Sunday, April 16, 2017

დინო ბუცატი "თათრების უდაბნო"




უფროსი სერჟანტი გაჩუმდა. დროგო შეშინებული  უყურებდა. ციხესიმაგრეში ოცდაორი წლის სამსახურის მერე რა დარჩა ამ კაცისგან? ნეტავ კიდევ ახსოვს ტრონკს, რომ სადღაც სხვაგან მილიონობით მისნაირი ადამიანი არსებობს? რომლებსაც სამხედრო ფორმა არ აცვიათ? თავისუფლად სეირნობენ ქალაქში და ღამითაც თავიანთი სურვილისამებრ შეუძლიათ დაძინება ან ტრაქტირსა თუ თეატრში წასვლა? არა, ერთი შეხედვითაც მიხვდებოდი, რომ ტრონკს დავიწყებოდა სხვა ადამიანების არსებობა. მისთვის მხოლოდ ციხესიმაგრე არსებობდა თავისი საძულველი წესებით. ტრონკს აღარ ახსოვდა, როგორ ნაზად ჟღერდა გოგონების ხმები, როგორი იყო ბაღები, მდინარეები, ხეები თუ არ ჩავთვლით გამხმარ იშვიათ ბუჩქებს, რომლებიც ციხესიმაგრის ირგვლივ იზრდებოდა.
დიახ, ტრონკიც დროგოსავით ჩრდილოეთისკენ იყურებოდა, მაგრამ სულ სხვა განზრახვით: ის ახალ სანგრამდე მისასვლელ ბილიკს, თხრილს, კონტრესკარპს გაჰყურებდა, ყურადღებით ათვალიერებდა ციხესიმაგრის მისასვლელებს, მაგრამ  არ აინტერესებდა არც ველური კლდეები, არც ველის იდუმალი სამკუთხედი და არც თეთრი ღრუბლები, რომლებიც ღამის ცაზე მიცურავდნენ.
  
.....
სხვებთან, კოლეგა ოფიცრებთან, რა თქმა უნდა, ძლიერ კაცად უნდა გამოჩენილიყო, მათთან ერთად უნდა ეცინა და მოეყოლა უხამსი ანკდოტები სამხედროებსა და ქალებზე. ვისთვის შეიძლებოდა გაემხილა სიმართლე, თუ არა დედისთვის? დროგოს სიმართლე კი იმ საღამოს მამაცი ჯარისკაცის სიმართლე არ იყო, ციხესიმაგრია მკაცრ კანონებს არ შეესაბამებოდა, აქაურები დასცინებდნენ კიდეც. სიმართლე ის იყო, რომ მგზავრობამ დაღალა, მოსაწყენი კედლები გულს უმძიმებდა, თავს მარტოსულად გრძნობდა.

.....
აქამდე მან უზრუნველი სიყმაწვილი წლები გაიარა. გზა, რომელზეც ბავშვობიდან მიაბიჯებდა, უსასრულო ჩანდა, სადაც წლები ნელა გადის, ოდნავ შესამჩნევი ნაბიჯებით, ისე, რომ ვერავინ ამჩნევს მას. მიაბიჯებ შენთვის მშვიდად, ირგვლივ ცნობისმოყვარედ იყურები, აჩქარება საჭირო არ არის, უკან არავინ მოგდევს, არც არავინ გელოდება. ამხანაგებიც დაუფიქრებლად მოგყვებიან, ხშირად ჩერდებიან, რომ იხუმრონ. კარის ზღურბლზე გამოჩენილი ადამიანები თბილად გესალმებიან და მრავლისმეტყველი ღიმილით ჰორიზონტისკენ მიგითითებენ. და გული ტკბილი ოცნებებისა და საგმირო საქმეებისთვის გიძგერს, უკვე წინასწარ გრძნობ იმ გასაოცარ მოვლენებს, რომლებიც წინ გელოდება. ჯერ არაფერი ჩანს, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ხარ, რომ დადგება დრო და ყველაფერი ასრულდება.
კიდევ ბევრი დარჩა? არა, საკმარისია, ის მდინარე გადალახო ქვემოთ, ის მწვანე გორაკები. იქნებ უკვე მოვედით? ამ ხეებთან, ამ მინდვრებთან, ამ თეთრ სახლთან არ მოვდიოდით? რამდენიმე წამი გექმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ასეა, მაგრამ მერე გესმის, რომ ყველაფერი საუკეთესო წინ გელოდება და უდარდელად აგრძელებ გზას. ასე მიდიხარ უკეთესის მოლოდინში დარწმუნებული, დღეები კი გრძელი და მშვიდია. მაღლა ცაში მზე კაშკაშებს და თითქოს არ აპირებს ჩასვლას.
მაგრამ უცებ, თითქმის ინსტინქტურად, უკან მოვიხედავთ და ვხედავთ, რომ ჩვენ ზურგს უკან ჭიშკარი ჩარაზულია და უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილია. ახლა კი გრძნობ, რომ რაღაც შეიცვალა: მზე უძრავი აღარ გეჩვენება, სწრაფად იცვლის ადგილს ცაზე. ვერ ასწრებ, დატკბე ამ სანახაობით, რომ ის უკვე ჰორიზონტს უახლოვდება. ღრუბლები ცის ლაჟვარდოვან ყურეებში აღარ ცურავენ და ერთმანეთზე მიწყობილი სადღაც მიჰქრიან. უკვე ხვდები, რომ დრო გადის და შენი გზა ადრე თუ გვიან უნდა დამთავრდეს.
რაღაც მომენტში ჩვენს ზურგს უკან ელვის სისწრაფით ჩაიკეტება მძიმე ჭიშკარი და უკან მობრუნებას ვეღარ შეძლებ. მაგრამ სწორედ ამ მომენტში ჯოვანი დროგოს უდარდელად ეძინა და ძილში ბავშვივით იღიმებოდა.
მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ მიხვდა დროგო, რაც მოხდა. მაშინ ეს მისთვის გამოღვიძება იქნება. ირგვლივ ურწმუნოდ მიმოიხედავს, მერე ზურგს უკან ნაბიჯების ხმას გაიგებს. დაინახავს ადამიანებს, რომლებმაც მასზე უფრო ადრე გაიღვიძეს და ახლა ისინი აქოშინებულები ცდილობენ, გაასწრონ. იგრძნობს დროის ცემას, რომელიც ძუნწად ზომავს მისი სიცოცხლის დღეებს. ფანჯრებში დაინახავს მომღიმარ ადამიანებს, მათი სახეები უძრავი და გულგრილი იქნება; და თუ იკითხავს, რამდენი დარჩა გასავლელიო, მას ისევ ჰორიზონტისკენ მიუთითებენ, მაგრამ ყოველგვარი კეთილგანწყობის გარეშე. ამასობაში მეგობრები თვალთახედვიდან იკარგებიან. ვიღაც უკან რჩება, ვიღაც წინ გარბის: აი, ეს არის  - პაწაწინა წერტილი ჰორიზონტზე.
ეს მდინარე უნდა გადაიარო, ეტყვიან. კიდევ ათი კილომეტრი და მისული იქნები. მაგრამ გზა არასდროს მთავრდება. დღეები ხანმოკლე ხდება. მგზავრები ცოტავდებიან. ფანჯრებში უახლოესი ფიგურები ჩანს, რომლებიც რაღაცას ამბობენ და თავს იქნევენ.
ასე იქნება იქამდე, ვიდრე დროგო სრულიად მარტო არ დარჩება და ჰორიზონტზე უნაპირო, უძრავი ტყვიისფერი ზღვის ვიწრო ზოლი არ გამოჩნდება. ის დაღლილობას იგრძნობს, გზის გასწვრივ მდგარი სახლების ფანჯრები დაკეტილი იქნება, ის ადამიანები კი, რომლებსაც შემთხვევით მოჰკრავს თვალს, მისი კითხვების პასუხად მხოლოდ ხელებს გაშლიან: ყველაფერი კარგი შორს, წარსულში დარჩა, შენ კი ისე ჩაუარე, რომ ვერც მიხვდი. ახლა უკვე გვიანია დაბრუნება ზურგს უკან ხალხის ჩოჩქოლი ძლიერდება: ისინი მას მოჰყვებიან და ცდილობენ, დაეწიონ, იმავე ილუზიებით წაქეზებულნი, რომლებიც ჯერ კიდევ არ ჩანს უკაცრიელ თეთრ გზაზე.

