Sunday, January 7, 2018

ტიმ ო'ბრაიენი "რასაც თან დაათრევდნენ"


ქვეითებს სხაგვარად „მაწანწალებსაც“ ეძახდნენ.
თან რაღაცის თრევა მუდამ საკუთარი ზურგით უხდებოდათ, როგორც მაგალითად, ლეიტენანტ ჯიმი ქროსს - მართასადმი თავისი სიყვარული რომ ქცეოდა სათრევად უღრანსა თუ ჭაობში. პირდაპირი მნიშვნელობით, რამის თრევა ტვირთით გადაადგილებას ნიშნავს, ოღონდ თავად ტვირთის სიმძიმე მის წონას არ გულისხმობს.
ლეიტენანტი ქროსი გვირაბს მისჩერებოდა, მაგრამ თითქოს იქ არც იყო: თვითონ და მართა თეთრ ქვიშაში ჩამარხულიყვნენ ჯერსის სანაპოროზე. ერთმანეთს მიჰკვროდნენ სხეულებით. კენჭი გოგოს ენად ეჩვენებოდა. ეღიმებოდა. ბუნდოვნად შეიგრძნობდა დილის სიმშვიდეს, ბრინჯის გაყუჩებულ მინდვრებს და ვერაფრით ეიძულებინა თავი, რამით მაინც შეშფოთებულიყო. ეს მის ძალას აღემატებოდა. ერთი უბრალო, შეყვარებული ბიჭი გახლდათ, მისდა უნებურად ომში მოხვედრილი. რა ექნა, მხოლოდ ოცდაოთხი წელი ეცხოვრა ამქვეყნად.
ზოგ-ზოგი რამის თრევა მაინც ერთობლივად უწევდათ: რიგ-რიგობით ეზიდებოდნენ PRC-77 ტიპის  გადამცემს, რომელიც აკუმლატორთან ერთად 30 გირვანქას იწონიდა.  საერთო გახლდათ მხოლოდ მათი მოგონების ტვირთი. ზოგი იმას ეზიდებოდა, რის თრევის თავი სხვებს აღარ ჰქონდათ. ზოგჯერ კი ერთმანეთსაც დაათრევდნენ - დაჭრილებსა თუ არაქათგამოცლილებს. თან დაატარებდნენ სხვადასხვა ინფექციასაც...
რცხვენოდა საკუთარი თავის, ეზიზღებოდა კიდეც. იმიტომ, რომ თავის ხელქვეითზე მეტად მართა უყვარდა, ამის შედეგად კი ერთი ჯარისკაცი დაკარგა და ახლა ამ მძიმე ტვირთი თრევაც მოუწევდა მთელი დარჩენილი ომის მანძილზე.... სანგარში მიიყუჟა და ატირდა. დიდხანს ტიროდა. ნაწილობრივ, ტედ ლავენდერს გლოვობდა, მაგრამ ეს მაინც უფრო მართასა და საკთარი თავის გამო დაღვრილი ცრემლი გახლდათ, რადგან მართა სხვა სამყაროს ეკუთვნოდა - იმას, მთლად ნამდვილსაც რომ ვერ დაარქმევდი...
კაიოვა ცდილობდა, ტედ ლავენდერზე მაინც არ ეფიქრა, მაგრამ ისევ გაახსენდა, რა სწრაფად მოხდა ყველაფერი, უმტკივნეულოდ - დაეცა და სულიც განუტევა. არადა, გაოცების გარდა, ამის შემხვედარეს სხვა რა გინდოდა გეგრძნო? ეს ყველაფერი რაღაც არაქრისტიანულად ეჩვენებოდა, უნდოდა, თვითონაც ძალიან დასწყვეტოდა გული ან გაბრაზებულიყო მაინც, მაგრამ ის უხაროდა - ცოცხალი გადავრჩიო. ლოყა ახალ აღთქმაზე ედო და წიგნის ყდის სუნი სიამოვნებდა - ხელოვნური ტყავის, ქაღალდის, საღებავებისა და წებოსი. ღამეული ხმების მოსმენაც სიამოვნებდა. ეგ კი არა, სამხედრო სამოსიც თითქოს საამოდ ეხებოდა ტანზე. არც გახევებული კუნთები აწუხებდა, პირიქით, ახარებდა საკუთარი სხეულის შეგრძნება. უხაროდა, მეც არ მოვკვდიო. იწვა და ფიქრობდა - რა კარგია, ლეიტენანტ ჯიმი ქროსს ასეთი გული რომ აქვსო. თვითონაც უნდოდა, ასე შესძლებოდა სხვისი ტკივილის გაზიარება, თვითონაც ჯიმი ქროსავით მზრუნველი ყოფილიყო. არადა, თვალები დახუჭა თუ არა, ისევ ის თხლაშ და მორჩა გაახსენდა, შეგრძნებით კი ვერაფერს გრძნობდა საკუთარი შიშველი, მოსვენებული ტერფების გარდა. ირგვლივ ნისლი სქელდებოდა, მიწა ისევ ნოტიო იყო, წიგნის სუნი საამოდ უღიტინებდა ნესტოებში და ღამეც სიმშვიდეს ჰპირდებოდა.
როგორც წესი, მოთმინებასაც ინარჩუნებდნენ და ღირსებასაც, თუმცა ზოგჯერ შიშიც იპყრობდათ და მაშინ ყვიროდნენ კიდეც, ანდა ყვირილი უნდოდათ და ვერ კი ახერხებდნენ; ცახცახებდნენ, გმინავდნენ, თავს ხელებში რგავდნენ, ღმერთს უხმობდნენ, მიწაზე გორაობდნენ, უაზროდ და ალალბედზე ისროდნენ თავ-თავიანთი იარაღიდან. ჭკუიდან გადადიოდნენ, ქვითინებდნენ, იხვეწებოდნენ - ოღონდ ეს ჯოჯოხეთი მომთავრდესო და თავისდა უნებურად, რას აღარ ჰპირდებოდნენ უფალსა თუ საკუთარ თავს, თავიანთ დედებსა და მამებს, ოღონდ კი უვნებლები გადარჩენილიყვნენ. ამგვარი რამისგან არც არავინ იყო დაზღვეული. მერე, როცა სროლა შეწყდებოდა, თვალებს ააფახულებდნენ და ნელ-ნელა წამოიმართებოდნენ ხოლმე; თავს აიძულებდნენ, ფეხზე წამომდგარიყვნენ, ფრთხილად ისიჯავდნენ სხეულს - ძალიან რცხვენოდათ კია, ოღონდ ამ სირცხვილს მალევე ერეოდნენ, სამყაროც შენელებული კადრივით ნელ-ნელა იბრუნებდა უწინდელ სახესა და აზრს. ჯერ სრული დუმილი, მერე ქარიც დაუბერავდა, მზეც გამოაშუქებდა და ადამიანის ხმაც მოსწვდებოდა სმენას, ეს უკვე გადარჩენის ტვირთი გახლდათ.
მოკლედ, სიკვდილის ყველას კი ეშინოდა, მაგრამ ამ შიშიშ გამოვლენის - კიდევ უფრო მეტად.
სახუმაროსაც ყველაფერში პოულობდნენ
ცდილობდნენ, უხამსი სიტყვით შეენიღბათ უმწეობის განცდა. იტყოდნენ ხოლმე: ყალიონი მიაყუდა, ან - ფეხები გაფშიკა, ანდა სულაც - ხვანჯარჩახსნილი დაენძრაო და ეს სულაც არ გახლდათ უგულობის გამოხატულება - უბრალოდ, ერთმანეთს აწონებდნენ თავს. თამაშობდნენ, მსახიობობდნენ. როცა ვინმე კვდებოდა, ამასაც თავისთავად ნაგულისხმევად მიიჩნევდნენ, თითქოს სცენარის ნაწილად და რაკი საკუთარი როლი ყველას ზედმიწევნით დაესწავლა, ირონიისა და ტრაგიზმის თანაარსებობსაც ბუნებრივი ჩანდა. სიკვდილის დასაკნინებლად თუ ყოველდღიურაობიდან ამოსაშანთად თავისი სახელითაც კი არ იხსენიებდნენ. შეეძლოთ გვამისთვის ფეხიც წაეკრათ ანდა ცერა თითი მოეკვეთათ. მეტწილად, სულ ჯარისკაცული ჟარგონით ლაპარაკობდნენ - თუნდაც მაშინ, როცა ტედ ლავენდერის დამამშვიდებლების გამოულეველ მარაგს ახსენედბნენ და გაიძახოდნენ, წამლებით გაბრუებულმა, ალბათ საერთოდ ვერც ვერაფერი იგრძნო იმ საცოდავმაო.
 
