Monday, December 7, 2015

შარლ ბოდლერი "მარტოობა"




"They simply never understand,do they,that sometimes solitude is one of the most beautiful things on earth?" 
Charles Bukowski "

"ფიქრის უფლება ყოფილა თურმე ყველაზე ძვირი, 
რადგან ცხოვრების ავანჩავანი ფიქრში ირკვევა." 
ოთარ ჭილაძე












მარტოობა
შარლ ბოდლერი


ერთი ფილანთროპი, უხეირო გაზეთი ჟურნალისტი მეუბნება, რომ მარტოობა ცუდია კაცისაათვის; თან, თავისი თეორიის დასამტკიცებლად, იწყებს, როგორც ამას ყველა ეჭვიანი სჩადის, ეკლესიის მამათა სიტყვების ციტირებას.

ვიცი, რომ დემონი სიამოვნებით სტუმრობს ხრიოკ ადგილებს და რომ დანაშაულებრივი და ავხორცხი გონება ჩვეულებრივად იღგზნება მარტოობაში. თუმცა შესაძლებელია, რომ ეს მარტოობა მხოლოდ უსაქმური და მოხეტიალე სულისთვის იყოს სახიფათო, რომელსაც დემონი ვნებებითა და ქიმერებით აღავსებს.

უდავოა, რომ ყბედი, რომლის ყველაზე დიდ სიამოვნებას წარმოადგენს ტრიბუნიდან თუ კათედრიდან ლაქლაქი, საშინელი სიგიჟის ზღვართან მივიდოდა, კუნძულზე რომ რობინზონივით მარტო აღმოჩენილიყო. მე არ მოვითხოვ ჩემი მეგაზთისგან კრუზოს თამამ სათნოებას, თუმცა ვთხოვ, - ბრალდებას ნუ წაუყენებს სიმარტოვისა და იდუმალების მოყვარულთ.

ჩვენი მოლაყბე მოდგმა იცნობს ისეთ ადამიანებს, რომლებიც ნაკლები თავგამოდებით დაეთანხმებოდნენ სასჯელის უმაღლეს ზომას, თუკი ნება მიეცემოდათ, ეშაფოტიდან წარმოეთქვათ საზეიმო პათოსით სავსე სიტყვა ისე, რომ არ შინებოდათ, რომ სანტერის ბატალიონის დოლები უდროო დროს არ გააწყვეტინებდნენ.

მე ისინი არ მებრალებიან, რადგან ვიცი, რომ ასეთი ორატორული წიაღსვლები ისეთსავე სიამოვნებას ანიჭებს ამ ადამიანებს, როგორც სხვებს - სიჩუმე და გარინდება; თუმცა - მძულს ასეთი ხალხი.

ყველაზე მეტად კი მსურს, ჩემმა წყეულმა ჟურნალისტმა ჩემს გემოზე გართობა მაცალოს.
-ნუთუ არასდროს არ გიპყრობთ სურვილი, - მეუბნება იგი აპოსტოლური ქედმაღლობით, - თქვენი სიხარული სხვასაც გაუზიაროთ?

ო, ეგ ფარული ბოღმა! მან კარგად იცის რომ თავს მარტოც მშვენივრად ვირთობ. ამიტომაც ვერ ისვენებს და მაინცდამაინც ცდილობს ვინმე თანამეინახედ შემომაჩეჩოს!

„არ შეგეძლოს, იყო მარტო - დიდი უბედურებაა!...“ - სადღაც ამბობს ლა ბრიუერი, თითქოს იმისთვის, რომ შეარცხვინოს ყველა, ვინც კი თავდავიწყებისათვის ბრბოსკენ მიილტვის - იმის შიში, რომ ვერ გაუძლებს საკუთარ თავთან ყოფნას...


„თითქმის ყველა ჩვენი უბედურება იმის შედეგია, რომ ვერ შევძელით საკუთარ კედლებში დარჩენა“, - ამტკიცებს მეორე ბრძენი, პასკალი და ამით თითქოს დაფიქრებისკენ მოუწოდებს ყველა გადარეულს, რომლებიც მოძრაობაში ხედავენ ბედნიერებას, ან კიდევ სულიერ გარყვნილებაში, რომელსაც მე დავარქმევდი ძმათაშორისს იმ შემთხვევაში, თუკი მოვისურვებდი ჩვენი ეპოქისთვის ნიშანდობლივი მოქარგული ენით საუაბრს.



“I was a man who thrived on solitude; without it I was like another man without food or water. Each day without solitude weakened me. I took no pride in my solitude; but I was dependent on it. The darkness of the room was like sunlight to me.”

 Charles Bukowski


“I need to be alone. I need to ponder my shame and my despair in seclusion; I need the sunshine and the paving stones of the streets without companions, without conversation, face to face with myself, with only the music of my heart for company.”
 Henry Miller

"The one who follows the crowd will usually go no further than the crowd. Those who walk alone are likely to find themselves in places no one has ever been before."