.....
ბოლოსდაბოლოს, დროგო რაღაცას მიხვდა. ის აკვირდებოდა ჩამოკიდებული სამხედრო ტანსაცმელის მრავალირცხოვან ჩრდილს, რომლებიც ლამპის მთრთოლვარე შუქზე ირხეოდა და უცებ გაიფიქრა, რომ ზუსტად ამ დროს პოლკოვნიკმა თავისი საიდუმლო კაბინეტის ფანჯარა გააღო, რომელიც ჩრდილოეთს გაჰყურებდა. დარწმუნებული იყო: შემოდგომის ბნელ და მოსაწყენ ღამეს ციხესიმაგრის კომენდანტი ჩრდილოეთისკენ იყურებოდა, ხეობის შავი ნაპრალებისკენ.
ჩრდილოეთის უდაბნოდან იღბალს უნდა მოეღწია, არაჩვეულებრივ თავგადასავალს, იმ საოცარ შემთხვევას, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადაეყრება ხოლმე ნებისმიერი. სწორედ ამ გაურკვეველი შემთხვევითობის გამო, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო ბუნდოვანი ხდებოდა, ატარებდნენ მამაკაცები თავიანთი ცხოვრების საუკეთესო წლებს ციხესიმაგრეში.
ნორმალური ცხოვრება, უბრალო ადამიანური სიხარული, ჩვეულებრივი ბედი მათთვის უცხო იყო. ისინი გვერდიგვერდ  ცხოვრობდნენ, ერთი და იგივე ოცნება ჰქონდათ, რომელზეც არასდროს სიტყვა არ დასცდებოდათ, სრულიად გაუაზრებლად, ან შეიძლება, იმიტომ, რომ ჯარისკაცები იყვნენ და სულში ხელების ფათური არ უყვარდათ.
ალბათ, ტრონკსაც ჰქონდა ასეთი ოცნება. პედანტურად იცავდა წესდების პარაგრაფებს, ამაყობდა თავისი არაჩვეულებრივი პასუხისმგებლობის გრძნობით და თავს იტყუებდა, რომ ეს საკმარისი იყო. მისთვის რომ ეთქვათ, ყველაფერი უცვლელად დარჩება, შენი ცხოვრების ბოლომდე ასე იქნება და დროა გამოფხიზლდეო, იტყოდა, არა, ეს შეუძლებელიაო. რაღაც განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო, ნამდვილად მნიშვნელოვანი რამ, რის შემდეგაც შეიძლებოდა თქმა: მართალია, დამთავრდა, მაგრამ დასანანი ნამდვილად არაფერია.
დროგომ ამოიცნო მათი მარტივი საუდუმლო და შვებით გაიფიქრა, რომ მას, როგორც გარედან მაყურებელს, ეს არ  ეხებოდა. მადლობა ღმერთს, ოთხ თვეში აქაურობას სამუდამოდ გაეცლებოდა. ძველი ციხესიმაგრის იდუმალი მომხიბვლელობა უცნაურად გაქრა. ყოველ შემთხვევაში, დროგო ასე ფიქრობდა. მაგრამ რატომ უყურებდა ასე ეჭვიანად? რატომ მოუნდა, მხიარულად დაესტვინა, ღვინო დაელია და სუფთა ჰაერზე გასულიყო? ამით საკუთრი თავისთვის იმის დამტკიცება ხომ არ უნდოდა, რომ ნამდვილად თავისულფალი და მშვიდი იყო?

.....
ახლა ეს ყველაფერი მისი ნაწილი გახდა და მასთან განშორება აღარ უნდოდა. თუმცა დროგომ არ იცოდა, ვერც კი წარმოედგინა, რომ აქედან გამგზავრება ახლა უკვე გაუჭირდებოდა; არც ის იცოდა, რომ ციხესიმაგრეში ცხოვრება საოცარი სისწრაფით შთანთქავდა ამ ერთფეროვან დღეებს. გუშინდელი და გუშინწინდელი დღეები ერთნაირი იყო, მათ შორის განსხვავებას ვეღარ ხედავდა; სამი დღის წინ თუ ოცი დღის წინ მომხდარი ამბები ერთნაირად შორეულად ეჩვენებოდა. დრო ისე გადიოდა, რომ დროგო ვერც კი ამჩნევდა.



......
  არავინ იყო, ვინც ეტყოდა: „ფრთხილად, ჯოვანი დროგო!“. ცხოვრება დაუშრეტელად ეჩვენებოდა; ეს კი მუდმივი ილუზია იყო: ახალგაზრდობა ხომ უკვე გადიოდა. მაგრამ დროგომ არ იცოდა, რა იყო დრო. ღმერთებივით წინ ახალგაზრდობის ასეულობით წლებიც ხომ ჰქონოდა, მისთვის ესეც არაფერი იქნებოდა. მაგრამ მის განკარგულებაში მხოლოდ ადამინური ცხოვრება იყო, თავისი ძუნწი სიჩქარით - ხანმოკლე ახალგაზრდობით, რომლის წლები შეიძლება თითებზე ჩამოთვალო და რომელბიც ისე გაირბენს, ვერც კი შეამჩნევ.
„წინ კიდევ დიდი დრო მაქვს“, - ფიქრობდა დროგო. სმენოდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომელბიც რაღაც მომენტში (რა უნცაურია!) სიკვდილს ელოდებოდნენ - ამ ცნობილ და აბსურდულ მოვლენას. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მას არ ეხებოდა.  

            .....
უცებ დროგო ყველაფერს მიხვდა და ტანში ჟრუანტელმა დაუარა, წყალი იყო, შორეული ჩანჩქერის ხმა, გრიალით რომ სწყდებოდა კლდის ფერდობებს. ქარი, რომელიც წყლის ნაკადს სისწრაფეს მატებდა, იდუმალ ექოს ქმნიდა, ქვები სხვადასხვანაირად ეხმიანებოდნენ ნაკადის დაცემას და ეს ყველაფერი ადამიანის ხმას წააგავდა, ადამიანისა, რომელიც თითქოს გაუთავებლად ჩვენი ცხოვრების სიტყვებს ღიღინებს, შენ კი, როგორც ყოველთვის, გგონია, რომ ცოტაც და გაიგებ მათ, მაგრამ ეს არასდროს ხდება.
გამოდის, რომ მღეროდა არა ჯარისკაცი, არა ადამიანი, რომელსაც შეუძლია იგრძნოს სიცივე, დასჯა, სიყვარული, არამედ მის მიმართ მტრულად განწყობილი მთები მღეროდნენ. „რა მწარედ შევცდი, - გაიფიქრა დროგომ. - ალბათ, ყველაფერი ასეა ცხოვრებაში: გვჯერა, რომ ირგვლივ მხოლოდ ჩვენი მსგავსი ქმნილებები არიან და არა ყინული და ქვები, რომლებიც გაუგებარ ენაზე ლაპარაკობენ. გინდა, მეგობარს მიესალმო, მაგრამ ხელი დუნედ გივარდება, ღიმილი ქრება, რადგან ამჩნევ, რომ სრულიად მარტო ხარ.“