აი, ასე დაატარებდნენ იმ ხალხის ტვირთს, ვისაც ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი ჩასაფრებია. დარდი, შიში, სიყვარული, სევდა - ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა, თუმცა, გამოუთქმელადაც მძიმედ აწვათ მხრებზე და სულზეც. ვერც სამარცხვინო მოგონებებს მოიშორებდნენ ასე იოლად - თავიანთსავე ძნელად მოსარევ სიმხდალეზე. გაქცევის, დამალვის, გაუჩინარების მოთხოვნილაბაზე და, ბევრი თვალსაზრისით, ეს უმძიმესი ტვირთი გახლდათ, რაკი ვერსად მიაგდები, ვერც შეიმსუბუქებდი და ისევ და ისევ მორჩილად უნდა გეთრია თან. ოღონდ ისე, რომ არც სახელი გაგფუჭებოდა. ისინი მუდმივად დაატარებდნენ ჯარისკაცის უდიდეს შიშს, რასაც სახელად შერცხვენის შიში ერქვა. მოკლული თუ დაღუპული ერთი იყო, ოღონდ შიში არ უნდა მოგრეოდა. ომშიც იმიტომ მოხვდნენ, შრცხვენა რომ აერიდებინათ თავიდან, თორემ არც დიდებაზე და არც პატივზე უოცნებია ვინმეს. თავსაც იმიტომ იმეტებდნენ სასიკკვდილოდ, მერე სირცხვილის მსხვერპლად რომ არ ქცეულიყვნენ. მზად იყვნენ, გვირაბშიც შემძვრალიყვანენ და ტყვიისთვისაც მიეშვირათ მკერდი. ყოველ დილით დგებოდნენ და მოულოდნელობის შესახვედრად მიაბიჯებდნენ, ისევ და ისევ სიტყვაუთქმელად, თავ-თავიანთი ტვირთით. აზრადაც არ მოსდიოდათ, რამე სხვა გზა აერჩიათ, ანუ უბრალოდ თვალი დაეხუჭათ და მიწას გართხმოდნენ. ისე, ამაზე ადვილი რა იქნებოდა - ფეხი აგეთრია, წაბორძიკებულიყავი, დაცემულიყავი, ერთიანად მოშვებულიყავი, კრინტიც აღარ დაგეძრა, არც კი დაგეკვესა, ვიდრე შენიანები არ წამოგყვებოდნენ და შვეულმფრენში არ დაგაბინავებდნენ, რომელიც ღმუილ=ღმუილით მოსწყდებოდა მიწას, სიმაღლეს აკრეფდა და იქაურობას გაგარიდებდა. ამ ყველაფერს, ანუ უკეთეს სამყაროშ დაბრუნებას, სულ ერთი წაქცევა სჭირდებოდა, მაგრამ არავინ არ ეცემოდა. არა იმიტომ,  ვაჟკაცობა რომ არ აძლევდათ ამის უფლებას, რამე განსაკუთრებული სიმამაცე, არა - უბრალოდ, ლაჩრობის გამოჩენის შიში აკავებდათ.
ამ ყველაფერს საკთარ თავში დაატარებდნენ, გარეგნულად კი უშფოთველები ჩანდნენ. უაზრო დავალებებს აქილიკებდნენ, მწარე-მწარე სიტყვებით იხსენიებდნენ იმათაც, ვისაც გამოსავალი საკუთარი სხეულის ამა თუ იმ ნაწილის დაზიანებაში პოულობდა. ამნაირებს სირიკოებს ეძახდნენ. ხან კიდევ - უტრაკო მეტრაკეებსაც. ბრაზით, ამრეზით ლაპარაკობდნენ, არც შური ეტყობოდათ ასეთების მიმართ და თითქოს, არც ესმოდათ მათი, მაგრამ გულის სიღრმეში ცდუნების ჭიაც უღიტინებდათ.
ტიმ ო'ბრაიენი ვიეტნამის ომში

და კიდევ - თავისუფლების ჩიტებიც ეზმანებოდათ.
ღამღამობით, საგუშაგდ მდგომები და უკუნ სიბნელეს  მიშტერებულები, წარმოიდგენდენ ხოლმე, როგორ მიფრინავდნენ სატრანსპორტო თვითმფრინავით, თითქოს გრძნობდნენ კიდეც, როგორ სწყდებოდნენ მიწას და აბა, წავედით! - სცემდნე ყიჟინას. ოღონდ ეს მთლად თვითმფრინაი კი არ იყო, არამედ ნამდილი ჩიტი- ვეება, ფრთამალი, ვერცხლისფერი ჩიტი, შებუმბული და ბრჭყალბასრი, გამაყრუებლად რომ ყიოდა ცაში. უკვე მიფრინავდნენ - წონაც დაეკარგათ, აღარც ტვირთი ჰქონდათ სათრევი, იცინოდნენ და მედგრად ეჭირად თავი. შიშვლები იყვნენ, უწონონი და თავისუფლები, ყურები უშხუოდათ, უკვე ღრუბლებს ზემოთ ასულებს ფილტვები დასკდომაზე ჰქონდათ, ომიც სადღაც შორს, ქვევით დარჩენლიყო ...

ამიერიდან, როცა მართაზე იფიქრებდა, ყოველდღიურ ზმანებასაც მოერეოდა და იმასაც შეახსენებდა თავს, ის სულ სხვა სამყაროში არსებობსო.. აქედან მაუნთ-სებასტიანი წარმოუდგელად შორს იყო - აქ არც პოეზიისთვის ეცალა ვინმეს და არც შუალედური გამოცდებისთვის. აქ ხალხი იხოცებოდა ვიღაცის სიბეცისა თუ სიბრიყვის გამო. კაიოვა მართალს ამბობდა, ერთი თხლაშ, დაეცემი და მკვდარი ხარ- მოთავებულია შნეი საქმე!
წამით მართას რუხი თვალები გაკრთა წვიმაში. თითქოს მისკენ იმზირებოდა.
ყველაფერს მიხვდა.

საწყენიაო, გაიფიქრა. ყველაზე მძიმე ის ტვირთია, საკუთარ არსებაში რომ დავატარებთ. ჩადენილსა თუ ვერჩადენილზე დარდი. კინაღამ უხმოდ დაუქნია მართას თავი შორიდან, მაგრამ გადაიფიქრა...

ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ
გამომცემლობა "დიოგენე", 2017

Monday, May 15, 2017

ბოჰუმილ ჰრაბალი - მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა


„მხოლოდ მზეს აქვს უფლება, ჰქონდეს ლაქები“.
იოჰან ვოლფგან გოეთე




.....
ჩემდა უნებურად ვარ განათლებული და ისიც კი არ ვიცი, რომელი აზრებია ჩემი, ჩემში დაბადებული და რომელი - ამოკითხული.

.....
დღევანდელზე უფრო ლამაზი იყო ის ხანა, როცა მთელი აზრები ადამიანის მეხსიერებაში იყო ჩაწერილი. მაშინ ვინმეს წიგნების განადგურება რომ მოენდომებინა, წნეხში ადამიანის თავების გატარება მოუწევდა, მაგრამ არც ეს უშველიდა საქმეს, რადგან ჭეშმარიტების შემცველი აზრები გარედან მოდის, ჩვენ გვერდით არსებობს ისე, როგორც ჯამში ჩაყრილი ატრია არსებობს, ამიტომ არის, რომ მთელი მსოფლიოს კონიაშები ტყუილად წვავენ წიგნებს და თუ წიგნებში რამე ჭეშმარიტება წერია, მათი წვისას მხოლოდ ჩემი სიცილი ისმის, რადგან რიგიანი წიგნი სადღაც სხვაგან და გარეთ იყურება.

.....
როდესაც კარგ წიგნში ვიყურები და თან დაბეჭდილი სიტყვებისგან ვთავისუფლდები, სხვა არაფერი რჩება, გარდა არამატერიალური აზრებისა, რომლებიც ჰაერში დაფრინავენ, ჰაერს ეყრდნობიან, ჰაერით იკვებებიან და ჰაერს უბრუნდებიან, რადგან ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ხომ ჰაერია, თან არსებობს, თან არა, როგორც წმინდა ზიარებისას სისხლი.

.....
სხვა არაფერი ვარ, თუ არა ფაქიზი ყასაბი.

.....
ოცნებით გართულს დღეს აღმოჩენილი წიგნები პორტფელით შინ მიმაქვს, მწვანეზე ისე გადავდივარ, ვერც კი ვხვდები, არც ლამპიონებს ვეჯახები და არც გამვლელებს, მივაბიჯებ და ლუდითა და ჭუჭყით ვყარვარ და მიუხედავად ამისა, ვიღიმები, რადგან პორტფელში მიწყვია წიგნები, რომლებისგანაც მოველი, რომ დღეს საღამოს საკუთარი თავის შესახებ რამე ახალს შევიტყობ, იმას, რაც ჯერ არ ვიცი.

.....
ასე ვიკუნტები ხოლმე, როგორც კატის კნუტი ზამთარში, როგორც სარწეველა სავარძლის ფეხი, იმიტომ რომ შემიძლია თავს უფლება მივცე, ვიყო მიტოვებული, თუმცა მიტოვებული არასდროს ვარ, უბრალოდ მარტო ვარ, რათა მოვახერხო მოძალებული აზრების სიმარტოვეში ცხოვრება, იმიტომ რომ, ცოტა არ იყოს, უსასრულოსა და მუდმივის მქადაგებელი ვარ, მუდმივსა და უსასრულოს კი მოსწონთ ისეთი ადამიანები, როგორიც მე ვარ.

.....
ზეცა სულაც არ არის ჰუმანური და არც მოაზროვნე ადამიანია ჰუმანური.

.....
სენდბერგის ლექსის ნაწყვეტები მახსენდებოდა, რომ ადამიანისგან ფოსფორის პატარა გროვა დარჩება, ასანთის ერთი კოლოფისთვის საკმარისი და იმდენი რკინა, რამდენიც ერთი ისეთი კაუჭის გამოჭედვას ეყოფა, რომელზეც ზრდასრული ადამიანი თავის ჩამოხრჩობას შეძლებს.

.....
თალმუდის ფრაზას ვატარებდი წნეხში: „ჩვენ ზეთისხილს ვგავართ, მხოლოდ დაწურვის შემდეგ გავცემთ იმ საუკეთესოს, რაც ჩვენში იმალება“.

.....
ვხვდებოდი, რა ზუსტი იყო, რემბოს ლექსი, რომ სულიერი ბრძოლა ისევე საზარელია, როგორც სხვა ნებისმიერი ბრძოლა., ვფიქრობდი ქრისტეს დაუნდობელ სიტყვებზე: მშვიდობის კი არა, მახვილის მომტანად მოვედი. და სარდაფებში, მიწისქვეშა არხებში, კლოაკებსა და პოდბაბიეს გამწმენდ სადგურში სტუმრობის შემდეგ ყოველთვის ვმშვიდდებოდი და რადგან, ჩემდა უნებურად განათლებული ვიყავვი, მოწიწებითა და აღფრთოვანებით მახსენდებოდა ჰეგელი, რომელიც მასწავლიდა, რომ ერთადერთი, რისაც შეიძლებოდა ამქვეყნად შეგეშინდეს, გახევების მდგომარეობაა, რომ მხოლოდ მომაკვდავი ფორმების უძრაობაა შიშის მომგვრელი და რომ სიხარული შეიძლება მხოლოდ იმან მოგვანიჭოს, როცა არა მხოლოდ ცალკეული პიროვნება, არამედ მთელი საზოგადოება ახერხებს ბრძოლით გაახალგაზრდავებას.

.....
ღამის მთელი დარჩენილი ნაწილი ვეხვეწებოდი, ეპატიებინა ჩემთვის მომხდარი, არ მაპატია და დილით თავაწეულმა და ამაყმა დატოვა სასტუმრო, რათა აღესრულებინა ლაო-ძის სიტყვები: „ამქვეყნად მხოლოდ ის ადამიანია მიბაძვის ღირსი, რომელმაც შეიცნო თავისი სირცხვილი და შეინარჩუნა თავისი სიდიადე...“

.....
თავბრუ მეხვეოდა მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობისგან.

.....
რაღაც მოუხერხებლად კი ეფერება ბავშვს, მაგრამ ამ მოფერებით კაცს ძალა ეძლევა, არა კუნთების, არამედ სულიერ ძალას ვგულისხმობ.

.....
ვეხვეწებოდი, რომ კიდევ ერთხელ ეპატიებინა ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ არ მესმოდა, რა ჰქონდა ჩემთვის საპატიებელი, მაგრამ ასეთი ვარ, გამუდმებით ყველას პატიებას ვთხოვ, იმიტომ რომ ხანდახან საკუთარ თავსაც ვთხოვ პატიებას იმისთვის, რომ ისეთი ვარ, როგორიც ვარ, საკუთარი ბუნებისათვის...

.....
ზეცა სულაც არ არის ჰუმანური ისევე, როგორც სიცოცხლე ჩემ ზევით, ჩემ ქვევით და ჩემში.

.....
კუბოში ჩაწვენილ ბიძაჩემს ტანსაცმელში ჩავუტენე ეს ყველაფერი და თავზე რკინიგზელის ქუდი დავახურე, რომელიც ჯიხურში ეკიდა, მერე იმანუელ კანტი მოვიტანე და იმ ადგილზე გადაშლილი ჩავჩარე თითებს შორის, რომელიც ყოველთვის აღმაფრთოვანებდა... „ორი რამ ავსებს სულს მუდამ ახალი და მით უფრო ძლიერი გაკვირვებით... ესენია ვარკსვლავიანი ცა ჩემ ზემოთ და მორალური კანონი ჩემში...“, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე და უფრო ლამაზ სიტყვებზე გადავშალე წიგნი... ახალგაზრდა კანტის სიტყვებზე: „ზაფხულის ღამით ვარსკვლავები ციმციმებენ და მთვარე სავსეა, მეტისმეტად მგრძნობიარე ვხდები და სამყაროსა და უსასრულობისადმი მეგობრული თანაგრზნობა და მავე დროს მედიდურობა მავსებს...