Tuesday, November 17, 2015

ტარტიუფი ანუ ფარისეველი





ტარტიუფი ანუ ფარისეველი“ ფრანგი დრამატურგის და თეატრალური დასის ხელმძღვანელის - ჟან-ბატისტ მოლიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. თავდაპირველად პიესა, რომელიც 1664 წელს გამოქვეყნდა, 3 მოქმედებიანი იყო და მეფე ლუი XIV-ის მხარდაჭერით იმავე წელსვე დაიდგა ვერსალის სასახლეში. თუმცა, ძალიან მალე, როგორც ამას მოლიერი ამბობდა, „ორიგინალებმა კომედიის აკრძალვას მიაღწიეს“ და მეფის მიერ აიკრძალა მისი დადგმა. ამის მიზეზად კათოლიკური ეკლესიისა და იმდროინდელ არქიეპისკოპოსის - Paul Philippe Hardouin de Beaumont de Péréfixe-ის (რომელიც ლუი XIV მოძღვარიც გახლდათ ) გავლენას ასახელებენ. 1667 წელს პიესა ხელახალა გამოიცა, უკვე 5 მოქმედებით. თუმცა, აღნიშნული ვარიანტიც მალევე აკრძალეს.  მიუხედავდ შექმნილი ვითარებისა, იმ პერიოდის განმავლობაში, ყოველთვის იგრძნობოდა თავად მეფე ლუი XIV-ის დადებითი დამოკიდებულება და მისი მხარდაჭერა ამ პიესის მიმართ. ასე რომ არ ყოფილიყო, სავარაუდოდ, მოლიერს ეკლესიიდანაც განკვეთდნენ... საბოლოო (ახლანდელი) ვარიანტი, რომელსაც მეფისადმი ორი შეწყნარების თხოვნაც დაემატა, გამოქვეყნდა 1669 წელს. 
ამრიგად, „ტარტიუფის“ საბოლოო დადგმისათვის მოლიერმა ხუთწლიანი ბრძოლა გადაიტანა. ჩვენამდე მოღწეული საბოლოო ვარიანტი შედგება 5 მოქმედებისგან, რომელსაც დაერთვის წინასიტყვაობა და 3 თხოვნა მეფისადმი შეწყნარებისთვის.

პ.ს. ტარტიუფის ფუძე შეესატყვისება ძველ ფრანგულ სიტყვას, რომელიც ტყუილსა და ხრიკს ნიშნავს.






წინასიტყვაობიდან

მოლიერი. მხატვარი:შარლ ანტუან კუაპელ

"ამ კომედიამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, დიდხანს თავს ესხმოდნენ და ადამიანებმა, რომლებიც ამ კომედიაში გამასხარებულნი იყვნენ და თავისი თავი იცნეს, საქმით დაამტკიცეს, რომ საფრანგეთში ისინი უფრო გავლენიანი არიან, ვიდრე ჩემს მიერ თხზულებებში დღევანდლამდე გამასხარავებული ხალხი. პრანჭიები, გატყლარჭულები, მოტყუებული ქმრები და ცოლები, მკურნალები მოთმინებით აიტანდნენ, როცა სცენაზე გამოჰყავდათ და თავი ისე ეჭირათ, თითქოს მათგან დახატული პერსონაჟები სხვა მაყურებლებზე ნაკლებად არ ართობდათ. მაგრამ ფარისევლებმა დაცინვა ვერ აიტანეს; მათ მაშინვე ალიაქოთი ატეხეს და ენით აუწერელი კადნიერებით განაცხადეს, რომ მათი მანჭვა-გრეხა გამოვხატე და ვცადე ჩრდილი მიმეყენებინა მათი ხელობისათვის, რომლსაც ამდენი პატივცემული პიროვნება მისდევს."

"თუკი კომედიის დანიშნულება ადამიანი მანკიარებათა გამათრახებაა, ზოგს გვერდი რატომ უნდა ავუაროთ? ჩემს პიესაში მხილებული მანკიერება სახელმწიფოსათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო თეატრი, როგორც ჩვენ ამაში დავრწმუნდით, ზნეობის გამოსწორების უდიდესი საშუალებაა. მორალის თემაზე შექმნილ ბრწყინვალე ტრაქტატებს უფრო მცირე ზეგავლენა მოუხდენიათ, ვიდრე სატირას, რადგან ადამიანებს გულზე ისე არაფერი ხვდებათ, როგორც მათი ნაკლოვანებათა გამოხატვა. როცა მათი მანკიერებანი საჯაროდ გამოგვაქვს, ჩვენ იმათ ხალხში თავს ვჭრით, გაკიცხვა ადვილი გადასატანია, მაგრამ დაცინვა ძნელი მოსასმენია. ზოგი თანახმა არის, ავაზაკის სახელი ჰქონდეს დაგდებული, მაგრამ ყველამ რომ აბუჩად აიგდოს, ამას კი ვერ მოითმენს."

"მინდა ჩემი საუბარი დიდი მთავრის იმ სიტყვებით დავამთავრო, კომედია „ტარტიუფზე“ რომ თქვა. კომედიის აკრძალვიდან ერთი კვირის შემდეგ სასახლეში პიესა „სკარამუშ-განდეგილი“ წარმოადგინეს. წარმოდგენის შემდეგ მეფემ დიდ მთავარს უთხრა: ნეტავი გამაგებინა, მოლიერის კომედიით შეურაცხყოფილნი სკარამუშზე რატომ არიან ჩუმად?“ რაზეც მთავარმა ასე უპასუხა: ამის მიზეზი ის არის, რომ სკარამუშზე დაწერილ კომედიებში გამასხარავებულია ცა და რელიგია, რომელიც ამ ბატონებს სულაც არ ეკითხებათ, ხოლო მოლიერის კომედიაში თვით ეს ბატონები არიან გამასხრებულნი და ამას კი, აბა, როგორ აიტანენო".

ჟან-ბატისტ მოლიერი.


























პიესიდან

"სხვას ის უძრახავს საქციელს და სხვას ის დასცინის, 
ყველაზე მეტად ვისი ქცევაც დასაძრახია.
მიგიხვდებიან მაშინათვე თუ უნაზესი 
გრძნობა რაიმე გიციმციმებს სულის კუნჭულში;
გაგივრცელებენ, ხელზე სწორედ მას დაგიხვევენ
და როგორც უნდათ, მერე ისე ატრიალებენ.
შელამაზებულ სხვის საქციელს და ნამოქმედარს
გადიბრალებენ და თავისად გაისაღებენ.
თავიანთ ცოდვებს მიჩქმალავენ, ხალხში გამოვლენ,
კეთილშობილი კაცის ნიღაბს აიფარებენ
და თავზე ხალხის მრისხანებას სხვას დაატეხენ,
მაშინ როდესაც ამის ღირსნი თვითონ არიან."



