფრო მართასა და საკთარი თავის გამო დაღვრილი ცრემლი გახლდათ, რადგან მართა სხვა სამყაროს ეკუთვნოდა - იმას, მთლად ნამდვილსაც რომ ვერ დაარქმევდი...
კაიოვა ცდილობდა, ტედ ლავენდერზე მაინც არ ეფიქრა, მაგრამ ისევ გაახსენდა, რა სწრაფად მოხდა ყველაფერი, უმტკივნეულოდ - დაეცა და სულიც განუტევა. არადა, გაოცების გარდა, ამის შემხვედარეს სხვა რა გინდოდა გეგრძნო? ეს ყველაფერი რაღაც არაქრისტიანულად ეჩვენებოდა, უნდოდა, თვითონაც ძალიან დასწყვეტოდა გული ან გაბრაზებულიყო მაინც, მაგრამ ის უხაროდა - ცოცხალი გადავრჩიო. ლოყა ახალ აღთქმაზე ედო და წიგნის ყდის სუნი სიამოვნებდა - ხელოვნური ტყავის, ქაღალდის, საღებავებისა და წებოსი. ღამეული ხმების მოსმენაც სიამოვნებდა. ეგ კი არა, სამხედრო სამოსიც თითქოს საამოდ ეხებოდა ტანზე. არც გახევებული კუნთები აწუხებდა, პირიქით, ახარებდა საკუთარი სხეულის შეგრძნება. უხაროდა, მეც არ მოვკვდიო. იწვა და ფიქრობდა - რა კარგია, ლეიტენანტ ჯიმი ქროსს ასეთი გული რომ აქვსო. თვითონაც უნდოდა, ასე შესძლებოდა სხვისი ტკივილის გაზიარება, თვითონაც ჯიმი ქროსავით მზრუნველი ყოფილიყო. არადა, თვალები დახუჭა თუ არა, ისევ ის თხლაშ და მორჩა გაახსენდა, შეგრძნებით კი ვერაფერს გრძნობდა საკუთარი შიშველი, მოსვენებული ტერფების გარდა. ირგვლივ ნისლი სქელდებოდა, მიწა ისევ ნოტიო იყო, წიგნის სუნი საამოდ უღიტინებდა ნესტოებში და ღამეც სიმშვიდეს ჰპირდებოდა.
როგორც წესი, მოთმინებასაც ინარჩუნებდნენ და ღირსებასაც, თუმცა ზოგჯერ შიშიც იპყრობდათ და მაშინ ყვიროდნენ კიდეც, ანდა ყვირილი უნდოდათ და ვერ კი ახერხებდნენ; ცახცახებდნენ, გმინავდნენ, თავს ხელებში რგავდნენ, ღმერთს უხმობდნენ, მიწაზე გორაობდნენ, უაზროდ და ალალბედზე ისროდნენ თავ-თავიანთი იარაღიდან. ჭკუიდან გადადიოდნენ, ქვითინებდნენ, იხვეწებოდნენ - ოღონდ ეს ჯოჯოხეთი მომთავრდესო და თავისდა უნებურად, რას აღარ ჰპირდებოდნენ უფალსა თუ საკუთარ თავს, თავიანთ დედებსა და მამებს, ოღონდ კი უვნებლები გადარჩენილიყვნენ. ამგვარი რამისგან არც არავინ იყო დაზღვეული. მერე, როცა სროლა შეწყდებოდა, თვალებს ააფახულებდნენ და ნელ-ნელა წამოიმართებოდნენ ხოლმე; თავს აიძულებდნენ, ფეხზე წამომდგარიყვნენ, ფრთხილად ისიჯავდნენ სხეულს - ძალიან რცხვენოდათ კია, ოღონდ ამ სირცხვილს მალევე ერეოდნენ, სამყაროც შენელებული კადრივით ნელ-ნელა იბრუნებდა უწინდელ სახესა და აზრს. ჯერ სრული დუმილი, მერე ქარიც დაუბერავდა, მზეც გამოაშუქებდა და ადამიანის ხმაც მოსწვდებოდა სმენას, ეს უკვე გადარჩენის ტვირთი გახლდათ.
მოკლედ, სიკვდილის ყველას კი ეშინოდა, მაგრამ ამ შიშიშ გამოვლენის - კიდევ უფრო მეტად.
სახუმაროსაც ყველაფერში პოულობდნენ
ცდილობდნენ, უხამსი სიტყვით შეენიღბათ უმწეობის განცდა. იტყოდნენ ხოლმე: ყალიონი მიაყუდა, ან - ფეხები გაფშიკა, ანდა სულაც - ხვანჯარჩახსნილი დაენძრაო და ეს სულაც არ გახლდათ უგულობის გამოხატულება - უბრალოდ, ერთმანეთს აწონებდნენ თავს. თამაშობდნენ, მსახიობობდნენ. როცა ვინმე კვდებოდა, ამასაც თავისთავად ნაგულისხმევად მიიჩნევდნენ, თითქოს სცენარის ნაწილად და რაკი საკუთარი როლი ყველას ზედმიწევნით დაესწავლა, ირონიისა და ტრაგიზმის თანაარსებობსაც ბუნებრივი ჩანდა. სიკვდილის დასაკნინებლად თუ ყოველდღიურაობიდან ამოსაშანთად თავისი სახელითაც კი არ იხსენიებდნენ. შეეძლოთ გვამისთვის ფეხიც წაეკრათ ანდა ცერა თითი მოეკვეთათ. მეტწილად, სულ ჯარისკაცული ჟარგონით ლაპარაკობდნენ - თუნდაც მაშინ, როცა ტედ ლავენდერის დამამშვიდებლების გამოულეველ მარაგს ახსენედბნენ და გაიძახოდნენ, წამლებით გაბრუებულმა, ალბათ საერთოდ ვერც ვერაფერი იგრძნო იმ საცოდავმაო.
 