.....
იმანუელ კანტის „ცის თეორიას“ ვკითხულობდი იმის შესახებ, როგორ ლაპარაკობს უკვდავი სული სიჩუმეში, ღამის ყოვლისმომცველ სიჩუმეში, როდესაც ყველა გრძნობას სძინავს, უცნობ ენაზე იმ ცნებების შესახებ, რომელთა გაგებაც შესაძლებელია, მაგრამ შეუძლებელია აღწერა...



.....
დღეს წყლით გაჟღენთილი ვინსენტ ვან გოგის ასობით დიდი რეპროდუქციის წნეხა დავიწყე, ამიტომ ყოველი შეკვრის გვერდები ცისფერ ფონზე დახატული ოქროსფერი და ნარინჯისფერი მზესუმზირებით ბრწყინავდა, რაც ოდნავ არბილებდა დაწნეხილი თაგვების, მათი ბუდეებისა და დამპალი ქაღალდის სუნს.

.....
თაგვი ბრუნდებოდა და ჩემს ლანჩასთან ბრძოლას აგრძელებდა, ბოლოს კი სრულიად ძალაგამოცლილი კუთხეში დაჯდა და ყურება დამიწყო, თვალებსი მიყურებდა, მე კი კანკალმა ამიტანა, რადგან ვხედავდი, რომ იმწამს თაგვის თვალებში რაღაც იმაზე მეტი ანათებდა, ვიდრე ვარსკვლავებიანი ცაა ჩემ ზევით და მორალური კანონი ჩემში. მეხის გავარდნასავით დამატყდა უცებ არტურ შოპენჰაუერის სიტყვები, რომ უმაღლესი კანონი სიყვარულია, სიყვარული კი თანაგრძნობაა და უცებ მივხვდი, რატომ ვერ იტანდა შოპენჰაუერი დიდ ჰეგელს და მიხაროდა, რომ ჰეგელი და შოპენჰაუერი არ იყვნენ დაპირისპირებული არმიების მთავარსარდლები, რადგან ზუსტად ისე იომებდნენ ერთმანეთში, როგორც ვირთხების ორი კლანი ომობს პრაღის მიწისქვეშეთის ყველა კლოაკასა და წყალსადენ არხში.

.....
თავიდან მეგონა, შეშას მხოლოდ ჩემი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად უკეთებს ღუმელს-მეთქი, მერე კი მივხვდი, რომ საქმე მასში იყო, რომ ცეცხლი მასში ენთო და უცეცხლოდ, ალბათ, ცხოვრება არ შეეძლო.


.....
Vincent van Gogh: Starry Night on the Rhone;1888
თვალების თეთრი გარსი ანათებდა. სიბნელეში იმაზე უკეთ ვხედავდით ერთმანეთს, ვიდრე კაშკაშა სინათლეში დავინახავდით და საერთოდ, მიყვარდა ბინდი, მხოლოდ ბინდში მიჩნდებოდა იმის შეგრძნება, რომ შეიძლება რამე განსაკუთრებული მოხდეს; მოსაღამოვების შემდეგ, ბინდში, ყველაფერი უფრო ლამაზად გამოიყურება, ყველა ქუჩა, ყველა მოედანი, საღამოობით ხომ ყოველი ადამიანი, აი თავისთვის რომ მისეიორნობს, იასავით ლამაზია, მეტიც, სიბნელეში ისეთი შეგრძნება მიჩნდებოდა, რომ მეც ახალგაზრდა და ლამაზი ვარ, სიბნელეში სარკეშიც სიამოვნებით ვიხედებოდი, მიყვარდა, ვიტრინებში რომ ვიყურებოდი და ვხედავდი, ქუჩაში როგორ მივაბიჯებ; მეტიც, სიბნელეში საკუთარ სახეს თუ ვეხებოდი თითებით, ვხედავდი, რომ ერთი ნაოჭიც კი აღარ მქონდა, არც პირის ირგვლივ და არც შუბლზე და რომ დაბინდებასთან ერთად ცხოვრებაში ის დრო დგებოდა, რომელსაც მშვენიერების დრო ეწოდება.

.....
ზეცა ჰუმანური არ არის, თუმცა მე თვითონ მაშინ ჯერ კიდევ ჰუმანური ვიყავი.

.....
არ არის ზეცა ჰუმანუტი, მაგრამ, ეტყობა, მასზე რაღაც უფრო დიდი არსებობს, ეს სიყვარული და თანაგრძნობაა, რომელთა დავიწყებას დიდხანს ვცდილობდი და ბოლოს დამავიწყდა.



                                       .....
მე იმის შეგნება შემაშინა, რომ ეს გიგნატური წნეხი სასიკვდილო დარტყმაა ყველა პატარა წნეხისთვის, მივხვდი, რომ ის, რასაც ახლა ვხედავ, ახალი ეპოქის დასაწყისია ჩემს საქმიანობაში, რომ ეს სულ სხვა ხალხია და მუშაობის სულ სხვა მეთოდი. ეპოქა, რომელიც დაუდევრობით გადაყრილი წიგნებისა და ბუკლეტების  სახით აღწევდა მაკულატურის მიმღებ პატარა პუნქტებში, რომ ის, რასაც ახლა ვხედავ, აზროვნების ახალი სტილია, იმიტომ რომ, მართალია, ყოველმა მუშამ ყოველი გამოცემიდან, შეიძლება თითო წიგნი აიღოს, მეტიც, შეიძლება, წაიკითხოს კიდეც ეს წიგნი, მაგრამ ეს ყველა მომცრო მიმღები პუნქტისა და, მათ შორის, ჩემი დასასრულიცაა, რადგან ჩვენ, ყველანი, ქაღალდის წნეხაში დაბერებული მუშები, ჩვენდა უნებურად განათლებულები ვიყავით, ჩვენდა უნებურად ყოველ ჩვენგანს მაკულატურში ნაპოვნი წიგნებისგან შედგენილი რიგიანი ბიბლიოთეკა ჰქონდა შინ და რაც მთავარია, ჩვენ ამ წიგნებს იმ ნეტარი იდეით შეპყრობილები ვკითხულობდით, რომ ერთხელაც რაღაც ისეთს ამოვიკითხავდით, რაც არსებითად შეგვცვლიდა.

.....
სრულებით არ აფორიაქებდათ, რომ შვებულებას ელადაში გაატარებდნენ, რადგან არაფერი იცოდნენ არისტოტელეს, პლატონისა და ანტიკური საბერძნეთიდან ჩვენს დღემდე გამოწვდილი ხელის, გოეთეს შესახებ, მშვიდად აგრძელებდნენ მუშაობას, წიგნებს ყდებს აგლეჯდნენ და შემდეგ სასოწარკვეთილ, შეიშინებულ გვერდებს კონვეიერზე ყრიდნენ.

.....
შემდეგი კვირიდან გამომცემლობა „მელანტრიხში“ გავდიოდი და იქ ჩემი ერთადერთი საქმე სუფთა ქაღალდის შეფუთვა იქნებოდა. ამის გაგონებაზე თვალები ამიჭრელდა, გამოდიოდა, რომ მე, რომელიც  ოცდათხუთმეტი წელია, მუყაოსა და ძველ ქაღალდს ვწნეხ, მე, რომელსაც არ შემეძლო ცხოვრება იმ სიუპრიზებისა და ჯილდოს მოლოდინის გარეშე, რომ საზიზღარი მაკულატურიდან ყოველ წამს შეიძლება მშვენიერმა წიგნმა ამოყვინთოს, უნდა წავსულიყავი და არაადამიანურად თეთრი ქაღალდი მეფუთა.

.....
საკმარისია, თვალები დავხუჭო და ყველაფერი იმაზე უფრო რეალურად წარმომიდგება ხოლმე თვალწინ, ვიდრე სინამდვილეშია.

.....
რატომ ამბობდა ლაო-ძი, რომ დაბადება გამოსვლაა, სიკვდილი კი შესვლა? ორი რამ ავსებს სულს მუდამ ახალი და მით უფრო ძლიერი გაკვირვებით, ერთ-ერთი ღამის მოციმციმე სინათლეა...
 
Bohumil Hrabal;, Libeň, 1965



Sunday, May 14, 2017

ერიკ-ემანუელ შმიტი - პილატეს სახარება





Pat M. Mallinson (Allman-Smith);
Christ is Condemned by Pilate


.....
დავტიროდი მამას, რომელსაც გული ბევრად უფრო რბილი და თბილი ჰქონდა, ვიდრე იმ ხეს, რომელსაც ის ასე რუდუნებით რანდავდა. განსაკუთრებით კი იმის გამო მოვთქვამდი, რომ ვერ ვუთხრი ასე ძლიერ რომ მიყვარდა. თითქმის ვნანობდი, ასეთი უცაბედი სიკვდილით რომ აღესრულა. მერჩივნა, აგონიაში ჩავარდნილიყო. მაშინ შევძლებდი, ბოლო ამოსუნთქვამდე მისთვის ყურში სიყვარულზე მეჩურჩულა.. 
იმ დღეს ზლუქუნი შევწყვიტე, უკვე აღარ ვიყავი უწინდელი იეშუა. არ შემეძლო, შევხვედროდი ვინმეს და სიყვარულში არ გამოვტყდომოდი. პირველი ადამიანი, ვისაც ეს ბედნიერება ხვდა წილად, ჩემი ამხანაგი მოშე გახლდათ. ჩემი განცხადებისგან ყურებამდე გაწითლდა.
-რატომ როშავ მსგავს სისუელეებს? - მომახალა აჭარხლებულმა.
-რასაც ვამბობ, ნამდვილად არ არის სისულელე. გეუბნები, რომ მიყვარხარ.
-მსგავს რამეებს არ ამბობენ.
-და რატომ?
-კარგი რა, იეშუა, ნუ ისულელებ თავს.
"სულელი, რეგვენი, გამოთაყვანებული," - სახლში ყოველ ღამე ნაირ-ნაირი ლანძღვა-გინებით ჯიბეებსავსე ვბრუნდებოდი. დედაჩემი შეეცადა, შეეგონებინა ჩემთვის, რომ არსებობს დაუწერელი კანონი, რომელიც გრძნობების დათრგუნვისა და დამალვისკენ მოგვიწოდებს.
- რომელი?
-ამ კანონს სიმორცხვე ჰქვია.
-დედი, ნუთუ არ გესმის, რომ ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. უნდა მოვასწროთ და ადამიანებს ვუთხრათ, რომ გვიყვარს. ყველა მათგანი გარდაიცვლება, ასე არ არის?
ყოველთვის, როცა ამას ვიმეორებდი, დედაჩემი ჩუმად ტიროდა. თავზე ხელს მისვამდა და ჩემი აფორიაქებული გონების დამშვიდებას ცდილობდა.
-მეტისმეტი სიყვარულიც არ ივარგებს, ჩემო პატარა იეშუა, - მეუბნებოდა, - შენ თვითონ დაიტანჯები ამ გრძნობისგან.
-სულაც არ ვიტანჯები. მე უბრალოდ გაბრაზებული ვარ."

 .....
-მამაჩემი ჩვენგან რომ წავიდა, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ერთი საათიც არ უნდა დამეკარგა, რათა ძლიერ მყვარებოდა ისინი, ვინც მიყვარს. მივხვდი, რომ სიყვარულის გადადება დაუშვებელია. არა, მოიშა, ნუ იფიქრებ, რომ ბოროტება არ მტანჯავს და ტკივილს არ მაყენებს. მაგრამ ტანჯვა არ არის სიძულვილის საბაბი. ტანჯვა მხოლოდ სიყვარულის საბაბია.

.....
ქალები ბევრად უფრო დამაჯერებლად და გულწრფელად საუბრობენ. მათი ბაგეები პირდაპირ გულთანაა მიბმული; სიტყვები, მათ ბაგეთ რომ სწყდება, პირდაპირ გულის სიღრმიდა იღვრება.

.....
სიყვარულის ეიფორიით შეპყრობილებს და ერთ არსებად ქცეულებს საერთოდ დაგვავიწყდა, რომ არსებობს სიღარიბე და სიდუხჭირე. მივხვდი, რამდენად ღრმად ეგოისტურია ბედნიერება. ბედნიერება გაიძულებს, გამოცალკევდე და განერიდო სამყაროს, ჩაიკეტო დახურულ კარს მიღმა, ჩამოაფარო ფარდები, დაივიწყო სხვები, გადაულახავი გალავანი შემოარტყა საკუთარ ადგილსამყოფელს. სიყვარულით შეპყრობილი სამყაროს განსხვავებულად აღიქვამ, არა ისეთად, როგორიც სინამდვილეშია. იმ საღამოს ბედნიერება აუტანელი და გაუსაძლისი მეჩვენა.


ბედნიერებას მე სიყვარული ვამჯობინე, მაგრამ არა ის სიყვარული, რებეკას მიმართ რომ განვიცდიდი, არამედ სიყვარული განსაკუთრებული და გამორჩეული, უზენაესი სიყვარული, ყველაფერზე მაღლა რომ დგას. უკვე აღარ მიზიდავდა ვინმე ერთის სიყვარული, საყოველთაო სიყვარული მხიბლავდა უფრო. მე უნდა დამეზოგა სიყვარული გაუბედურებული ბავშვებისთვის, იმათთვის, ვინც არ იყვნენ ისეთი მშვენიერი, ლამაზი და საინტერესო, სხვისი ყურადღება და გულისხმიერება ბუნებრივად რომ მიეზიდათ. სიყვარული უნდა დამეზოგა იმ ადამიანებისთვისაც, სიყვარული საერთოდ რომ არ ღირსებიათ


.....
-ნუ ეცდები, გაუგებარი გაიგო. წუთისოფელს რომ გაუძლო, უარი უნდა თქვა, ჩაწვდე იმას, რაც შენს ძალებს აღემატება, რაც შენზე მაღლა დგას, მიუწვდომელია. არა, შესაძლოა სიკვდილი სულაც არ არის უსამართლო, უბრალოდ შენ არ უწყი რა არის სიკვდილი.
შენ მხოლოდ ერთი რამ შეიძლება იცოდე: მან შვილი წაგართვა. მაგრამ განა იცი, სად არის ის? ან რას გრძნობს ის? ნუ შეგიპყრობს ამბოხი! დაწყნარდი, შეეშვი განსჯას, იმედით იცხოვრე. შენ არ იცი და არც არსდროს გეცოდინება, რას ფიქრობს ღმერთი. შენ მხოლოდ ის იცი, რომ ღმერთს ვუყვარვართ.
-ეს უსამართლო სიყვარულია.
-და რას ნიშნავს სამართლიანობა? ნუთუ, გგონია, რომ ის ყველასთვის ერთგვაროვანია? ღმერთი ყველა ჩვენგანს ჯერ სიცოცხლეს ჩუქნია, მერე კი - სიკვდილს. დანარჩენი კი მხოლოდ ადამიანებსა და გარემოებებზეა დამოკიდებული.