"ეს ქალბატონი! იგი ცხოვრობს მონაზონივით;
და ამ სიწმინდის მიზეზია მხოლოდ ასაკი,
დამცხრალ სხეულში მაცხოვარმა დაისადგურა.

სანამ სუყველას სილამაზით აჯადოებდა,
არ გაურბოდა ამქვეყნიურ სიამოვნებას.
ახლა თვალები ძველებურად აღარ უბრწყინავს
და აღარც თავზე ევლებიან ფარვანასავით.
ჭკუა იხმარა და პირბადე ჩამოიფარა,
რომ დაემალა სილამაზე გახუნებული.
ასე ექცევა ლამაზმანებს ბედი ვერაგი, 
გული უკვდებათ როს მიჯნურნი ზურგს შეაქცევენ.

დაობლებულნი არიან და უნუგეშონი, 
ლოცვაღა რჩებათ - ერთადერთი გამოსავალი.
მერე არავის არ ინდობენ, ფარისევლებად
გადაქცეული ეს ქალები და ყოველივეს 
ამათრახებენ, სხვის საქციელს გმობენ, კიცხავენ,
შურთ და იმიტომ, ჩვენი სულის გადარჩენაზე 
კი არას ფიქრობენ, შურთ, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი
არის ის, რასაც ისინი სამუდამოდ გამოეთხოვნენ."



"ვითომ ღირსების დასაცავად ზოგ მანდილოსანს, 
კაცს რომ თვალები დაათხაროს, ის შეუძლია."


ტარტიუფი, ანუ ფარისეველი:
"იმიტომ ვეტრფით მარადიულ მშვენიერებას,
რომ წარმავალის სიყვარული სულში ჩაგვიკლას?
ჩვენ ის ქმნილება გვაჯადოებს მხოლოდ, რომელსაც
უფალმა სული ჩაუდგა და ხორცი შეასხა." 


ტარტიუფი, ანუ ფარისეველი:
"რომ აეხდება ფარდა, აი, ცოდვა ის არის,
რაც ჩუმად ხდება იგი ცოდვად არ ჩაითვლება." 

მთარგმნელი: გივი გეგეჭკორი

Monday, November 16, 2015

შენ სივრცეებმა დაგიბინადრეს - შენ უკვდავების ხარ ბინადარი!


"ეს რიგზე ჩაწყობილი, მშვენივრად მორთული სახლები, ეს ფანჯრები, ეს სურნელება, მთვარე, რომელიც ცაზე გაყინულა, გადაგაფრენს უცხო სამყაროში, სადაც არც მხიარულებაა და არც მოწყენა - არის მხოლოდ უსიტყვო პოეზია, ბუნებრივი და ჩუმი."-გალაკტიონი


17 ნოემბერი  !

 ამ დღეს დაიბადა ჩვენი გიგანტი, უუზარმაზარი, ბუმბერაზი პოეტი- გალაკტიონი!
ალბათ, ერთ-ერთი უდიდესი ბედნიერება ქართველობის და ქართული ენის ცოდნისა ისაა, რომ შეგიძლია ეზიარო იმ საოცრებას, რასაც გალაკტიონის შემოქმედება ჰქვია. ხოლო უარყოფითი რამ, რაც დიდ პოეზიას შეიძლება ჰქონდეს, არის ის, რომ მისი თარგმნა (ხშირ შემთხვევაში) შეუძლებელია. ამ მხრივ, სამწუხაროდ, გალაკტიონის ლექსებიც "დაგვეჩაგრა".  შეუძლებელია გალაკტიონის პოეზია თარგმნო სხვა ენაზე ისე, რომ მთლიანად შეინარჩუნო ის საოცარი ჟღერადობა, მუსიკა, რიტმიკა და განცდები, რაც მის ლექსებშია. რაღაც დიდი მაინც იკარგება თარგმნისას და ყველაზე მეტად ამის გამო მწყდება გული... რა პოეტი გვყავს! როგორი გენიაა, როგორი დიდია მისი შემოქმედება (!) და ამ ყველაფრის გაგება მხოლოდ ქართველებს შეგვიძლია. ეს არის ერთდროულად უდიდესი ბედნიერებაც და მწუხარებაც, რადგან ქართველებს შეგვიძლია ამ საოცრებას ვეზიაროთ, უცხოელი, ქართული ენის არმცოდნე კი ამას ვერასდროს ეზიარება, ვერასდროს გაიგებს. გალაკტიონი ჩვენი პოეტია, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, შევიგრძნოთ მისი ლექსთა წყობის საოცრება და ენერგეტიკა.მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრით აღფრთოვანება და ამაღლება... ამიტომ, დააფასეთ! გიყვარდეთ ! და იბედნიერეთ! ! !











პ.ს. საბედნიეროდ, მე ბავშვობიდან და გალაკტიონის შემოქმედებიდან მოვდივარ. მადლობა დედას, რომელმაც პირველად მაზიარა გალაკტიონის შემოქმედებას ბავშვობაში და მადლობა გალას, რომ ის და მისი პოეზია ჩემი მეგზური გახდა, ჩემი "სულიერების აღმზრდელი". ხო... ბავშვობიდან და გალაკტიონის შემოქმდებიდან მოვდივარ... და უჰ...უჰ... როგორი ბედნიერებაა ყოველივე ეს!  