აი, ასე დაატარებდნენ იმ ხალხის ტვირთს, ვისაც ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი ჩასაფრებია. დარდი, შიში, სიყვარული, სევდა - ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა, თუმცა, გამოუთქმელადაც მძიმედ აწვათ მხრებზე და სულზეც. ვერც სამარცხვინო მოგონებებს მოიშორებდნენ ასე იოლად - თავიანთსავე ძნელად მოსარევ სიმხდალეზე. გაქცევის, დამალვის, გაუჩინარების მოთხოვნილაბაზე და, ბევრი თვალსაზრისით, ეს უმძიმესი ტვირთი გახლდათ, რაკი ვერსად მიაგდები, ვერც შეიმსუბუქებდი და ისევ და ისევ მორჩილად უნდა გეთრია თან. ოღონდ ისე, რომ არც სახელი გაგფუჭებოდა. ისინი მუდმივად დაატარებდნენ ჯარისკაცის უდიდეს შიშს, რასაც სახელად შერცხვენის შიში ერქვა. მოკლული თუ დაღუპული ერთი იყო, ოღონდ შიში არ უნდა მოგრეოდა. ომშიც იმიტომ მოხვდნენ, შრცხვენა რომ აერიდებინათ თავიდან, თორემ არც დიდებაზე და არც პატივზე უოცნებია ვინმეს. თავსაც იმიტომ იმეტებდნენ სასიკკვდილოდ, მერე სირცხვილის მსხვერპლად რომ არ ქცეულიყვნენ. მზად იყვნენ, გვირაბშიც შემძვრალიყვანენ და ტყვიისთვისაც მიეშვირათ მკერდი. ყოველ დილით დგებოდნენ და მოულოდნელობის შესახვედრად მიაბიჯებდნენ, ისევ და ისევ სიტყვაუთქმელად, თავ-თავიანთი ტვირთით. აზრადაც არ მოსდიოდათ, რამე სხვა გზა აერჩიათ, ანუ უბრალოდ თვალი დაეხუჭათ და მიწას გართხმოდნენ. ისე, ამაზე ადვილი რა იქნებოდა - ფეხი აგეთრია, წაბორძიკებულიყავი, დაცემულიყავი, ერთიანად მოშვებულიყავი, კრინტიც აღარ დაგეძრა, არც კი დაგეკვესა, ვიდრე შენიანები არ წამოგყვებოდნენ და შვეულმფრენში არ დაგაბინავებდნენ, რომელიც ღმუილ=ღმუილით მოსწყდებოდა მიწას, სიმაღლეს აკრეფდა და იქაურობას გაგარიდებდა. ამ ყველაფერს, ანუ უკეთეს სამყაროშ დაბრუნებას, სულ ერთი წაქცევა სჭირდებოდა, მაგრამ არავინ არ ეცემოდა. არა იმიტომ,  ვაჟკაცობა რომ არ აძლევდათ ამის უფლებას, რამე განსაკუთრებული სიმამაცე, არა - უბრალოდ, ლაჩრობის გამოჩენის შიში აკავებდათ.
ამ ყველაფერს საკთარ თავში დაატარებდნენ, გარეგნულად კი უშფოთველები ჩანდნენ. უაზრო დავალებებს აქილიკებდნენ, მწარე-მწარე სიტყვებით იხსენიებდნენ იმათაც, ვისაც გამოსავალი საკუთარი სხეულის ამა თუ იმ ნაწილის დაზიანებაში პოულობდა. ამნაირებს სირიკოებს ეძახდნენ. ხან კიდევ - უტრაკო მეტრაკეებსაც. ბრაზით, ამრეზით ლაპარაკობდნენ, არც შური ეტყობოდათ ასეთების მიმართ და თითქოს, არც ესმოდათ მათი, მაგრამ გულის სიღრმეში ცდუნების ჭიაც უღიტინებდათ.
ტიმ ო'ბრაიენი ვიეტნამის ომში