.....
თითქმის ორი წლის მერე ჯოვანი დროგოს ციხესიმაგრეში თავის ოთახში ეძინა. ოცდაორი თვე ისე გავიდა, არანაირი სიახლე არ მოუტანია, ის კი ელოდებოდა, რომ ცხოვრება მისთვის განსაკუთრებულ ხელგაშლილობას გამოიჩენდა. ოცდაორი თვე ხომ დიდი დროა და ამ ხნის განმავლობაში შეიძლება ბევრი რამ მოხდეს: ახალი ოჯახები იქმნება, ბავშვები იბადებიან და ლაპარაკსაც იწყებენ, სადაც ადრე მხოლოდ მდელო იყო, ახლა შეიძლება დიდი სახლი იდგეს, ლამაზი ქალი ბერდება და აღარავისთვის არის სასურველი, ავადმყოფობაც კი (თუნდაც ადამიანმა ამაზე არაფერი იცოდეს და უდარდელად იცხოვროს), რომელიც დიდხანს გრძელდება და ნელ-ნელა გასახრწნელად ამზადებს შენს სხეულს, რაღაც მომენტში უკან იხევს, თითქოს გამოჯანმრთელდი, მაგრამ მერე უფრო ღრმად აღწევს ორგანიზმში, უკანასკნელ იმედებს შეიწოვს; ამ დროის განმავლობაში შეიძლება მიცვალებული დამარხონ და დავიწყებაც კი მოასწრონ ისე, რომ მის შვილს სიცილი და საღამოობით ბულვარში, სასაფლაოებს ღობის გასწვრივ, გოგონებთან ერთად სეიორნობაც შეეძლოს.
დროგოს ცხოვრება კი თითქოს გაჩერდა. გეგონებოდათ, ერთი და იგივე დღე ასჯერ მეორდებოდა ისე, რომ ოდნავადაც არ იცვლებოდა. დროის მდინარე ციხესიმაგრის თავზე მიედინებოდა, კედლებს ხეთქავდა,მტვერს და ქვის ნატეხებს ძირს ყრიდა, საფეხურებსა და ჯაჭვებს ქლიბავდა, მაგრამ დროგოზე არ მოქმდებდა: დროის მდინარემ ჯერ კიდევ ვერ შეძლო მისი ჩართვა თავის სრბოლაში.

.....
მინიდან, თუმცა დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეიძლებოდა ცის დანახვა. „ეს იგივე ცაა, - ფიქრობდა, ალბათ, ოფიცერი. - იგივე მზეა, რომელიც უსახურ პირსაბანებსაც ანათებს და შორეულ მინდვრებსაც.“

.....
პირსაბანი ოთახის მტვრიანი ფანჯრიდან, რა უცნაურიც უნდა იყოს, ლამაზი თეთრი ღრუბლები ჩანდა. ზუსტად ასეთი ღრუბლები ახლა შორეული ქალაქის თავზე დაცურავენ. მოსეირნე ხალხი დროდადრო მათ უყურებს, იმით გახარებული, რომ ზამთარი გავიდა; თითქმის ყველას ახალი და ახლახან მოწესრიგებული ტანსაცმელი აცვია, ახალგაზრდა ქალებს ყვავილებით მორთული ქუდები ახურავთ და ფერადი კაბები აცვიათ. ყველას ისეთი იერი აქვს, თითქოს ამწუთას რაღაც კარგი, სასიხარულო უნდა მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, ადრე ასე იყო, ახლა, ვინ იცის, იქნებ სხვა მოდაა. საინტერესოა, თუ ფანჯარაში ლამაზ გოგონას შეამჩნევ, გაგიღიმებს უბრალოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე?
ჭუჭყიანი მინებიდან კედლის ნაწილი ჩანდა. ისიც მზსი სხივებში ჩაძირული. მაგრამ ეს არ გახალისებდა. ყაზარმის კედელს მზე ანათებს თუ მთვარე, სულერთია, მთავარია, ყარაულის სამსახურის რიტმი არ დაირღვეს. ყაზარმის ერთი ჩვეულებრიი კედელია, მეტი არაფერი. მაგრამ შეორეული სექტემბრის ერთ დღეს ოფიცერი ამ კედლებს მაინც მოჯადოებული უყურებდა. მაშინ ეჩვენებოდა, რომ მათ იქით მკაცრი, მაგრამ შესაშური ბედი ელოდა. და თუმცა ამ კედლებს მომხიბვლელობისა არაფერი ეცხო, რამდენიმე წუთს მათ წინ მაინც უძრავად იდგა, თითქოს სასწაულს ხედავსო.

.....
ქალაქში უცხოსავით დახეტიალობდა, რომ ძველი მეგობრები ეპოვა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი ძალიან დაკავებულები იყვნენ თავიანთი დიდი საწარმოებით და პოლიტიკური კარიერით. სერიოზულ და მნიშვნელოვან საქმეებზე ელაპარაკებოდნენ: ქარხნებზე, რკინიგზებზე, საავადმყოფოებზე. ზოგიერთმა სადილად დაპატიჟა, რამდენიმე დაქორწინდა; ყველას თავისი გზა ჰქონდა ცხოვრებაში და ოთხ წელიწადში ჯოვანის დაშორდნენ. ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო ადრინდელი საუბრების, ხუმრობების, ფრაზების აღდგენა (იქნებ საერთოდ დაკარგა კიდეც ამის უნარი?). ქალაქში დახეტიალობდა, ძველ მეგობრებს ეძებდა. ისინი ბევრნი იყვნენ, მაგრამ ბოლოს ყოველთვის მართო რჩებოდა ტრტუარზე, საღამომდე კი ჯერ კიდევ ბევრი დრო იყო.

.....
ახლა, როცა მოახლოვდა, ადვილად იცნობთ და მის სახეზე რამე განსაკუთრებულ ტკივილს ვერ ამოიკითხავთ. ამრიგად, წინააღმდეგობა არ გაუწევია, სამხედრო სამსახური არ მიუტოვებია, უსამართლობას შეეგუა და თავის ადგილზე დაბრუნდა. გულის სიღრმეში კმაოფილიც კია, რადგან ცხოვრების მკვეთრი ცვლილებები თავიდან აიცილა და მშვიდად შეუძლია თავის ძველ ჩვევებს დაუბრუნდეს. დროგოს იმედი აქვს, რომ ოდესმე რევანშს აიღებს, სჯერა, რომ წინ ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს, ამიტომ უარს ამბობს წუთიერ ბრძოლაზე ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ფიქრობს, რომ დადგება დღე, როცა ცხოვრება გულუხვად დაასაჩუქრებს. მაგრამ ამასობაში სხვები ერთმანეთს პირველობას ხარბად ეცილებიან, დროგოს უსწრებენ და უკანმოუხედავად იტოვებენ უკან. დროგო შეცბუნებული გაჰყურებს მათ და უჩვეულო ეჭვები იპყრობს: ხომ არ შეცდა? იქნებ მართლაც მხოლდ ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც უღიმღამო ცხოვრებით უნდა დაკმაყოფილდეს?

.....
თანდათან იმედი უქრებოდა. ძნელია, რაღაცის გჯეროდეს, როცა მარტო ხარ და ვინმესთვის აზრის გაზიარება არ შეგიძლია. სწორედ ამ დროს მიხვდა დროგო, რომ ადამიანები, რაც უნდა დაახლოვდნენ, მაინც უცხოებად რჩებიან ერთმანეთისთვის: თუ ადამიანი ცუდად არის, ეს ტკივილი მთლიანად მისია, არავის შეუძლია თავის თავზე აიღოს მისი მცირე ნაწილიც კი; თუ ადამიანი იტანჯება, სხვები ამ ტანჯვას ვერ გრძნობენ, მაშინაც კი, როცა სიყვარული ნამდვილია. და ეს აჩენს მარტოობას ცხოვრებაში.