"მოხდება ხოლმე, ცა მიზიდავს
განუსაზღვრელი,
ვარსკვლავთა შორის, სხივთა ტბაში
არა მყავს ტოლი.
ვბრძანებ: ტყის შქერში გაჩუმდება
ნიავი ნელი.
ვიტყვი და თრთოლვად გადიქცევა
ვერხვის ფოთოლი.
მზე ჩემთვის ბრწყინავს და მეფე ვარ
ყოვლისმოქმედი,
არე-მიდამო ნეტარების
ცრემლით ივლება,
ჩემს ხელში არის მაშინ ჩემი
მძვინვარე ბედი,
ქვეყნად ყოველი არსის სული
მემორჩილება.
ეს მაშინ არის, როცა აზრი
მიჰქრის შორს, შორს, შორს
და ლტოლვა გულში დაგუბული
ეძლევა შვებას,
ირგვლივ ვერ ვხედავ ჩემს თანაბარს
და ვისმეს ჩემს სწორს,
რომ ამგვარადვე ეძლეოდეს
ტკბილ-ნეტარებას.
ვხედავ, მიფრინავს იქ, სადღაცა
ნისლი უსახო,
ვგრძნობ, რომ მის ტალღას, ერთხელ ჩემს მძლევს,
გააპობს მკერდი,
ო, უძლეველო დიდო წამო
შემოქმედების,
ეხლა ყველაფერს... ყველაფერს ვქმნი
ახალი ღმერთი!"

"ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა

და ყვავილები გიიადონა.
შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო,
სულო, ჭაობზე უნოტიესო.
იდუმალია ჩვენი სერობა
და ღამეების ალმაცერობა,
რომ ოცნებები ცეცხლით გალესო,
სულო, იმ ცეცხლზე უმხურვალესო.
დღეთა სინაზესედება კორძი...
ესე არს სისხლი, ესე არს ხორცი
და იდუმალი ლოცვა ბაგისა,
სულო, ლაჟვარდზე უსპეტაკესო.
ვარსკვლავი იგი - ფიქრთა საგანი -
ერთი უმრავლეს ვარსკვლავთაგანი,
აელვარდება ცაზე ოდესმე,
სულო, დემონზე უბოროტესო!"

"....

სიმკაცრით შეხედავს საშვენი
თვალები შეკრული კამარის:
ჯვარ ეცვი თუ გინდა! საშველი
არ არის! არ არის! არ არის!
დაჰქრიან უდაბნოს ქარები,
მტანჯავენ, და ვიცი,გახსოვარ!
სამ,რეკლოს ანგრევენ ზარები...
წმინდაო, წმინდაო მაცხოვარ!
გრიგალთა სადაურ შებერვას
მისდევენ ფოთლების შვავები...
თებერვალს უხმობენ, თებერვალს,
სამრეკლოს ზარიდან ყვავები!
და ვიცი...ღელვაა საგანი
როდესაც ღამეა უკუნი,
და ჩემი მდუმარე საკანი,
და ცეცხლის მფარველი გუგუნი.
ერთგვარად მიიტანს ამ სახის
ლოცვისთვის ზმანებამტკივანი:
გაზელებს _ მგოსანი სასახლის,
ხელთათმანს _ სასახლის მდივანი."

"სურნელება ძველისძველი

ექსოვება ნიავებს,
პოეზიის ლაჟვარდ ცრემლით
სველი დაფნის ფოთოლი.

და ოცნება მოგონებას

იით მოაიავებს,
როს მეომარს შუბლს უმშვენებს
ნელი დაფნის ფოთოლი.

ნილოსის გველს უარესი,

მისი შხამის იავებს,
უფრო მძაფრად დაწურული
მწველი დაფნის ფოთოლი.

და ხანჯალით ხშირად ფარულ

მიზანს ულოლიავებს,
ოდეს ხედავს პოეზიას
ნელი დაფნის ფოთოლი."

"ცეკვაში თითქო ფრთებია

შენი ხელების მტევნები;
მე თვალს გადევნებ,
მე მხოლოდ ოცნებით დაგედევნები…

ახალგაზრდობა შენს ირგვლივ

ფერად ფერხულში ჩაება,
შენთვის უცხოა დარდი და
გულგამყინველი ვაება.

ახალგაზრდობას შენს ირგვლივ

საამური აქვს მსვლელობა,
(სადღაც კი თვალებს აცეცებს
გულგამყინველი მკვლელობა).

ახალგაზრდობას, რომელმაც

შენ აღტაცება დაგარქვა,
არ განუცდია, რა არის
გულგამყინველი დაკარგვა.

და ფრთები, მხოლოდ ფრთებია

შენი ხელების მტევნები,
ეგ სიხარული, ეგ ღიმი,
ეგ ბაღი, ეგ შადრევნები.

სხვისთვის კი ბედმა არც ვარდი,

არც გაღვიძება ინება,
გიცქეტ და გულნაღვლიანად
წარსულზე გამეცინება,

რად ვერ ისწავლეს ღიმილი

და თავისთავის დანდობა,
საკუთარ ხელით რად მოჰკლეს
თავისი ახალგაზრდობა?

გიცქერ და ვფიქრობ, მზიანო,

გიცქერ და გულით ვევნები –
რომ ფრთები, მხოლოდ ფრთებია,
შენი ხელების მტევნები."

"გასწიე! ღამე ეშვება ზეწრად,

მწარედ შრიალებს ტყეთა კალთები,
მახლობელ დემონს იგრძნობ უეცრად
და შიშის ჩრდილით აკანკალდები.