და კიდევ - თავისუფლების ჩიტებიც ეზმანებოდათ.
ღამღამობით, საგუშაგდ მდგომები და უკუნ სიბნელეს  მიშტერებულები, წარმოიდგენდენ ხოლმე, როგორ მიფრინავდნენ სატრანსპორტო თვითმფრინავით, თითქოს გრძნობდნენ კიდეც, როგორ სწყდებოდნენ მიწას და აბა, წავედით! - სცემდნე ყიჟინას. ოღონდ ეს მთლად თვითმფრინაი კი არ იყო, არამედ ნამდილი ჩიტი- ვეება, ფრთამალი, ვერცხლისფერი ჩიტი, შებუმბული და ბრჭყალბასრი, გამაყრუებლად რომ ყიოდა ცაში. უკვე მიფრინავდნენ - წონაც დაეკარგათ, აღარც ტვირთი ჰქონდათ სათრევი, იცინოდნენ და მედგრად ეჭირად თავი. შიშვლები იყვნენ, უწონონი და თავისუფლები, ყურები უშხუოდათ, უკვე ღრუბლებს ზემოთ ასულებს ფილტვები დასკდომაზე ჰქონდათ, ომიც სადღაც შორს, ქვევით დარჩენლიყო ...

ამიერიდან, როცა მართაზე იფიქრებდა, ყოველდღიურ ზმანებასაც მოერეოდა და იმასაც შეახსენებდა თავს, ის სულ სხვა სამყაროში არსებობსო.. აქედან მაუნთ-სებასტიანი წარმოუდგელად შორს იყო - აქ არც პოეზიისთვის ეცალა ვინმეს და არც შუალედური გამოცდებისთვის. აქ ხალხი იხოცებოდა ვიღაცის სიბეცისა თუ სიბრიყვის გამო. კაიოვა მართალს ამბობდა, ერთი თხლაშ, დაეცემი და მკვდარი ხარ- მოთავებულია შნეი საქმე!
წამით მართას რუხი თვალები გაკრთა წვიმაში. თითქოს მისკენ იმზირებოდა.
ყველაფერს მიხვდა.

საწყენიაო, გაიფიქრა. ყველაზე მძიმე ის ტვირთია, საკუთარ არსებაში რომ დავატარებთ. ჩადენილსა თუ ვერჩადენილზე დარდი. კინაღამ უხმოდ დაუქნია მართას თავი შორიდან, მაგრამ გადაიფიქრა...

ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ
გამომცემლობა "დიოგენე", 2017