.....
თხუთმეტი წელი მთებისთვის არაფერია და არც ციხესიმაგრის ბასტიონებს მისდგომია დიდი ხიანი; მაგრამ ადამიანებისთვის ძალიან დიდი დროა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ვერ გრძნობენ, როგორ სწრაფად ჩაიქროლა ამ დრომ. ციხესიმაგრეში ისევ ის ადამიანები არიან, ისევ იგივე წესებია, იგივე ყარაულის ცვლა, ოფიცრების იგივე საუბარი ყოველ საღამოს.

.....
სექტემბრის ერთ დიდებულ დილას დროგო, უკვე კაპიტანი ჯოვანი დროგო, ცხენით ისევ ციცაბო გზაზე ადის, რომელიც ციხესიმაგრემდე მიიყვანს. ერთი თვე შვებულება ჰქონდა, მაგრამ უკვე ოცი დღის შემდეგ ბრუნდება: ქალაქი მისთის ახლა სრულიად უცხო გახდა, ძველი მეგობრები თავიანთ გზას გაჰყვნენ, მნიშვნელოვან თანამდებობებზე არიან და მას დაუდევრად ესალმებიან, როგორც უბრალო ოფიცერს. მშობლიური სახლიც, რომელიც დროგოსთვის წინანდებურად საყვარელია, იქ დაბრუნებისას გულს ენით გამოუთქმელი ტკიბილი უვსებს. სახლი ყოველ ჯერზე უფრო მეტად უკაცური ხდება: დედის ოთახი სამუდამოდ დაცარიელდა, ძმები მუდმივად წასულები არიან. ერთმა ცოლი მოიყვანა და სხვა ქალაქში ცხოვრობს, მეორე მთელ ქვეყანას უვლის, ოთახებში სიცოცხლე აღარ იგრძნობა - ძლიერი ექოს ხმა ისმის, ღია ფანჯრები და მზეც კი არ შველის.
ამრიგად, დროგო კიდევ ერთხელ ადის ბარიდან ციხესიმაგრეში, ოღონდ მისი სიცოცხლე უკვე თხუთმეტი წლით შემცირდა. თუმცა ის დიდ ცვლილებებს ვერ გრძნობს: დრო ისევ სწრაფად გარბის, რომ გულმა დაბერება ვერ მოასწრო. მართალია, გაურკვეველი მღელვარება დროის გასვლის გამო იზრდება, მაგრამ დროგორ ჯიუტად იმედპოვნებს, რომ მთავარი ჯერ კიდევ წინ აქვს. ჯოვანი მოთმინებით ელოდება თავის დროს, რომელიც არა და არ დგება, არ ფიქრობს, რომ მომავალი ძალიან შემოკლდა, ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე, როცა ის უსასრულო პერიოდად წარმოედგინა, გამოუვლელ სიმდიდრედ, რომლის გაფლანგვის შიში არ ექნებოდა.

.....
ზუსტად ისეა, როგორც იმ დღეს, გაიფიქრა, იმ განსხვავებით, რომ როლები შეიცვალა და ახლა ის, დროგო, ხანში შესული კაპიტანი იყო, რომელიც უკვე მეასეჯერ ადიოდა ბასტიანის ციხესიმაგრეში, ახალბედა უცნობ ლეიტენანტს კი მორო ერქვა. დროგო მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ამასობაშ თაობა შეიცველა, თვითონ კი უკვე ცხოვრების საბედისწერო ზღვარი გადალახა, მოხუცების მხარეს გადავიდა, რომელსაც, როგორც იმ შორეულ დღეს მოეჩვენა, ორტიცი მიეკუთვნებოდა. უკვე ორმოც წელს გადააბიჯა ისე, რომ მის ცხოვრებაში მნიშველოვანი არაფერი მომხდარა; არც შვილები ჰყავს, მთელ ქვეყანაზე სრულიად მარტოა; ჯოვანი დაბნეული იყურებოდა გარშემო და გრძნობდა, რომ მისი ცხოვრება სულ უფრო და უფრო ქვევით მიექანებოდა.

 
.....
გვერდები იფურცლება, თვეები და წლები გადის. დროგოს სკოლის ამხანაგები უკვე თითქმის დაიღალნენ მუშაობით, ჭაღარა წვერი აქვთ, დინჯად სეირნობენ ქალაქში, პატივისცემით ესალმებიან; მათი შვილები გაიზარდნენ, რამდენიმე უკვე ბაბუაა. დროგოს ძველი მეგობრები, რომლებიც თავიანთი კარიერით კმაყოფილნი არიან, ახლა თავიანთი აშენებული ზღურბლიდან ადევნებენ თვალს, როგორ მიედინება ცხოვრების მდინარე და სიამოვნებას განიცდიან, როცა ბრბოში თავიანთ შვილებს გამოარჩევენ, ამხნევებენ, აჩქარებენ, რომ სხვებს გაუსწრონ, ყველაფერს პირველებმა მიაღწიონ. ჯოვანი დროგო კი ისევ იცდის, თუმცა იმედი ყოველ წუთს სუსტდება.

.....
იქ, ზემოთ, სამყაროსგან განცალკევებულად გაატარა ცხოვრება. მტრის მოლოდინში ოცდაათ წელზე მეტი იტანჯა და ახლა, როცა ის გამოჩნდა, გააგდეს. ისინი კი, ვინც ქვემოთ, ქალაქში, ცხოვრება ბედნიერად და მხიარულად გაატარა, ახლა უღელტეხილზე ქედმაღლური, დამცინავი ღიმილით გამოჩნდნენ - სხვისი დიდების მისასაკუთრებლად.

.....
ზღურბლთან ქალი იჯდა და წინდა ქსოვდა, მის ფეხებთან უხეშად გამოთლილ აკვანში ბავშვს ეძინა. დროგო გაოცებული უყურებდა, რა ლამაზად ეძინა პატარას, რა უცხო იყო ზრდასრული ადამიანისთვის ასეთი ტკბილი და ღრმა ძილი. ამ პაწია არსებას მტანჯველი სიზმრები ჯერ არ ენახა. მისი პაწაწინა სული, რომელსაც არანაირი სურვილები და სინდისის ქენჯნა არ აწუხებდა, წყნარ და სუფთა ჰაერში უდარდელად ლივლივებდა. დროგო თვალს ვერ აცილებდა მძინარე ბავშვს და გული სევდით ეკუმშებოდა. შეეცადა, საკუთარი თავი წარმოედგიინა მძინარედ, თითქოს სხვა დროგო იყო, რომელსაც არასოდეს იცნობდა. წარმოსახვამ დაუხატა საკუთარი სხეული, რომელსაც ცხოველივით ეძინა და მოუსვენტად თრთოდა, მძიმე სუნთქვა, ნახევრად ღია პირი და ჩამოვარდნილი ყბა. მაგრამ ოდესღაც მასახ ხომ ეძინა ბავშვივით, ისიც ხომ საყვარელი და უცდველი იყო, ვიღაც ავადმყოფი მოხუცი ოფიცერი კი იდგა და სევდიანი გაოცებით უყურებდა.

„საწყალი დროგო“ გაიფიქრა, რადგან მიხვდა, რომ, რაც უნდა დაუჯერებელი ყოფილიყო, ამქვეყნად მართლაც მარტო იყო და არავის სჭირდებოდა.

.....
გრძნობდა, შორეული საზღვრებიდან მისკენ თანდათანობით როგორ მოიწევდა და გროვდებოდა ჩრდილები. ალბათ, საათებიღა იყო დარჩენილი, ან კვირები და თვეები, მაგრამ თვეებიცა და კვირებიც უმნიშვნელოა, როცა ისინი სიკვდილისგან გვაშორებს. გამოდის, რომ ცხოვრებამ დასცინა: სულელუი სიამაყის, სანაძლეოს მოგების სურვილის გამო ყველაფერი დაკარგა.
ირგვლივ წყვდიადი შემოხვედოა, დაბლა კი ტკბილად მღეროდნენ გიტარის თანხლებით და ჯოვანი დროგომ იგრძნო, რომ მის გულში ახალი, უკანასკნელი იბადებოდა. ის, ავადმყოფი და მარტოხელა, ციხესიმაგრისგან უსარგებლო ნივთივით მოსროლილი, ის რომელსაც ყველამ გაუსწრო, მორცხვი და სუსტი, ბედავდა, წარმოედგინა, რომ ყველაფერი არ დამთავრებულა. სწორედ ახლა ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემა, გადამწყვეტ ბრძოლაშ ჩაბმულიყო, რომელიც მთელ მის ცხოვრებას გაამართლებდა.
მართლაც, დროგორ უკანსაკნელი მტერი უტევდა. ეს მისი მსგავსი ადამიანები არ იყვნენ, მასავით ოცნებებითა და ტკივილებით გატანჯულები, ხორციელები, რომელთა დაჭრა და მათი სახის დანახვა შეიძლებოდა. ეს რაღაც ყოვლისშემძლე და ბოროტი იყო. ბრძოლა არა მხოლოდ ციხესიმაგრის გალავანზე შეიძლებოდა, გაზაფხულის ლურჯი ცის ქვეშ, გრიალისა და გაშმაგებული ყვრილის ფონზე, არა მხოლოდ მეგობრების მხარდახად, რომელთა დანახვაც გულს გიმხნევებს, არც მტვრისა და დენთის კვამლის მძაფრ სუნში, არც მოსალოდნენ დიდებაზე ფიქრით. ყველაფერი უცხო, იაფფასიანი სასტუმროს ოთახში მოხდებოდა, სინათლის შუქზე, აბსოლუტურ მარტოობაში. ეს ის ბრძოლა არ არის, საიდანაც მზიანი დილით დაფნის გვირგვინით ბრუნდები და ახალგაზრდა ქალები ღიმილით გხვდებიან. აქ მაყურებელი არ არის, არავინ შესძახებს: „ბრავო“.

.....
„ანგუსტნა ლამაზად მოკვდა“, ფიქრობდა ჯოვანი. დროგოს მეხსიერებას, წლების მიუხედავად, მაინც შემორჩა ის მაღალი და მოხდენილი ახალგაზრდა, კეთილშობილური სახით, რომელიც ქალებს იზიდავდა - ეს მისი უპირატესობა იყო. მაგრამ ვინ იცის, იქნებ საბედისწერო ზღურბლს იქით თვითონაც შეძლოს ძველი დროგო გახდეს, არც ისე ლამაზი (რადგან ლამაზი არასოდეს ყოფილა), მაგრამ სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა. „რა კარგი იქნებოდა“ - ფიქრობდა დროგო და ბავშვივით იმშვიდებდა თავს, რადგან უცნაურ ბედნიერებას და თავისუფლებას გრძნობდა.

Monday, December 7, 2015

შარლ ბოდლერი "მარტოობა"




"They simply never understand,do they,that sometimes solitude is one of the most beautiful things on earth?" 
Charles Bukowski "

"ფიქრის უფლება ყოფილა თურმე ყველაზე ძვირი, 
რადგან ცხოვრების ავანჩავანი ფიქრში ირკვევა." 
ოთარ ჭილაძე












მარტოობა
შარლ ბოდლერი


ერთი ფილანთროპი, უხეირო გაზეთი ჟურნალისტი მეუბნება, რომ მარტოობა ცუდია კაცისაათვის; თან, თავისი თეორიის დასამტკიცებლად, იწყებს, როგორც ამას ყველა ეჭვიანი სჩადის, ეკლესიის მამათა სიტყვების ციტირებას.

ვიცი, რომ დემონი სიამოვნებით სტუმრობს ხრიოკ ადგილებს და რომ დანაშაულებრივი და ავხორცხი გონება ჩვეულებრივად იღგზნება მარტოობაში. თუმცა შესაძლებელია, რომ ეს მარტოობა მხოლოდ უსაქმური და მოხეტიალე სულისთვის იყოს სახიფათო, რომელსაც დემონი ვნებებითა და ქიმერებით აღავსებს.

უდავოა, რომ ყბედი, რომლის ყველაზე დიდ სიამოვნებას წარმოადგენს ტრიბუნიდან თუ კათედრიდან ლაქლაქი, საშინელი სიგიჟის ზღვართან მივიდოდა, კუნძულზე რომ რობინზონივით მარტო აღმოჩენილიყო. მე არ მოვითხოვ ჩემი მეგაზთისგან კრუზოს თამამ სათნოებას, თუმცა ვთხოვ, - ბრალდებას ნუ წაუყენებს სიმარტოვისა და იდუმალების მოყვარულთ.

ჩვენი მოლაყბე მოდგმა იცნობს ისეთ ადამიანებს, რომლებიც ნაკლები თავგამოდებით დაეთანხმებოდნენ სასჯელის უმაღლეს ზომას, თუკი ნება მიეცემოდათ, ეშაფოტიდან წარმოეთქვათ საზეიმო პათოსით სავსე სიტყვა ისე, რომ არ შინებოდათ, რომ სანტერის ბატალიონის დოლები უდროო დროს არ გააწყვეტინებდნენ.

მე ისინი არ მებრალებიან, რადგან ვიცი, რომ ასეთი ორატორული წიაღსვლები ისეთსავე სიამოვნებას ანიჭებს ამ ადამიანებს, როგორც სხვებს - სიჩუმე და გარინდება; თუმცა - მძულს ასეთი ხალხი.

ყველაზე მეტად კი მსურს, ჩემმა წყეულმა ჟურნალისტმა ჩემს გემოზე გართობა მაცალოს.
-ნუთუ არასდროს არ გიპყრობთ სურვილი, - მეუბნება იგი აპოსტოლური ქედმაღლობით, - თქვენი სიხარული სხვასაც გაუზიაროთ?

ო, ეგ ფარული ბოღმა! მან კარგად იცის რომ თავს მარტოც მშვენივრად ვირთობ. ამიტომაც ვერ ისვენებს და მაინცდამაინც ცდილობს ვინმე თანამეინახედ შემომაჩეჩოს!

„არ შეგეძლოს, იყო მარტო - დიდი უბედურებაა!...“ - სადღაც ამბობს ლა ბრიუერი, თითქოს იმისთვის, რომ შეარცხვინოს ყველა, ვინც კი თავდავიწყებისათვის ბრბოსკენ მიილტვის - იმის შიში, რომ ვერ გაუძლებს საკუთარ თავთან ყოფნას...


„თითქმის ყველა ჩვენი უბედურება იმის შედეგია, რომ ვერ შევძელით საკუთარ კედლებში დარჩენა“, - ამტკიცებს მეორე ბრძენი, პასკალი და ამით თითქოს დაფიქრებისკენ მოუწოდებს ყველა გადარეულს, რომლებიც მოძრაობაში ხედავენ ბედნიერებას, ან კიდევ სულიერ გარყვნილებაში, რომელსაც მე დავარქმევდი ძმათაშორისს იმ შემთხვევაში, თუკი მოვისურვებდი ჩვენი ეპოქისთვის ნიშანდობლივი მოქარგული ენით საუაბრს.



“I was a man who thrived on solitude; without it I was like another man without food or water. Each day without solitude weakened me. I took no pride in my solitude; but I was dependent on it. The darkness of the room was like sunlight to me.”

 Charles Bukowski


“I need to be alone. I need to ponder my shame and my despair in seclusion; I need the sunshine and the paving stones of the streets without companions, without conversation, face to face with myself, with only the music of my heart for company.”
 Henry Miller

"The one who follows the crowd will usually go no further than the crowd. Those who walk alone are likely to find themselves in places no one has ever been before."


Tuesday, November 17, 2015

ტარტიუფი ანუ ფარისეველი





ტარტიუფი ანუ ფარისეველი“ ფრანგი დრამატურგის და თეატრალური დასის ხელმძღვანელის - ჟან-ბატისტ მოლიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. თავდაპირველად პიესა, რომელიც 1664 წელს გამოქვეყნდა, 3 მოქმედებიანი იყო და მეფე ლუი XIV-ის მხარდაჭერით იმავე წელსვე დაიდგა ვერსალის სასახლეში. თუმცა, ძალიან მალე, როგორც ამას მოლიერი ამბობდა, „ორიგინალებმა კომედიის აკრძალვას მიაღწიეს“ და მეფის მიერ აიკრძალა მისი დადგმა. ამის მიზეზად კათოლიკური ეკლესიისა და იმდროინდელ არქიეპისკოპოსის - Paul Philippe Hardouin de Beaumont de Péréfixe-ის (რომელიც ლუი XIV მოძღვარიც გახლდათ ) გავლენას ასახელებენ. 1667 წელს პიესა ხელახალა გამოიცა, უკვე 5 მოქმედებით. თუმცა, აღნიშნული ვარიანტიც მალევე აკრძალეს.  მიუხედავდ შექმნილი ვითარებისა, იმ პერიოდის განმავლობაში, ყოველთვის იგრძნობოდა თავად მეფე ლუი XIV-ის დადებითი დამოკიდებულება და მისი მხარდაჭერა ამ პიესის მიმართ. ასე რომ არ ყოფილიყო, სავარაუდოდ, მოლიერს ეკლესიიდანაც განკვეთდნენ... საბოლოო (ახლანდელი) ვარიანტი, რომელსაც მეფისადმი ორი შეწყნარების თხოვნაც დაემატა, გამოქვეყნდა 1669 წელს. 
ამრიგად, „ტარტიუფის“ საბოლოო დადგმისათვის მოლიერმა ხუთწლიანი ბრძოლა გადაიტანა. ჩვენამდე მოღწეული საბოლოო ვარიანტი შედგება 5 მოქმედებისგან, რომელსაც დაერთვის წინასიტყვაობა და 3 თხოვნა მეფისადმი შეწყნარებისთვის.

პ.ს. ტარტიუფის ფუძე შეესატყვისება ძველ ფრანგულ სიტყვას, რომელიც ტყუილსა და ხრიკს ნიშნავს.






წინასიტყვაობიდან

მოლიერი. მხატვარი:შარლ ანტუან კუაპელ

"ამ კომედიამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, დიდხანს თავს ესხმოდნენ და ადამიანებმა, რომლებიც ამ კომედიაში გამასხარებულნი იყვნენ და თავისი თავი იცნეს, საქმით დაამტკიცეს, რომ საფრანგეთში ისინი უფრო გავლენიანი არიან, ვიდრე ჩემს მიერ თხზულებებში დღევანდლამდე გამასხარავებული ხალხი. პრანჭიები, გატყლარჭულები, მოტყუებული ქმრები და ცოლები, მკურნალები მოთმინებით აიტანდნენ, როცა სცენაზე გამოჰყავდათ და თავი ისე ეჭირათ, თითქოს მათგან დახატული პერსონაჟები სხვა მაყურებლებზე ნაკლებად არ ართობდათ. მაგრამ ფარისევლებმა დაცინვა ვერ აიტანეს; მათ მაშინვე ალიაქოთი ატეხეს და ენით აუწერელი კადნიერებით განაცხადეს, რომ მათი მანჭვა-გრეხა გამოვხატე და ვცადე ჩრდილი მიმეყენებინა მათი ხელობისათვის, რომლსაც ამდენი პატივცემული პიროვნება მისდევს."

"თუკი კომედიის დანიშნულება ადამიანი მანკიარებათა გამათრახებაა, ზოგს გვერდი რატომ უნდა ავუაროთ? ჩემს პიესაში მხილებული მანკიერება სახელმწიფოსათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო თეატრი, როგორც ჩვენ ამაში დავრწმუნდით, ზნეობის გამოსწორების უდიდესი საშუალებაა. მორალის თემაზე შექმნილ ბრწყინვალე ტრაქტატებს უფრო მცირე ზეგავლენა მოუხდენიათ, ვიდრე სატირას, რადგან ადამიანებს გულზე ისე არაფერი ხვდებათ, როგორც მათი ნაკლოვანებათა გამოხატვა. როცა მათი მანკიერებანი საჯაროდ გამოგვაქვს, ჩვენ იმათ ხალხში თავს ვჭრით, გაკიცხვა ადვილი გადასატანია, მაგრამ დაცინვა ძნელი მოსასმენია. ზოგი თანახმა არის, ავაზაკის სახელი ჰქონდეს დაგდებული, მაგრამ ყველამ რომ აბუჩად აიგდოს, ამას კი ვერ მოითმენს."

"მინდა ჩემი საუბარი დიდი მთავრის იმ სიტყვებით დავამთავრო, კომედია „ტარტიუფზე“ რომ თქვა. კომედიის აკრძალვიდან ერთი კვირის შემდეგ სასახლეში პიესა „სკარამუშ-განდეგილი“ წარმოადგინეს. წარმოდგენის შემდეგ მეფემ დიდ მთავარს უთხრა: ნეტავი გამაგებინა, მოლიერის კომედიით შეურაცხყოფილნი სკარამუშზე რატომ არიან ჩუმად?“ რაზეც მთავარმა ასე უპასუხა: ამის მიზეზი ის არის, რომ სკარამუშზე დაწერილ კომედიებში გამასხარავებულია ცა და რელიგია, რომელიც ამ ბატონებს სულაც არ ეკითხებათ, ხოლო მოლიერის კომედიაში თვით ეს ბატონები არიან გამასხრებულნი და ამას კი, აბა, როგორ აიტანენო".

ჟან-ბატისტ მოლიერი.


























პიესიდან

"სხვას ის უძრახავს საქციელს და სხვას ის დასცინის, 
ყველაზე მეტად ვისი ქცევაც დასაძრახია.
მიგიხვდებიან მაშინათვე თუ უნაზესი 
გრძნობა რაიმე გიციმციმებს სულის კუნჭულში;
გაგივრცელებენ, ხელზე სწორედ მას დაგიხვევენ
და როგორც უნდათ, მერე ისე ატრიალებენ.
შელამაზებულ სხვის საქციელს და ნამოქმედარს
გადიბრალებენ და თავისად გაისაღებენ.
თავიანთ ცოდვებს მიჩქმალავენ, ხალხში გამოვლენ,
კეთილშობილი კაცის ნიღაბს აიფარებენ
და თავზე ხალხის მრისხანებას სხვას დაატეხენ,
მაშინ როდესაც ამის ღირსნი თვითონ არიან."



"ეს ქალბატონი! იგი ცხოვრობს მონაზონივით;
და ამ სიწმინდის მიზეზია მხოლოდ ასაკი,
დამცხრალ სხეულში მაცხოვარმა დაისადგურა.

სანამ სუყველას სილამაზით აჯადოებდა,
არ გაურბოდა ამქვეყნიურ სიამოვნებას.
ახლა თვალები ძველებურად აღარ უბრწყინავს
და აღარც თავზე ევლებიან ფარვანასავით.
ჭკუა იხმარა და პირბადე ჩამოიფარა,
რომ დაემალა სილამაზე გახუნებული.
ასე ექცევა ლამაზმანებს ბედი ვერაგი, 
გული უკვდებათ როს მიჯნურნი ზურგს შეაქცევენ.

დაობლებულნი არიან და უნუგეშონი, 
ლოცვაღა რჩებათ - ერთადერთი გამოსავალი.
მერე არავის არ ინდობენ, ფარისევლებად
გადაქცეული ეს ქალები და ყოველივეს 
ამათრახებენ, სხვის საქციელს გმობენ, კიცხავენ,
შურთ და იმიტომ, ჩვენი სულის გადარჩენაზე 
კი არას ფიქრობენ, შურთ, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი
არის ის, რასაც ისინი სამუდამოდ გამოეთხოვნენ."



"ვითომ ღირსების დასაცავად ზოგ მანდილოსანს, 
კაცს რომ თვალები დაათხაროს, ის შეუძლია."


ტარტიუფი, ანუ ფარისეველი:
"იმიტომ ვეტრფით მარადიულ მშვენიერებას,
რომ წარმავალის სიყვარული სულში ჩაგვიკლას?
ჩვენ ის ქმნილება გვაჯადოებს მხოლოდ, რომელსაც
უფალმა სული ჩაუდგა და ხორცი შეასხა." 


ტარტიუფი, ანუ ფარისეველი:
"რომ აეხდება ფარდა, აი, ცოდვა ის არის,
რაც ჩუმად ხდება იგი ცოდვად არ ჩაითვლება." 

მთარგმნელი: გივი გეგეჭკორი

Monday, November 16, 2015

შენ სივრცეებმა დაგიბინადრეს - შენ უკვდავების ხარ ბინადარი!


"ეს რიგზე ჩაწყობილი, მშვენივრად მორთული სახლები, ეს ფანჯრები, ეს სურნელება, მთვარე, რომელიც ცაზე გაყინულა, გადაგაფრენს უცხო სამყაროში, სადაც არც მხიარულებაა და არც მოწყენა - არის მხოლოდ უსიტყვო პოეზია, ბუნებრივი და ჩუმი."-გალაკტიონი


17 ნოემბერი  !

 ამ დღეს დაიბადა ჩვენი გიგანტი, უუზარმაზარი, ბუმბერაზი პოეტი- გალაკტიონი!
ალბათ, ერთ-ერთი უდიდესი ბედნიერება ქართველობის და ქართული ენის ცოდნისა ისაა, რომ შეგიძლია ეზიარო იმ საოცრებას, რასაც გალაკტიონის შემოქმედება ჰქვია. ხოლო უარყოფითი რამ, რაც დიდ პოეზიას შეიძლება ჰქონდეს, არის ის, რომ მისი თარგმნა (ხშირ შემთხვევაში) შეუძლებელია. ამ მხრივ, სამწუხაროდ, გალაკტიონის ლექსებიც "დაგვეჩაგრა".  შეუძლებელია გალაკტიონის პოეზია თარგმნო სხვა ენაზე ისე, რომ მთლიანად შეინარჩუნო ის საოცარი ჟღერადობა, მუსიკა, რიტმიკა და განცდები, რაც მის ლექსებშია. რაღაც დიდი მაინც იკარგება თარგმნისას და ყველაზე მეტად ამის გამო მწყდება გული... რა პოეტი გვყავს! როგორი გენიაა, როგორი დიდია მისი შემოქმედება (!) და ამ ყველაფრის გაგება მხოლოდ ქართველებს შეგვიძლია. ეს არის ერთდროულად უდიდესი ბედნიერებაც და მწუხარებაც, რადგან ქართველებს შეგვიძლია ამ საოცრებას ვეზიაროთ, უცხოელი, ქართული ენის არმცოდნე კი ამას ვერასდროს ეზიარება, ვერასდროს გაიგებს. გალაკტიონი ჩვენი პოეტია, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, შევიგრძნოთ მისი ლექსთა წყობის საოცრება და ენერგეტიკა.მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრით აღფრთოვანება და ამაღლება... ამიტომ, დააფასეთ! გიყვარდეთ ! და იბედნიერეთ! ! !











პ.ს. საბედნიეროდ, მე ბავშვობიდან და გალაკტიონის შემოქმედებიდან მოვდივარ. მადლობა დედას, რომელმაც პირველად მაზიარა გალაკტიონის შემოქმედებას ბავშვობაში და მადლობა გალას, რომ ის და მისი პოეზია ჩემი მეგზური გახდა, ჩემი "სულიერების აღმზრდელი". ხო... ბავშვობიდან და გალაკტიონის შემოქმდებიდან მოვდივარ... და უჰ...უჰ... როგორი ბედნიერებაა ყოველივე ეს!  




"მოხდება ხოლმე, ცა მიზიდავს
განუსაზღვრელი,
ვარსკვლავთა შორის, სხივთა ტბაში
არა მყავს ტოლი.
ვბრძანებ: ტყის შქერში გაჩუმდება
ნიავი ნელი.
ვიტყვი და თრთოლვად გადიქცევა
ვერხვის ფოთოლი.
მზე ჩემთვის ბრწყინავს და მეფე ვარ
ყოვლისმოქმედი,
არე-მიდამო ნეტარების
ცრემლით ივლება,
ჩემს ხელში არის მაშინ ჩემი
მძვინვარე ბედი,
ქვეყნად ყოველი არსის სული
მემორჩილება.
ეს მაშინ არის, როცა აზრი
მიჰქრის შორს, შორს, შორს
და ლტოლვა გულში დაგუბული
ეძლევა შვებას,
ირგვლივ ვერ ვხედავ ჩემს თანაბარს
და ვისმეს ჩემს სწორს,
რომ ამგვარადვე ეძლეოდეს
ტკბილ-ნეტარებას.
ვხედავ, მიფრინავს იქ, სადღაცა
ნისლი უსახო,
ვგრძნობ, რომ მის ტალღას, ერთხელ ჩემს მძლევს,
გააპობს მკერდი,
ო, უძლეველო დიდო წამო
შემოქმედების,
ეხლა ყველაფერს... ყველაფერს ვქმნი
ახალი ღმერთი!"

"ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა

და ყვავილები გიიადონა.
შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო,
სულო, ჭაობზე უნოტიესო.
იდუმალია ჩვენი სერობა
და ღამეების ალმაცერობა,
რომ ოცნებები ცეცხლით გალესო,
სულო, იმ ცეცხლზე უმხურვალესო.
დღეთა სინაზესედება კორძი...
ესე არს სისხლი, ესე არს ხორცი
და იდუმალი ლოცვა ბაგისა,
სულო, ლაჟვარდზე უსპეტაკესო.
ვარსკვლავი იგი - ფიქრთა საგანი -
ერთი უმრავლეს ვარსკვლავთაგანი,
აელვარდება ცაზე ოდესმე,
სულო, დემონზე უბოროტესო!"

"....

სიმკაცრით შეხედავს საშვენი
თვალები შეკრული კამარის:
ჯვარ ეცვი თუ გინდა! საშველი
არ არის! არ არის! არ არის!
დაჰქრიან უდაბნოს ქარები,
მტანჯავენ, და ვიცი,გახსოვარ!
სამ,რეკლოს ანგრევენ ზარები...
წმინდაო, წმინდაო მაცხოვარ!
გრიგალთა სადაურ შებერვას
მისდევენ ფოთლების შვავები...
თებერვალს უხმობენ, თებერვალს,
სამრეკლოს ზარიდან ყვავები!
და ვიცი...ღელვაა საგანი
როდესაც ღამეა უკუნი,
და ჩემი მდუმარე საკანი,
და ცეცხლის მფარველი გუგუნი.
ერთგვარად მიიტანს ამ სახის
ლოცვისთვის ზმანებამტკივანი:
გაზელებს _ მგოსანი სასახლის,
ხელთათმანს _ სასახლის მდივანი."

"სურნელება ძველისძველი

ექსოვება ნიავებს,
პოეზიის ლაჟვარდ ცრემლით
სველი დაფნის ფოთოლი.

და ოცნება მოგონებას

იით მოაიავებს,
როს მეომარს შუბლს უმშვენებს
ნელი დაფნის ფოთოლი.

ნილოსის გველს უარესი,

მისი შხამის იავებს,
უფრო მძაფრად დაწურული
მწველი დაფნის ფოთოლი.