იარე! გაჰყევ გზას შორით შორისს,

მაისთა ცეცხლი შენ არ გაოსებს,
მწუხარებათა ულევთა შორის
ისევე ხედავ ახალ ქაოსებს.

გაახელ თვალებს - იქნება გვიან,

დახუჭავ, მაინც ცა არ ენთება...
იარე, კაცი შენ აღარ გქვიან,
შენთვის არასდროს არ გათენდება.

რა უყავ შენს სულს, ოდესმე კეთილს,

ქვეყნად რომ სურდა ცეცხლის მოდება?
ეხლა იმავ სულს დაღლილს, დაფლეთილს,
დახედავ და არ შეგეცოდება.

იკივლებ მაშინ, მაგრამ არსიდან

არ გიპასუხებს უდაბურება,
იარე! გზები უშინაარსო
ისევ ბურუსით დაიბურება."

"...

ჰე, გაიღვიძე, ქარო ძლიერო,
გამოაღვიძე მიდამო მკვდარი,
გასწი, უამბე ადამიანებს -
ჩემი ოცნება მიუსაფარი;
და თუ მათ შორის აღმოჩნდა ერთი
უუშორესი თანამგრძნობელი,
ისიც დიდია მისთვის, ვისთვისაც
ზღვა-უდაბნოა მთელი სოფელი.
ჰე, გაიღვიძეთ, ტყისა ფოთლებო
და თუ ოდესმე დაღონებული
მოვიდეს აქ ის, ვისაც ვაებით
ჩემმა სიმღერამ დასწყვიტა გული,
უთხარით, რომ მას დიდხანს ველოდი,
დიდხანს ველოდი ყმაწვილურ ჟინით,
და ცივ სამარეს ამოვეფარე
ამ მოლოდინით!"

"როს დამვარდება ხელით სადავე,

გაქრება სული და სისადავე;
როს იმ ყვავილებს ცრემლებს ვათოვებ,
გთხოვ: სასიკვდილოდ ნუ მიმატოვებ.

როს გამიმეტებს ჩემი დიდება

და საქართველოს გაბედითება,
როს წაერთმევა სუნთქვა იმედებს,
გთხოვ: შენი ხელი ნუ გამიმეტებს."

"ოჰ! ეს ფოთლები, ფენილი ქარით,

ეს მწუხარე და ნაზი ზმანება,
ეს ყვავილები, ეს ცა, მითხარით,
არავის თქვენგანს არ ენანება?

ჰაერი ოხრავს ფოთლების ფენით

ღონემილეულ მზის დაღალვაში
და ბილიკებზე წყნარი მოწყენით
დაბინდულ წყვილად მიდის ქალ-ვაჟი.

ცხოვრობდა ვინმე... გულში ფარული

უთრთოდა ციურ შუქთა კამარა:
ამქვეყნად სურდა მას სიყვარული,
მაგრამ ვერავინ ვერ შეიყვარა!


იყო მეორე: დასწვეს, დასდაგეს

ვნებებმა მისი მხურვალე გული.
როდესაც ვარდთა სისხლიან ბაგეს
ეწაფებოდა თვალდახუჭული.


ამ დღეებს მისდევს ჩუმი განდობა,

ფერფლდება თვალთა ბანოვანება
და ასე მჭკნარი ახალგაზრდობა
ნუთუ არავის არ ენანება?


ჰაერში ოხრავს ფოთოლთა ჩრდილი,

სწუხს ლაჟვარდების მსუბუქი ქაფი
და შემოდგომის გზებზე დაღლილი
მიდიან - გრეი და ზეინაბი. "

"სიცოცხლით სავსეს, ოცნებაში მყოფს,

ის თავისთავად შემომეპარა,
მე განთიადის სხივებს ველოდი,
მზეს კი ღრუბელი გადაეფარა.
მე მსურდა გრძნობით დავწაფებოდი
სიცოცხლის წყაროს, ტრფობით აღბეჭდილს...
ახ... არ ვიცოდი, თუ საწამლავი
ნორჩ კუკურშივე ჩაჰკლავდა ყვავილს!
როცა სიცოცხლე ძალას მაძლევდა
და სამოქმედოდ მიწვევდა მარად,
რას ვიფიქრებდი, თუ მოგონებაც
გადმექცეოდა ტანჯვად და შხამად?
ნაზ ქსელში გაბმულს, ოცნებაში მყოფს,
ის თავისთავად შემომეპარა,
დაჰქროლა რისხვით ქარმა სასტიკმა
და გაზაფხული თვალს მიეფარა."

"რომ მომცა ფრთები, ავფრინდებოდი,

გადავცდებოდი მე ბედის საზღვარს -
თავისუფლებას მივანიჭებდი
ფიქრთა ღელვას და გრძნობათ ნიაღვარს...

ზღვის ქარიშხალთან მძვინვარე ტალღებს

შევებმებოდი თვალდახუჭული,
რომ მომესმინა, თუ როგორ ისმის
საშინელ ხმაში მშვიდი ჩურჩული.

მწვანე მანტიით შემოსუდრულ მთებს,

სად დუმილს აფრთხობს ზეფირის ფრენა,
მივაშურებდი მე ბრძოლის შემდეგ,
დაღალულ სულს რომ იქ მოესვენა.

შუადღის სიცხით - მუხების ჩრდილქვეშ

გამიტაცებდა ოცნებათ ზოლი
და მოვისმენდი, თუ ჩუმად როგორ
ესაუბრება ფოთოლს ფოთოლი."

"მზიან ქარად იქცა ცქერა,

ქარის ბგერა იქცა ქნარად -
წყნარად, წყნარად, მწამს და მჯერა,
ბედისწერა გვიხსნის მარად.
..."















