Monday, May 15, 2017

ბოჰუმილ ჰრაბალი - მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა


„მხოლოდ მზეს აქვს უფლება, ჰქონდეს ლაქები“.
იოჰან ვოლფგან გოეთე




.....
ჩემდა უნებურად ვარ განათლებული და ისიც კი არ ვიცი, რომელი აზრებია ჩემი, ჩემში დაბადებული და რომელი - ამოკითხული.

.....
დღევანდელზე უფრო ლამაზი იყო ის ხანა, როცა მთელი აზრები ადამიანის მეხსიერებაში იყო ჩაწერილი. მაშინ ვინმეს წიგნების განადგურება რომ მოენდომებინა, წნეხში ადამიანის თავების გატარება მოუწევდა, მაგრამ არც ეს უშველიდა საქმეს, რადგან ჭეშმარიტების შემცველი აზრები გარედან მოდის, ჩვენ გვერდით არსებობს ისე, როგორც ჯამში ჩაყრილი ატრია არსებობს, ამიტომ არის, რომ მთელი მსოფლიოს კონიაშები ტყუილად წვავენ წიგნებს და თუ წიგნებში რამე ჭეშმარიტება წერია, მათი წვისას მხოლოდ ჩემი სიცილი ისმის, რადგან რიგიანი წიგნი სადღაც სხვაგან და გარეთ იყურება.

.....
როდესაც კარგ წიგნში ვიყურები და თან დაბეჭდილი სიტყვებისგან ვთავისუფლდები, სხვა არაფერი რჩება, გარდა არამატერიალური აზრებისა, რომლებიც ჰაერში დაფრინავენ, ჰაერს ეყრდნობიან, ჰაერით იკვებებიან და ჰაერს უბრუნდებიან, რადგან ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ხომ ჰაერია, თან არსებობს, თან არა, როგორც წმინდა ზიარებისას სისხლი.

.....
სხვა არაფერი ვარ, თუ არა ფაქიზი ყასაბი.

.....
ოცნებით გართულს დღეს აღმოჩენილი წიგნები პორტფელით შინ მიმაქვს, მწვანეზე ისე გადავდივარ, ვერც კი ვხვდები, არც ლამპიონებს ვეჯახები და არც გამვლელებს, მივაბიჯებ და ლუდითა და ჭუჭყით ვყარვარ და მიუხედავად ამისა, ვიღიმები, რადგან პორტფელში მიწყვია წიგნები, რომლებისგანაც მოველი, რომ დღეს საღამოს საკუთარი თავის შესახებ რამე ახალს შევიტყობ, იმას, რაც ჯერ არ ვიცი.

.....
ასე ვიკუნტები ხოლმე, როგორც კატის კნუტი ზამთარში, როგორც სარწეველა სავარძლის ფეხი, იმიტომ რომ შემიძლია თავს უფლება მივცე, ვიყო მიტოვებული, თუმცა მიტოვებული არასდროს ვარ, უბრალოდ მარტო ვარ, რათა მოვახერხო მოძალებული აზრების სიმარტოვეში ცხოვრება, იმიტომ რომ, ცოტა არ იყოს, უსასრულოსა და მუდმივის მქადაგებელი ვარ, მუდმივსა და უსასრულოს კი მოსწონთ ისეთი ადამიანები, როგორიც მე ვარ.

.....
ზეცა სულაც არ არის ჰუმანური და არც მოაზროვნე ადამიანია ჰუმანური.

.....
სენდბერგის ლექსის ნაწყვეტები მახსენდებოდა, რომ ადამიანისგან ფოსფორის პატარა გროვა დარჩება, ასანთის ერთი კოლოფისთვის საკმარისი და იმდენი რკინა, რამდენიც ერთი ისეთი კაუჭის გამოჭედვას ეყოფა, რომელზეც ზრდასრული ადამიანი თავის ჩამოხრჩობას შეძლებს.

.....
თალმუდის ფრაზას ვატარებდი წნეხში: „ჩვენ ზეთისხილს ვგავართ, მხოლოდ დაწურვის შემდეგ გავცემთ იმ საუკეთესოს, რაც ჩვენში იმალება“.