და ხანჯალით ხშირად ფარულ

მიზანს ულოლიავებს,
ოდეს ხედავს პოეზიას
ნელი დაფნის ფოთოლი."

"ცეკვაში თითქო ფრთებია

შენი ხელების მტევნები;
მე თვალს გადევნებ,
მე მხოლოდ ოცნებით დაგედევნები…

ახალგაზრდობა შენს ირგვლივ

ფერად ფერხულში ჩაება,
შენთვის უცხოა დარდი და
გულგამყინველი ვაება.

ახალგაზრდობას შენს ირგვლივ

საამური აქვს მსვლელობა,
(სადღაც კი თვალებს აცეცებს
გულგამყინველი მკვლელობა).

ახალგაზრდობას, რომელმაც

შენ აღტაცება დაგარქვა,
არ განუცდია, რა არის
გულგამყინველი დაკარგვა.

და ფრთები, მხოლოდ ფრთებია

შენი ხელების მტევნები,
ეგ სიხარული, ეგ ღიმი,
ეგ ბაღი, ეგ შადრევნები.

სხვისთვის კი ბედმა არც ვარდი,

არც გაღვიძება ინება,
გიცქეტ და გულნაღვლიანად
წარსულზე გამეცინება,

რად ვერ ისწავლეს ღიმილი

და თავისთავის დანდობა,
საკუთარ ხელით რად მოჰკლეს
თავისი ახალგაზრდობა?

გიცქერ და ვფიქრობ, მზიანო,

გიცქერ და გულით ვევნები –
რომ ფრთები, მხოლოდ ფრთებია,
შენი ხელების მტევნები."

"გასწიე! ღამე ეშვება ზეწრად,

მწარედ შრიალებს ტყეთა კალთები,
მახლობელ დემონს იგრძნობ უეცრად
და შიშის ჩრდილით აკანკალდები.

იარე! გაჰყევ გზას შორით შორისს,

მაისთა ცეცხლი შენ არ გაოსებს,
მწუხარებათა ულევთა შორის
ისევე ხედავ ახალ ქაოსებს.

გაახელ თვალებს - იქნება გვიან,

დახუჭავ, მაინც ცა არ ენთება...
იარე, კაცი შენ აღარ გქვიან,
შენთვის არასდროს არ გათენდება.

რა უყავ შენს სულს, ოდესმე კეთილს,

ქვეყნად რომ სურდა ცეცხლის მოდება?
ეხლა იმავ სულს დაღლილს, დაფლეთილს,
დახედავ და არ შეგეცოდება.

იკივლებ მაშინ, მაგრამ არსიდან

არ გიპასუხებს უდაბურება,
იარე! გზები უშინაარსო
ისევ ბურუსით დაიბურება."

"...

ჰე, გაიღვიძე, ქარო ძლიერო,
გამოაღვიძე მიდამო მკვდარი,
გასწი, უამბე ადამიანებს -
ჩემი ოცნება მიუსაფარი;
და თუ მათ შორის აღმოჩნდა ერთი
უუშორესი თანამგრძნობელი,
ისიც დიდია მისთვის, ვისთვისაც
ზღვა-უდაბნოა მთელი სოფელი.
ჰე, გაიღვიძეთ, ტყისა ფოთლებო
და თუ ოდესმე დაღონებული
მოვიდეს აქ ის, ვისაც ვაებით
ჩემმა სიმღერამ დასწყვიტა გული,
უთხარით, რომ მას დიდხანს ველოდი,
დიდხანს ველოდი ყმაწვილურ ჟინით,
და ცივ სამარეს ამოვეფარე
ამ მოლოდინით!"

"როს დამვარდება ხელით სადავე,

გაქრება სული და სისადავე;
როს იმ ყვავილებს ცრემლებს ვათოვებ,
გთხოვ: სასიკვდილოდ ნუ მიმატოვებ.

როს გამიმეტებს ჩემი დიდება

და საქართველოს გაბედითება,
როს წაერთმევა სუნთქვა იმედებს,
გთხოვ: შენი ხელი ნუ გამიმეტებს."

"ოჰ! ეს ფოთლები, ფენილი ქარით,

ეს მწუხარე და ნაზი ზმანება,
ეს ყვავილები, ეს ცა, მითხარით,
არავის თქვენგანს არ ენანება?

ჰაერი ოხრავს ფოთლების ფენით

ღონემილეულ მზის დაღალვაში
და ბილიკებზე წყნარი მოწყენით
დაბინდულ წყვილად მიდის ქალ-ვაჟი.

ცხოვრობდა ვინმე... გულში ფარული

უთრთოდა ციურ შუქთა კამარა:
ამქვეყნად სურდა მას სიყვარული,
მაგრამ ვერავინ ვერ შეიყვარა!


იყო მეორე: დასწვეს, დასდაგეს

ვნებებმა მისი მხურვალე გული.
როდესაც ვარდთა სისხლიან ბაგეს
ეწაფებოდა თვალდახუჭული.


ამ დღეებს მისდევს ჩუმი განდობა,

ფერფლდება თვალთა ბანოვანება
და ასე მჭკნარი ახალგაზრდობა
ნუთუ არავის არ ენანება?


ჰაერში ოხრავს ფოთოლთა ჩრდილი,

სწუხს ლაჟვარდების მსუბუქი ქაფი
და შემოდგომის გზებზე დაღლილი
მიდიან - გრეი და ზეინაბი. "

"სიცოცხლით სავსეს, ოცნებაში მყოფს,

ის თავისთავად შემომეპარა,
მე განთიადის სხივებს ველოდი,
მზეს კი ღრუბელი გადაეფარა.
მე მსურდა გრძნობით დავწაფებოდი
სიცოცხლის წყაროს, ტრფობით აღბეჭდილს...
ახ... არ ვიცოდი, თუ საწამლავი
ნორჩ კუკურშივე ჩაჰკლავდა ყვავილს!
როცა სიცოცხლე ძალას მაძლევდა
და სამოქმედოდ მიწვევდა მარად,
რას ვიფიქრებდი, თუ მოგონებაც
გადმექცეოდა ტანჯვად და შხამად?
ნაზ ქსელში გაბმულს, ოცნებაში მყოფს,
ის თავისთავად შემომეპარა,
დაჰქროლა რისხვით ქარმა სასტიკმა
და გაზაფხული თვალს მიეფარა."

"რომ მომცა ფრთები, ავფრინდებოდი,

გადავცდებოდი მე ბედის საზღვარს -
თავისუფლებას მივანიჭებდი
ფიქრთა ღელვას და გრძნობათ ნიაღვარს...

ზღვის ქარიშხალთან მძვინვარე ტალღებს

შევებმებოდი თვალდახუჭული,
რომ მომესმინა, თუ როგორ ისმის
საშინელ ხმაში მშვიდი ჩურჩული.

მწვანე მანტიით შემოსუდრულ მთებს,

სად დუმილს აფრთხობს ზეფირის ფრენა,
მივაშურებდი მე ბრძოლის შემდეგ,
დაღალულ სულს რომ იქ მოესვენა.

შუადღის სიცხით - მუხების ჩრდილქვეშ

გამიტაცებდა ოცნებათ ზოლი
და მოვისმენდი, თუ ჩუმად როგორ
ესაუბრება ფოთოლს ფოთოლი."

"მზიან ქარად იქცა ცქერა,

ქარის ბგერა იქცა ქნარად -
წყნარად, წყნარად, მწამს და მჯერა,
ბედისწერა გვიხსნის მარად.
..."















და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ... უსასრულოდ... ბევრია, ბევრი ასეთი საოცრება გალას პოეზიაში!




"მიდიხარ... შენს ბედს ბევრი ინატრებს,

მშვენიერს, ბედი სხვა არსად არის,
შენ სივრცეებმა დაგიბინადრეს -
შენ უკვდავების ხარ ბინადარი."