და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ... უსასრულოდ... ბევრია, ბევრი ასეთი საოცრება გალას პოეზიაში!




"მიდიხარ... შენს ბედს ბევრი ინატრებს,

მშვენიერს, ბედი სხვა არსად არის,
შენ სივრცეებმა დაგიბინადრეს -
შენ უკვდავების ხარ ბინადარი."


Thursday, March 13, 2014

ადამიანის ბუნება...

— პიანინოების ამწყობი ვარ. დაკვრა არ ვიცი, სმენა კი, იცოცხლე, სამი კაცისა მაქვს. სხვათა შორის, ძალიან დაუფასებელი პროფესიაა; გულმოდგინედ უკრავენ ტაშს შემსრულებელს და იმას კი არავინ გაიფიქრებს, ნეტავ ვინ მადლიანმა ააწყო ეს ინსტრუმენტიო. ეჰ, მე კი არა, ხანდახან კომპოზიტორიც კი არ ახსოვთ, იმის
ნაწარმოების შემსრულებელს კი მიხაკებს ესვრიან. ასეა, ვისაც თვალნათლივ ხედავენ, იმას აფასებენ, წინაპირობა კი — ესე იგი, კომპოზიტორი და სუულ ცოტათი მე — არავის ახსოვს... ეეჰ, არც ღირს სალაპარაკოდ. ახლა, თუ გინდა, პირდაპირობის პრობლემაც გადავსიჯნოთ, — შეცვალა თემა გრიშამ, — ზოგიერთი არაა პირდაირი, ესე იგი უშუალო, და სახეს განგებ ჭმუხნის — ვითომ მაგარია.
სხვათა შორის, ხშირად უმართლებთ კიდეც, ესაა გასაოცარი. აი, ვთქვათ, არსებობს ორი ადამიანი — ბე და ცე.
— ა და ბე რომ გეთქვა, ხომ არ აჯობებდა? — შეეკითხა დათა, ისიც კი ხანდახან უძალიანდებოდა გრიშას.
— ნუ მასწავლი, თუ შეიძლებოდეს, — აიმრიზა გრიშა, — ა ამ შემთხვევაში დამკვირვებელია, ესე იგი, მე.
— აა, — თქვა დათამ.
— ხოდა, იმას ვამბობდი, ძალიან ცუდი კანონი აღმოვაჩინე. თუ არსებობს ორი ადამიანი ერთნაირი ცოდნითა და განათლებით, მაგრამ, დავუშვათ, რომ ბე უჟმურია და ცე კი გულღია და ალალი, იცი, ვის აფასებენ უფრო მეტად?
— ვის?
— ბე-ს.
— რატომ?
— რატომ და ხალხს ასე ჰგონია, თუ ადამიანი სიტყვას დაგამადლის და ამპარტავნად მოგექცევა, მაგარიაო. ექიმია ერთი, მაგალითად; იმდენი არაფერი, მაგრამ ისე აქვს გართულებული ავადმყოფების მიღება და ისე ცივად ექცევა... რა ქვიათ?.. პაციენტები! ისე ცივად ექცევა პაციენტებს, რომ მთელი ქალაქი მიაწყდა — მაგარიაო... ეს ხომ ცუდია, დათა?
— ნამდვილად ცუდია.
— პირდაპირობის პრობლემა, არ დაგავიწყდეს, ერთ-ერთი ძნელთაგანია.
თუ გინდა, უფრო დაწვრილებით გადავსინჯოთ. მეშვიდე კლასში ვიყავი და ერთი ეპიზოდი შემემთხვა, დღესავით მახსოვს; ახლა ხომ ზღვაზე ვარ, ვისვენებ, ვცურაობ, აქეთ-იქით დავდივარ, ერთი, მეორე, თან რამდენი წელი გავიდა, — იო მოდო, იო მოდო ლა კაზა, — მაგრამ მაინც მახსოვს. მოგიყვები დალაგებულად: მეშვიდე კლასში რომ ვიყავი, ანატომიის მასწავლებელი მემტერებოდა, ამომიჩემა რაღაც. რომ მოვიდა გამოცდა, გამომიძახა და ბილეთზე, ჰა, ჰა, გაჭირვებულ სამიანზე ვუპასუხე. სხვას კი დაუწერდა ნიშანს, მაგრამ ჩემზე გადაკიდებული იყო და მითხრა: მაშინ, აბა, კეჟერაძე, ერთ დამატებით კითხვას მოგცემო. რა უნდა მექნა, მივაჩერდი სახეში... გადმოიღო თაროდან ერთი სქელი წიგნი, გადაშალა შუაზე და მითხრა: აბა, კარგად დააკვირდი და მითხარი, ქალია თუ კაციო, მოსაფიქრებლად ორ წუთს გაძლევო — და წარწერას ხელი დააფარა.
ვუყურებ სურათს — ვიღაცაა დახატული, წვერები აქვს გულამდე, თავი აქვს მოტიტვლებული, სათვალეშია. დავფიქრდი... ვფიქრობ ახლა, კაცი რომ იყოს, ამას რა გამოცნობა უნდა და თანაც ჩაჯინებულია ჩემზე მასწავლებელი და ასეთ ადვილ კითხვას არ დამისვამდა და... ქალია-მეთქი. რა გაეხარდა! — შე სულელოო, მითხრა, სად გაგიგია ქალი და ამხელა წვერ-ულვაშიო — და კალმისტარს წაატანა ხელი. აბა, ესაა — პირდაპირობა რომ გამომეჩინა, ხომ ავცდებოდი მაშინ საშემოდგომოს? ახლა კი მეცინება ამ ამბავზე, მაგრამ საფუძველი მაინც ჭკუის სასწავლებელია — პირდაპირი უნდა იყო. არაა ასე, დათა?
— როგორ არაა, — დაეთანხმა დათა.

"იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი"

Monday, January 13, 2014

https://www.youtube.com/watch?v=gT8m3C6asw0&feature=youtube_gdata_player

Thursday, August 8, 2013

წერილი ღმერთს...


შუაღამე იდგა.


საბჭოთა არმიის ერთი ნაწილი სასტიკი ბრძოლისთვის ემზადებოდა. სიჩუმეში საყვირის ხმა გაისმა. ეს შეტევაზე გადასვლის ნიშანი იყო. უფრო კი - სიკვდილთან შესახვედრად უხმობდა მეომრებს. საყვირის ხმაზე ჯარისკაცები წამოიშალნენ. მათ შორის იყო ალექსანდრე ზაცეპაც. ალექსანდრესთვის ეს შეტაკება პირველი როდი იყო, მაგრამ ახლა გული სულ სხვაგვარად უცემდა, თვალი სხვას ხედავდა და სიტყვებიც ისეთი მოსდიოდა, აქამდე რომ არ იცოდა და არასოდეს წარმოეთქვა... იმ ღამით, ბრძოლაში გასვლის წინ, ღმერთმა წყალობით მოხედა მას, გონების თვალი აუხილა და გული გაუხსნა; წუთისოფლის ამაოება, სიცრუე და მარადიული ღმერთის დიდებულება უჩვენა. საოცარ სიხარულს და ტკივილს ერთდროულად გრძნობდა. განახლებული გული განცდილს ვეღარ იტევდა. ჯიბეებში საწერ-კალამი და ფურცელი მოიჩხრიკა და წერა დაიწყო. დრო აღარ ჰქონდა. მისი სიცოცხლე მთავრდებოდა. უნდა მოესწრო.



ეს ამბავი მეორე მსოფლიო ომის მძვინვარებისას, 1944 წელს მოხდა. იმ შეტაკებაში თითქმის ყველა დაიღუპა. გამთენიისას სანიტარულმა ინსპექტორმა, რომელიც დაღუპული მეომრების გვამებს ათვალიერებდა, ერთ-ერთის ფარაჯაში ფრონტისეულად გაკეცილი სამკუთხა ბარათი ნახა. ჯარისკაცს იგი ფარაჯის გარეთა ჯიბეში ჩაედო, ალბათ იმ განზრახვით, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ბარათს იოლად იპოვნიდნენ. დაღუპული ალექსანდრე ზაცეპა იყო. ბარათზე კი სიცოცხლის ბოლოს, თავის გულში აღმოჩენილი ღმერთისთვის ნათქვამი ეწერა.



მისმინე ღმერთო…
არცერთხელ ჩემს ცხოვრებაში შენთან არ მისაუბრია, მაგრამ დღეს მინდა სალამი მოგიძღვნა. შენ იცი, ბავშვობიდანვე სულ ამას მეუბნებოდნენ, რომ შენ არა ხარ, და მე სულელმა, ეს დავიჯერე. შენს ქმნილებათა მჭვრეტელი არასოდეს ვიყავ, და აი, ღამით, კრატერიდან, ხელყუმბარამ რომ ამოგლიჯა, ვუყურებდი ვარსკვლავიან ცას, თავს რომ მეკიდა, და ამ ციმციმით აღტაცებული უცბად მივხვდი, რა საშინელი შეიძლება იყოს სიცრუე.



არ ვიცი ღმერთო, გამომიწვდი კი ხელს ? მაგრამ ერთს გეტყვი, შენ მე გამიგებ. საკვირველია, ამ ჯოჯოხეთში გული განათდა და შეგიცანი. ამის გარდა კი არაფერი მაქვს სათქმელი.



და კიდევ ერთი - მიხარია, შენ რომ გიხილე. შუა ღამისას იერიშზე უნდა წავიდეთ. არ მეშინია, შენ ჩვენ გვიყურებ. მესმის საყვირი. წასვლის დრო დადგა. რა კარგი იყო აქ, შენთან ყოფნა. ამასაც გეტყვი: შენ უწყი, თუ რა სასტიკი იქნება ბრძოლა; და შეიძლება, რომ დღესვე ღამით შენს კართან დავდგე…



თუმცა აქამდე შენს მეგობრად არ ვითვლებოდი, დამრთავ მე ნებას შენთან შემოსვლის, როცა კი მოვალ ?



მგონი ავტირდი… ღმერთო, ხომ ხედავ, რაც მოხდა ჩემს თავს - შენ შეგიცანი. მშვიდობით ღმერთო - მივდივარ, და არ მგონია უკან დავბრუნდე; უცნაურია - ახლა სიკვდილის არ მეშინია.



სიცოცხლის ბოლოს ღმერთის აღიარებით, რუსი ჯარისკაცი ალექსანდრე ზაცეპა მონანულ ავაზაკს მიემსგავსა, რომელიც „აღასუბუქნა მეცნიერებამან ღმრთისმეტყველებისამან“.



„მომიხსენე მე უფალო ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“, - ასეთი გულშემუსვრილებით ითხოვა ავაზაკმა. „თუმცა აქამდე შენს მეგობრად არ ვითვლებოდი, დამრთავ მე ნებას შენთან შემოსვლის, როცა კი მოვალ?“ - ამბობს ბოლო წუთებში ალექსანდრე ზაცეპა. და სიკვდილის აღარ ეშინია, რადგან შეიცნო. შეიცნო და მისი სული განათდა. განათდა იმედით, სიყვარულით - ღვთისადმი სიყვარულით, რომელმაც მისი გულიდან სიკვდილის შიში განდევნა.