.....
ვხვდებოდი, რა ზუსტი იყო, რემბოს ლექსი, რომ სულიერი ბრძოლა ისევე საზარელია, როგორც სხვა ნებისმიერი ბრძოლა., ვფიქრობდი ქრისტეს დაუნდობელ სიტყვებზე: მშვიდობის კი არა, მახვილის მომტანად მოვედი. და სარდაფებში, მიწისქვეშა არხებში, კლოაკებსა და პოდბაბიეს გამწმენდ სადგურში სტუმრობის შემდეგ ყოველთვის ვმშვიდდებოდი და რადგან, ჩემდა უნებურად განათლებული ვიყავვი, მოწიწებითა და აღფრთოვანებით მახსენდებოდა ჰეგელი, რომელიც მასწავლიდა, რომ ერთადერთი, რისაც შეიძლებოდა ამქვეყნად შეგეშინდეს, გახევების მდგომარეობაა, რომ მხოლოდ მომაკვდავი ფორმების უძრაობაა შიშის მომგვრელი და რომ სიხარული შეიძლება მხოლოდ იმან მოგვანიჭოს, როცა არა მხოლოდ ცალკეული პიროვნება, არამედ მთელი საზოგადოება ახერხებს ბრძოლით გაახალგაზრდავებას.

.....
ღამის მთელი დარჩენილი ნაწილი ვეხვეწებოდი, ეპატიებინა ჩემთვის მომხდარი, არ მაპატია და დილით თავაწეულმა და ამაყმა დატოვა სასტუმრო, რათა აღესრულებინა ლაო-ძის სიტყვები: „ამქვეყნად მხოლოდ ის ადამიანია მიბაძვის ღირსი, რომელმაც შეიცნო თავისი სირცხვილი და შეინარჩუნა თავისი სიდიადე...“

.....
თავბრუ მეხვეოდა მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობისგან.

.....
რაღაც მოუხერხებლად კი ეფერება ბავშვს, მაგრამ ამ მოფერებით კაცს ძალა ეძლევა, არა კუნთების, არამედ სულიერ ძალას ვგულისხმობ.

.....
ვეხვეწებოდი, რომ კიდევ ერთხელ ეპატიებინა ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ არ მესმოდა, რა ჰქონდა ჩემთვის საპატიებელი, მაგრამ ასეთი ვარ, გამუდმებით ყველას პატიებას ვთხოვ, იმიტომ რომ ხანდახან საკუთარ თავსაც ვთხოვ პატიებას იმისთვის, რომ ისეთი ვარ, როგორიც ვარ, საკუთარი ბუნებისათვის...

.....
ზეცა სულაც არ არის ჰუმანური ისევე, როგორც სიცოცხლე ჩემ ზევით, ჩემ ქვევით და ჩემში.

.....
კუბოში ჩაწვენილ ბიძაჩემს ტანსაცმელში ჩავუტენე ეს ყველაფერი და თავზე რკინიგზელის ქუდი დავახურე, რომელიც ჯიხურში ეკიდა, მერე იმანუელ კანტი მოვიტანე და იმ ადგილზე გადაშლილი ჩავჩარე თითებს შორის, რომელიც ყოველთვის აღმაფრთოვანებდა... „ორი რამ ავსებს სულს მუდამ ახალი და მით უფრო ძლიერი გაკვირვებით... ესენია ვარკსვლავიანი ცა ჩემ ზემოთ და მორალური კანონი ჩემში...“, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე და უფრო ლამაზ სიტყვებზე გადავშალე წიგნი... ახალგაზრდა კანტის სიტყვებზე: „ზაფხულის ღამით ვარსკვლავები ციმციმებენ და მთვარე სავსეა, მეტისმეტად მგრძნობიარე ვხდები და სამყაროსა და უსასრულობისადმი მეგობრული თანაგრზნობა და მავე დროს მედიდურობა მავსებს...

.....
იმანუელ კანტის „ცის თეორიას“ ვკითხულობდი იმის შესახებ, როგორ ლაპარაკობს უკვდავი სული სიჩუმეში, ღამის ყოვლისმომცველ სიჩუმეში, როდესაც ყველა გრძნობას სძინავს, უცნობ ენაზე იმ ცნებების შესახებ, რომელთა გაგებაც შესაძლებელია, მაგრამ შეუძლებელია აღწერა...



.....
დღეს წყლით გაჟღენთილი ვინსენტ ვან გოგის ასობით დიდი რეპროდუქციის წნეხა დავიწყე, ამიტომ ყოველი შეკვრის გვერდები ცისფერ ფონზე დახატული ოქროსფერი და ნარინჯისფერი მზესუმზირებით ბრწყინავდა, რაც ოდნავ არბილებდა დაწნეხილი თაგვების, მათი ბუდეებისა და დამპალი ქაღალდის სუნს.

.....
თაგვი ბრუნდებოდა და ჩემს ლანჩასთან ბრძოლას აგრძელებდა, ბოლოს კი სრულიად ძალაგამოცლილი კუთხეში დაჯდა და ყურება დამიწყო, თვალებსი მიყურებდა, მე კი კანკალმა ამიტანა, რადგან ვხედავდი, რომ იმწამს თაგვის თვალებში რაღაც იმაზე მეტი ანათებდა, ვიდრე ვარსკვლავებიანი ცაა ჩემ ზევით და მორალური კანონი ჩემში. მეხის გავარდნასავით დამატყდა უცებ არტურ შოპენჰაუერის სიტყვები, რომ უმაღლესი კანონი სიყვარულია, სიყვარული კი თანაგრძნობაა და უცებ მივხვდი, რატომ ვერ იტანდა შოპენჰაუერი დიდ ჰეგელს და მიხაროდა, რომ ჰეგელი და შოპენჰაუერი არ იყვნენ დაპირისპირებული არმიების მთავარსარდლები, რადგან ზუსტად ისე იომებდნენ ერთმანეთში, როგორც ვირთხების ორი კლანი ომობს პრაღის მიწისქვეშეთის ყველა კლოაკასა და წყალსადენ არხში.

.....
თავიდან მეგონა, შეშას მხოლოდ ჩემი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად უკეთებს ღუმელს-მეთქი, მერე კი მივხვდი, რომ საქმე მასში იყო, რომ ცეცხლი მასში ენთო და უცეცხლოდ, ალბათ, ცხოვრება არ შეეძლო.


.....
Vincent van Gogh: Starry Night on the Rhone;1888
თვალების თეთრი გარსი ანათებდა. სიბნელეში იმაზე უკეთ ვხედავდით ერთმანეთს, ვიდრე კაშკაშა სინათლეში დავინახავდით და საერთოდ, მიყვარდა ბინდი, მხოლოდ ბინდში მიჩნდებოდა იმის შეგრძნება, რომ შეიძლება რამე განსაკუთრებული მოხდეს; მოსაღამოვების შემდეგ, ბინდში, ყველაფერი უფრო ლამაზად გამოიყურება, ყველა ქუჩა, ყველა მოედანი, საღამოობით ხომ ყოველი ადამიანი, აი თავისთვის რომ მისეიორნობს, იასავით ლამაზია, მეტიც, სიბნელეში ისეთი შეგრძნება მიჩნდებოდა, რომ მეც ახალგაზრდა და ლამაზი ვარ, სიბნელეში სარკეშიც სიამოვნებით ვიხედებოდი, მიყვარდა, ვიტრინებში რომ ვიყურებოდი და ვხედავდი, ქუჩაში როგორ მივაბიჯებ; მეტიც, სიბნელეში საკუთარ სახეს თუ ვეხებოდი თითებით, ვხედავდი, რომ ერთი ნაოჭიც კი აღარ მქონდა, არც პირის ირგვლივ და არც შუბლზე და რომ დაბინდებასთან ერთად ცხოვრებაში ის დრო დგებოდა, რომელსაც მშვენიერების დრო ეწოდება.

.....
ზეცა ჰუმანური არ არის, თუმცა მე თვითონ მაშინ ჯერ კიდევ ჰუმანური ვიყავი.

.....
არ არის ზეცა ჰუმანუტი, მაგრამ, ეტყობა, მასზე რაღაც უფრო დიდი არსებობს, ეს სიყვარული და თანაგრძნობაა, რომელთა დავიწყებას დიდხანს ვცდილობდი და ბოლოს დამავიწყდა.



                                       .....
მე იმის შეგნება შემაშინა, რომ ეს გიგნატური წნეხი სასიკვდილო დარტყმაა ყველა პატარა წნეხისთვის, მივხვდი, რომ ის, რასაც ახლა ვხედავ, ახალი ეპოქის დასაწყისია ჩემს საქმიანობაში, რომ ეს სულ სხვა ხალხია და მუშაობის სულ სხვა მეთოდი. ეპოქა, რომელიც დაუდევრობით გადაყრილი წიგნებისა და ბუკლეტების  სახით აღწევდა მაკულატურის მიმღებ პატარა პუნქტებში, რომ ის, რასაც ახლა ვხედავ, აზროვნების ახალი სტილია, იმიტომ რომ, მართალია, ყოველმა მუშამ ყოველი გამოცემიდან, შეიძლება თითო წიგნი აიღოს, მეტიც, შეიძლება, წაიკითხოს კიდეც ეს წიგნი, მაგრამ ეს ყველა მომცრო მიმღები პუნქტისა და, მათ შორის, ჩემი დასასრულიცაა, რადგან ჩვენ, ყველანი, ქაღალდის წნეხაში დაბერებული მუშები, ჩვენდა უნებურად განათლებულები ვიყავით, ჩვენდა უნებურად ყოველ ჩვენგანს მაკულატურში ნაპოვნი წიგნებისგან შედგენილი რიგიანი ბიბლიოთეკა ჰქონდა შინ და რაც მთავარია, ჩვენ ამ წიგნებს იმ ნეტარი იდეით შეპყრობილები ვკითხულობდით, რომ ერთხელაც რაღაც ისეთს ამოვიკითხავდით, რაც არსებითად შეგვცვლიდა.

.....
სრულებით არ აფორიაქებდათ, რომ შვებულებას ელადაში გაატარებდნენ, რადგან არაფერი იცოდნენ არისტოტელეს, პლატონისა და ანტიკური საბერძნეთიდან ჩვენს დღემდე გამოწვდილი ხელის, გოეთეს შესახებ, მშვიდად აგრძელებდნენ მუშაობას, წიგნებს ყდებს აგლეჯდნენ და შემდეგ სასოწარკვეთილ, შეიშინებულ გვერდებს კონვეიერზე ყრიდნენ.

.....
შემდეგი კვირიდან გამომცემლობა „მელანტრიხში“ გავდიოდი და იქ ჩემი ერთადერთი საქმე სუფთა ქაღალდის შეფუთვა იქნებოდა. ამის გაგონებაზე თვალები ამიჭრელდა, გამოდიოდა, რომ მე, რომელიც  ოცდათხუთმეტი წელია, მუყაოსა და ძველ ქაღალდს ვწნეხ, მე, რომელსაც არ შემეძლო ცხოვრება იმ სიუპრიზებისა და ჯილდოს მოლოდინის გარეშე, რომ საზიზღარი მაკულატურიდან ყოველ წამს შეიძლება მშვენიერმა წიგნმა ამოყვინთოს, უნდა წავსულიყავი და არაადამიანურად თეთრი ქაღალდი მეფუთა.

.....
საკმარისია, თვალები დავხუჭო და ყველაფერი იმაზე უფრო რეალურად წარმომიდგება ხოლმე თვალწინ, ვიდრე სინამდვილეშია.

.....
რატომ ამბობდა ლაო-ძი, რომ დაბადება გამოსვლაა, სიკვდილი კი შესვლა? ორი რამ ავსებს სულს მუდამ ახალი და მით უფრო ძლიერი გაკვირვებით, ერთ-ერთი ღამის მოციმციმე სინათლეა...
 
Bohumil Hrabal;, Libeň, 1965



No comments:

Post a Comment