.....
-შენი უფროსი ვაჟიშვილი გარდაიცვალა. შეიყვარე ის უფრო ძლიერ და განსაკუთრებით შეიყვარე ისინი, ვინც დაგრჩა. სასწრაფოდ უთხარი მათ, რომ გიყვარს. სიკვდილი ერთ რამეს გვასწავლის მხოლოდ: ვიჩქაროთ სიყვარული.



.....
Michael D. O Brien;Christ in Gethsemane
ოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემს ბედ-იღბალზე ყოველს ჰქონდა საკუთარი წარმოდგენა, ჩემ გარდა. რჩევების სიმძიმის ქვეშ გათელილი, ასობით ბილიკს შორის უგზო-უკვლოდ დაკარგული, ზოგისთვის ღვთისმოშიში, ზოგისთვისაც უღმერთო და ურჯულო, აღიარებული, უკუგდებული, შევიწროვებული, გაღმერთებული, გაკერპებული, შეურაცხყოფილი, დამცირებული, ყურადღებული (შესმენილი), შეზიზღებული, ქომაგად აღიარებული, უკვე ვეღარ აღვიქვამდი საკუთარ თავს ადამიანად. დავემსგავსე ცარიელ დუქანს ათასი გზის შესაყარზე, სადაც თითოეული საკუთარი ხასითით, ტვირთითა და რწმენით შედის. ჩემში მხოლოდ სხვების ხმაური პოულობდა გამოძახილს, მე სხვათა ექოდ ვიქეცი.

და გავიქეცი.



.....
არსებობს თუ არა ადამიანი სინამდვილეში? ზრდასრულს სამოსი რომ შემოხსნა, რა შეგრჩება ხელში - ბავშვი? ნუთუ წლები მხოლოდ ბალანს, წვერს, საზრუნავს, დავიდარაბას, ცდუნებას, ჭრილობებს, დაღლილობასა და ავხორცობას სძენს ადამიანს?

.....
მამაკაცები იცავენ იმ საზოგადოების კარიბჭეს, სიკვდილს რომ თესავს და ზიზღს აღვივებს, ქალები კი გონების კარიბჭესთან დგანან, ქმნიან სიცოცხლეს და მოითხოვენ სიყვარულს.  ჩემს მიმდევრებს - იუდეველთა მიწის ჭეშმარიტ მამრებს - უმძიმდათ იმის წარმოდგენა, რომ ქალებსაც თავისუფლად ხელეწიფებათ ყველაფერი ის, რაც მათგან ამდენ ძალისხმევასა და ოფლისღვრას მოითხოვს.  

.....
Pat M. Mallinson (Allman-Smith)
საბოლოოდ ჩემთვის ერთი ჭეშმარიტება დავადგინე: ანგარებიანები დაჯილდოვებულნი არიან ერთი ნიჭით, რომელსაც მე სრულიად მოკლებული ვარ - მათ შეუძლიათ, ადამიანებს პირდაპირ სახეში გაარტყან. მაგალითად, როდესაც გადასახადების ამკრეფი ღატაკ ოჯახს არ ასვენებს, პიადი დაინტერესება სრულ უფლებას აძლევს, მოვალეს სახეში უთავაზოს, გაანადგუროს და ფეხქვეშ გათელოს იგი. მე კი არ შემწევს უნარი, აგრერიგად მოვიქცე. ადამიანის პირისპირ დგომისას მე მხოლოდ ადამიანს ვხედავ. არ შემიძლია, ვერ შევიგრძნო ცხოვრების მთელი სიმძიმე, ასე მძიმე ტვირთად რომ აწევს მას მხრებზე; მისი გახმოვანებული თუ გაუხმოვანებული ტკივილები, ასევე იმედები - მოკლედ ყველაფერი, რაც სახეს უღადრავს ან უსხივოსნებს, სიცოცხლეს სძენს მის ნაკვთებს. ხშირად ჩემ წინ მდგომში უფრო მეტს ვხედავ, ვიდრე ადამიანს. მის უკან იმ ბავშვს ვხედავ, როგორიც ის ოდესღაც იყო, ვხედავ მხცოვანსაც, როგორიც მომავალში იქნება. ვხედავ მთელი მისი ცხოვრების ოღროჩოღროში, ხიფათიან გზას.

.....
ვერავის შევასმინე, რომ სასწაული მოწმენდილ ცაზე არ ხდება, რომ ის სულიერი აზრის მატარებელია და ორმხრივ რწმენას საჭიროებს. მკურნალიცა და განსაკურნიც აუცილებლად რწმენით უნდა განიმსჭვალოს.

.....
მე მხოლოდ იმიტომ ვლაპარაკობ, რომ სიმხნევე შეგმატოთ, რათა იყოთ ისეთები, როგორებიც ხართ, გაბედოთ შეყვარება. ღმერთი მაშინაც კი მუდმივ სრულყოფასა და დახვეწას საჭიროებს, როცა ჩვენს შორისაა. და კიდევ ერთი რამ იცოდეთ: ღმერთი სიმორცხვისგან არ იტანჯება.

.....
როცა მაიძულეს, შენი განახლებული ტაძრის წინ აღფრთოვანება გამომეხატა, მუხლი მომედრიკა მისი მძიმე, მოოქრული კედრის კარის წინ, ბროწეულებით, შროშანებითა და ფოთლებიტ რომ მოეჩუქურთმებინათ, დავმტკბარიყავი მუქწითელი ყვავილებითა და ყირმიზი სუმბულებით, მოქარგული ქსოვილებით, ქერუბინებს რომ აეტაცათ ხელში, გავიფიქრე, ნუთუ შეიძლება გადაჭარბებულობა სილამაზედ აღვიქვათ? მსხვერპლშეწირვის ცერემონიალიც მიქეს, სინამდვილეში კი რა ვიხილე? მყრალ კვამლში გახვეული, შედედებულ სისხლში მოცურავე გაშავებული ნაწლავ-შიგნეულობა. უმალ მივხვდი, რომ საქონლის ჯოგი და ცხვრის ფარა მდიდრებისათვის იყო განკუთვნილი, უპოვართა და გლახაკთათვის კი - მტრედები. ვნახე უკრებით გაძეძგილი ფარდულებიც და ფულის გადამცვლელებიც, სახეზე მლიქვნელური ღიმილი რომ გადაჰკვროდათ. ვერ მოვითმინე, მათრახს ვტაცე ხელი, ყვირილით ყველა დახლი ამოვაყირავე: „მოაშორეთ ეს ყველაფერი აქაურობას! მამაჩემის სახლი ქარვასლა არ გეგონოთ!“ გაცოფებულმა მათრახი იატაკს მთელი ძალით ვურტყი და ვურტყი, რამდენიმე წამში მხოლოდ საჯდომები თუ ჩანდა; დიახ, გაქცეულ ლაჩართა საჯდომები.

.....
შევხედე ბაღს, ყვავილებით მორთულ-მოკაზმულ ალუბლის ხეებს, გაზაფხულის მუქ-მწვანე ფოთლებს და აი, აქ, ნაირ-ნაირ სურნელებით გაჟღენთილ და ჩიტების ჟივილ-ხივილით გავსებულ ფერადოვან სამყაროში უეცრად შემეპარა, რომ სიკვდილი საერთოდ არსებობს.

.....
ადამიანი ასეა მოწყობილი: ქაჩაში როცა მიაბიჯებს, მხოლოდ წინ იყურება. დიახ, წინ კი მიიწევს, მაგრამ საკუთარ ფეხებს ერთხელაც არ დახედავს.

.....
-მიყვარხარ, პილატე.
იოჰანანმა ეს სიტყვები მაშინ წარმოტქვა, როცა დარწმუნდა, დილეგს რომ ვტოვებდი. ძარღვებში სისხლი გამეყნა.
-მიყვარხარ,პილატე.
შემოვუტრიალდი. ერთი სული მქონდა, უკანასკნელი სიტყვებით გამომეთათხა და დამედუმებინა.
-შეწყვიტე მასავით ლაპარაკი.
-ასე საუბარი თავად მასწავლა.
-როგორ შეგიძლია დამარწმუნო, რომ გიყვარვარ? მე, რომელმაც ციხეში გიკარი თავი და ცოტა ხანში სინედრიონს გადაგცემ. იცი, შესაძლოა დღის სინათლე ვერც ვერასდროს იხილო. კიდევ იტყვი,მიყვარხარ-მიყვარხარო? დავიჯერო, გიყვარს ადამიანი, რომელმაც შენი მასწავლებლის ჯვარცმის ბრძანება გასცა?
-იეშუა ითხოვდა, რომ შენთვის მიეტევებინათ.
-ჩემთვის?
-შენთვის და სხვებისთვისაც. ჯვარცმულმა წაილუღლუღა: „მამაჩემო, მიუტევე მათ, რამეთი არა იციან, რასა იქმან.“
გონება ამემღვრა. გაუაზრებლად გისოსებს ვეცი, იოჰანანს ჩავაფრინდი. მთელი ძალითა და ღონით დიდხანს ვჯანჯღარებდი.
-ოღონდ მე არა, გესმის ჩემი? მე არ მჭირდება შენი სიყვარული, არც შენ შეგიძლია გიყვარდე. მე არ მჭირდება შენგან მიტევება, არც შენ შეგიძლია მომიტევო. მე შე არ მჭირდები.
-ნუ იქნები ასეთი ამაყი, იეშუას შენც უყვარდი.
არა, ეს უკვე მეტისმეტი იყო! იოჰანანი ციხეში იჯდა და მემუქრებოდა. იოჰანანი მონადირე იყო, მე კიდევ დაუცველი მწყერი. მე უკან დავიხიე, მისი სიკეთისგან თავი რომ დამეცვა, სიბნელეს შევაფარე თავი.
-თქვენ გიჟები ხართ! უკლებლივ ყველანი გიჟები ხართ! მართალს ამბობდა კაიაფა. თქვენ აზროვნებაც უნდა აგეკრძალოთ და ლაპარაკიც! ყველანი ჯვარს უნდა გაცვათ ადამიანმა!
-ნუთუ ასეთი სასირცხოა სურვილი სიყვარულისა?
-დიახაც. და მე არ მჭირდება შენი სიყვარული. ვამჯობინებ, სიყვარული იმ ადამიანებისგან მივიღო, რომელსაც თავად ვირჩევ. თავადვე გადავწყვეტ, ვის ვაჩუქო ის. სიყვარული კერძო საკუთრებაა!
-ჭეშმარიტებას ამბობ, პილატე. რანი ვიქნებოდით, თუ ყველა ერთმანეთს შევიყვარებდით? როგორი ვიქნებოდით, ვის ან რას დავემსგავსებოდით, საყოველთაო სიყვარულის სამეუფოში? რა ბედი ეწეოდა პილატეს, იმპერატორის ნაცვალს, რომელიც თავი ადგილს მხოლოდ დაპყრობებს, სიძულვილსა და სხვებისადმი ზიზღს უნდა უმადლოდეს? ან კაიაფას, ტაძრის მღდელმთავარს, თანამდებობის შესაძენად საჩუქრებით რომ მოგიქონა პირი და ძალაუფლებას მხოლოდ შიშისა და ძრწოლვის თესვით იმტკიცებს? ნუთუ ებრაელები, ბერძნები და რომაელები სიყვარულით გაღვივებულ სამყაროში კიდევ იარსებებენ? შემორჩებიან ძლიერნი და უძლურნი, მდიდარნი და უპოვარნი? ნუთუ კიდევ ვიხილავთ თავისუფალ ადამიანებსა და მონებს? მართალი ხარ, პილატე, ასე რომ გეშინია. სიყვარული გააცამტვერებს შენს სამყაროს. სიყვარულის სამფლობელო შენი სამეფოს ნანგრევებზე აშენდება.

Jacek Malczewski; Christ before Pilate;

.....
მდუმარება ერთადერთი რამაა, სადაც ჩვენ თანასწორნი ვართ. მდუმარება ერთდროულად გვაშორებს და გვაკავშირებს ერთმანეთს.

.....
-ლამაზი მამაკაცი, განათლებასა და კულტურას არასოდეს რომ ზიარებია, ძმრით სავსე მარმარილოს ამფორას მაგონებს. მე თქვენ მეცოდებით! უფრო მეტ დროს ვარჯიშს სწირავთ, რათა უფრო სწრაფად ირბინოთ და ბადრო რაც შეიძლება შორს გასტყორცნოთ. არც კი ფიქრობთ იმაზე, რომ პატიოსანი და მწიგნობარი გახდეთ. რა ეპიტაფია ამოიტვიფრება თქვენი საფლავის ქვაზე? დაწერენ, დაკუნთული იყოო?


.....
-სიყვარული აძლიერებს ადამიანს. თუ შენ, პილატე, მედგარი, ძლიერი და ურყევი ხარ, იმიტომ კი არა, რომ შესანიშნავი მოცურავე და შეუდარებელი მოჯირითე ხარ, არამედ იმიტომ, რომ კლაუდია გიყვარს და კლაუდიასაც უყვარხარ. ვფიქრობ, შენი ნამდვილი ხერხემალი სიყვარულია.
-მსგავსი რამ ჩემთვის არავის უთქვამს.
-ადამიანები არც არაფერს ეუბნებიან ერთმანეთს, ისინი მხოლოდ ყვედობენ.
ფაბიენის საუბრის ტონმა ჩემში დიდი გაკვირვება კი გამოიწვია, მაგრამ სხვა თემაზე გადასვლის სურვილი მაინც არ გამჩენია. ფაბიენს ბოლომდე გამოხატვის საშუალება მივეცი.
-და შენ, ფაბიენ, არავინ გიყვარს?
-მე? მე დავდევ ყველაფერს, რაც მოძრაობს, მაგრამ ვინმესთან შეყოვნება არასოდეს მიფიქრია. მე ერთი დაშლილი ადამიანი ვარ, მამაკაცი, საკუთარი თავის რწმენა რომ დაკარგა. ზოგჯერ, როცა ჩემი თავის მიმართ პატივისცემასაც ვკარგავ, ვცდილობ, რწმენა სხვების მზერაში ამოვიკითხო. ჩემი ფიზიკური აღნაგობა და იერსახე ქალებს მაგნიტივით იზიდავთ ლოგინიკსენ. მეც მიზიდავენ ისინი. სიყვარულის წყურვილს მხოლოდ სასიყვარულო თამაშებით ვკლავ. მე ღრმა გრძნობებში სრულიად უნიჭო ვარ, ვერც ვერანაირ დებულებას ვიღებ საკუთარ თავზე. ორისამი გადახვევის შემდეგ ვგრძნობ, რომ შეყოვნება უაზრობა იქნებოდა და ამიტომ წინ მივიწევ. მესმის, უწინარეს ყოველისა, საკუთარი თავი უნდა აღმოვაჩინო, მერე კი სხვები. უნდა შევძლო გულის გადაშლა, სულიერი სამყაროს გაშიშვლება. მე კი სულის გაშიშვლებას შიშველი უკანალით სეიორნობას ვამჯობინებ. რომის თითქმის ყველა ორგიაში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ერთი წამითაც ვერ გავეხსენი ვერავის. შენ კი, ჩემგან განსხვავებით, მარად შენ ხარ, არ იცვლები და ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ კლაუდიაა.
გამეთიმა. ფაბიენმა დაიმორცხვა და თვალები გახარა.
-თუმცა ახლა მაინც მგონია, რომ ცოტათი გაშიშვლდი, - ვუთხარი გულწრფელად.
-სრულიადაც არა. ადვილია საკუთარ თავზე აუგის თქმა. ეს თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ დამაჯერებელ ფორმულებს მოიშველიებ. ისინი ერთგვარად გმოსავენ.

.....
„შევხედე ცას, კრიალა, ქათქათაცას; რამდენი რამ შეიძლება ზეცაში დატრიალდეს, მის სისუფთავეს კი ვერაფერი შემბღალავს.

.....
ამიერიდან აღარ მსურს, ადამიანთა ნიშან-თვისებებში ვიქექო და შედეგად მათ რომაულობაში დავრწმუნდე. ამჯერად მინდა, მათში სხვა რამეები აღმოვაჩინო. მაგალითად, აქთვ თუ არა მშვენიერების შეგრძნება, არიან თუ არა ხელგაშლილნი, გულუხვნი და სამართლიანნი. შესწევთ თუ არა უნარი, გამოიგონონ ისეთი რამ, რაც ამ ქვეყანას უკეთესს და საცხოვრებლად სასიამოვნოს გახდიდა

.....
 Arkhip Kuindzhi; Christ in the Garden of Gethsemane, 1901
მართალია, ერთხელ კი შევხვდი იეშუას, მაგრამ განა შეიძლება ამას შეხვედრა ეწოდოს? შეხვედრა ხომ რაღაც გადამწყვეტს ნიშნავს, სიახლისკენ გასასვლელი კარია, გარდატეხაა, გაელვებაა, რომელზეც აღიბეჭდება დრო და რომლის დროსაც ერთდროულად წარსულიც იქმნება და მომავალიც. თუ ამ დეტალებს მივიღებთ მხედველობაში, მე იეშუას არ შევხვედრივარ.

.....
იეშუა თავის როლს თამაშობდა, მე - ჩემსას. ისე, სხვებს ვერასდროს აღვიქვამთ ისეთად, როგორებიც სინამდვილეში არიან. მათზე მხოლოდ ნაწილობრივი და დაქუცმაცებული დროის ინტერესებით განპირობებული წარმოდგენა გვაქვს. ჩვენ ვცდილობთ, ადამიანურ კომედიაში ხაზი გავუსვათ მხოლოდ საკუთარ როლს, გავითამაშოთ (ეს კი ადვილი ნამდვილად არ არის) და ვებღაუჭებით საკუთარ ტექსტს, სიტუაციას. იმ ღამეს ჩვენ მხოლოდ ორი მსახიობი ვიყავით. იეშუა სასამართლოს პროცესისას დაშვებული შეცდომის მსხვერპლს განასახიერებდა, მე, პილატე კი სამართლიან, მიუკერძოებელ იმპერატორის ნაცვალს.


Trial of Jesus Before Pilate Eric de Saussure,
 1968
.....
ჩემი მოსაზრებანი და დასკვნები კლაუდიას ყოველ ჯერზე სიცილს ჰგვრის. მიმტკიცებს, იეშუას არანაირი საბაბი არ ჰქონდა იმისთვის, რომ ჩვენ შორის დამკვიდრებულიყო. მისი ერთხელ მოსვლა სრულიად საკმარისი იყო და მეტისმეტად ბევრი მტკიცებულების წარდგენა არ სჭირდებოდა. კლაუდია დარწმუნებულია, რომ იეშუა მთელი თავისი სიძლიერითა და სიაშკარავით ხშირად რომ გამოცხადბულიყო, აუცილებლად მისდაუნებურად მოახდენდა ადამიანებზე ზეწოლას. აუძულებდა მათ, მი ფეხთით გართხმულიყვნენ და ერთგვარად ინსტინქტს მიმსგავსებულ ბუნებრივ კანონს დაუმორჩილებდა. ის სრულიად საწინააღმდეგოდ მოიქცა. მან ადამიანი თავისუფალი გახადა. ყველას გვიბოძა შესაძლებლობა, თავად გადავწყვიტოთ, გვწამდეს თუ არ გვწამდეს. განა შეიძლება გაიძულონ, ვინმეს შეუერთდე? განა შეიძლება ვინმემ გაიძულოს, გიყვარდეს? ყველა თავად უნდა განაგებდეს საკუთარ ბედ-იღბალს. ყველა თავად უნდა განეწყოს როგორც რწმენისთვს, ასევე სიყვარულისთვის. იეშუა პატივს სცემს ადამიანებს. თავისი ისტორიით გვაძლევს ნიშანს და გვანიჭებს სრულ თავისუფლებას, ეს ნიშანი ყოველმა ჩვენგანმა თავისებურად განმარტოს. იეშუას ისე ძლიერ ვუყვარვართ, რომ ვერ დაგვაძალებს. და რომ ვუყვარვართ, იმიტომაც მოგვცა ორჭოფობის უფლება; არჩევანის უფლება, რომელსაც ის გვიტოვებს, იეშუას საუდუმლოს მეორე სახელია.

.....
კიდევ ერთი რამ გვითხრა იეშუამ: უნდა გვიყვარდეს ნებისმიერ გარემოებაში, უნდა გვიყვარდეს ყველგან და ყოველთვის. მაშინაც კი, როცა გვაიძულებენ ვიცრუოთ, უნდა გვეყოს ვაჟკაცობა, გვიყვარდეს

.....
საჭიროა ერთდროულად გწამდეს და გესმოდეს კიდეც.

.....
Georges Rouault
ამ დილით კლაუდიას, თავს რომ უკვე ქრისტიანად მიიჩნევს, ვუთხარი, რომ ამქვეყნად ქრისტიანთა მხოლოდ ერთი თაობა იარსებებს. ეს ის თაობაა, ქრისტე მკვდრეთით აღმდგარი რომ იხილა. ეს რწმენა მათთან ერთად გაქრება, როგორც კი ბოლო მოხუცი, რომლის მახსოვრობას ცოცხალი იეშუას სახე და ხმა შემორჩა, თვალებს დახუჭავს.
-ასე რომ, მე ვერასდოდეს გავხდები ქრისტიანი, კლაუდია. მე არაფერი მინახავს, ყველაფერს გამოვაკლდი, ყველაფერი ჩემ გარეშე მოხდა. ძალიან დამაგვიანდა... რომ მწამდეს, ალბათ ჯერ ის უნდა ვირწმუნო, რაც სხვებმა იხილეს და იწამეს.
-იქნებ პირველი ქრისტიანი სულაც შენ ხარ, პილატე?








ფრანგულიდან თარგმნა მერაბ ფიფიამ
"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა",

2011, 2013, 2014 წ.