მინაწერი:



ეს წერილი ფრონტზე ხელიდან ხელში გადადიოდა. იმ ჯოჯოხეთურ დღეებში მრავალი სულისთვის ჭეშმარიტების შეცნობის საწინდარი გახდა და შესაძლოა, დღესაც, ყოველ სულში დრომდე დაფარულის გასაღები აღმოჩნდეს. 

ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე


წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

უმეცრება
ძნელი არაა, ასწავლო ცხოველს, ძნელი არაა, ასწავლო უბრალო ადამიანს, მაგრამ რა ძნელია, ასწავლო უვიცს, რომელიც უკვე მასწავლებელი გახდა!

სისუსტე
დანაშაული ყოველთვის სისუსტეა. დამნაშავე მხდალია და არა გმირი; ამიტომ მას, ვინც გაწყენინებს, უყურე ისე, როგორც შენზე სუსტს; როგორც პატარა ბავშვს სამაგიეროს არ გადაუხდი, ასევე ნურავის მიაგებ სანაცვლოს; რამეთე იგი ბოროტებისგან კი არა, სისუსტისაგან იბადება. ასე შეინარჩუნებ ძალას და მიემსგავსები წყნარ ზღვას, რომელიც არასოდეს გადმოვა ნაპირებიდან, რათა დაახრჩოს უგუნური, რომელიც მას ქვებს ესვრის.

პატივმოყვარეობა

რამდენადაც ჭკვიანად წარმოაჩენ საკუთარ თავს ადამიანების წინაშე, იმდენად უგუნური ხდები საკუთარი თავის წინაშე. რაც მეტად ამაყობ შენი მოჩვენებითი ღირსებებით სხვების წინაშე, მით მეტად ჩანს შენი უმწეობა და ნაკლოვანება.
ერთი ჯარისკაცი უამბობდა მეგობარს, რომ ყოველთვის, როცა იგი თავის ქებით აღწერდა თავის საბრძოლო გამარჯვებებს და საკუთარ გმირობებს, მის წარმიდგენაში მეყსეულად ცოცხლდებოდა ყველა მისი დამარცხების სურათი და სიმხდალის გამოვლინების ყველა შემთხვევა.

ბუნების სიმშვენიერე
სამყაროს მთელი მშვენიერება უზენაესი საიდუმლოებიდან ამოდის. ამის გარეშე ბუნება წამითაც ვერ შეინარჩუნებდა იმ მშვიდ, უბიწო მშვენიერებას, რომელსაც იგი ასხივებს.
ქმნილი ბუნება ღრუბელია, რომელიც ფარავს ღვთაებრივი ცეცხლის დამაბრმავებელ ბრწყინვალებას. ამ ღრუბლის გამჭვირვალეობა ანდა შეუღწევადობა ჩვენს სულიერ ხედვაზეა დამოკიდებული; ნატიფი და მაღალი სულისათვის იგი დახვეწილი და გამჭვირვალეა, უხეშისათვის კი - ბნელი და შეუღწევადი.

უმწეობა
ზოგჯერ ადამიანი თავის უძლურებას ფარავს მათგან, ვისაც იგი უყვარს, რათა მათ არ ითაკილონ. ფარავს მათგანაც, ვინც მას აქებს, რათა მათ არ აძაგონ იგი.
იგი ორგზის ცდება: ჯერ ერთი, არ ესმის, რომ, თუკი თვითონ გაამხელს საკუთარ სისუსტეებს, მათ ნაკლებად არ ეყვარებათ და ნაკლებად არ შეაქებენ. როდესაც სხვა ადამიანები მის სისუსტეებს აღმოაჩენენ, მაშინ აუცილებლად ითაკილებენ და აძაგებენ მას. მეორეც, მას ავიწყდება, რომ არსებობს თვალი, რომელმაც მის შესახებ ყველაფერი იცის და ყველაფერს ხედავს.
ამიტომ უკეთესია, ნაკლოვანებები მანამდე გავამხილოთ, სანამ ისინი ჩვენზე სრულ ძალაუფლებას მოიპოვებენ და სხვებისთვისაც შესამჩნევნი ხდებიან. რამეთუ ახალგაზრდობაში ძაგების გადატანა უფრო ადვილია, ვიდრე სიბერეში.

თანასწორობა
ღმერთი სიყვარულია, მაგრამ ეს თანასწორობას როდი ნიშნავს; თანასწორობა განდევნიდა სამართლიანობასაც, სიყვარულსაც და ზნეობასაც.
არის თუ არა ცოლქმრული სიყვარული თანასწორი?
არის თუ არა დედაშვილური სიყვარული თანასწორი?
განა მეგობრების სიყვარული თანასწორია?
ღვთისა და ადამიანის სიყვარულის თანასწორობის არარსებობა სამართლიანობის საფუძველია და სიყვარულის გამაღვივებელი.
სანამ სიყვარული არსებობს, თანასწორობაზე არავინ ფიქრობს.
სანამ სამართლიანობა მეფობს, თანასწორობა არავის ახსოვს.
როდესაც სიყვარული ქრება, ადამიანები საუბრობენ სამართლიანობაზე და თანასწორობას გულისხმობენ.
როდესაც სიყვარულთან ერთად თანასწორობაც ქრება, იწყებენ თანასწორობაზე საუბარს და უზნეობას გულისხმობენ, ანუ განდევნილ ზნეობას ბიწიერებას უნაცვლებენ.
სიყვარულის საფლავზე სამართლიანობა ამოიზრდება, სამართლიანობის საფლავზე კი - თანასწორობა.

ნუ ენდობი ბედნიერებას
თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას.
თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.
როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა, ღირსეულად გადაიტანო ძაგება.
და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს.